ხელისუფლება ფასების შემცირების რესურსზე საუბრობს და ყურადღებას ქართულ პროდუქციასა და მაღალ ფასნამატზე ამახვილებს
„საქართველოში ბიზნესი თავისუფალი საბაზრო პრინციპებით მოქმედებს, თუმცა სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ფასების შემცირების მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმა შესაძლებელია“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებული სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომელსაც ქართველი მწარმოებლები ესწრებოდნენ.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რომლებიც ქართულ წარმოებას შიდა ბაზარზე რეალიზაციის პროცესში ექმნება, განსაკუთრებით ქსელურ მარკეტებთან და დისტრიბუციის რგოლთან ურთიერთობისას. მისი თქმით, პირველადი ანალიზის მიხედვით, მოქმედი „თამაშის წესები“ გარკვეულწილად ხელს უშლის ადგილობრივ მწარმოებლებს საკუთარი პროდუქციის ეფექტიანად განთავსებაში.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ფასნამატი, რომელიც პროდუქციას საქართველოს საზღვრიდან თარომდე ედება, დაახლოებით 86 პროცენტს შეადგენს და მასში არ შედის არც იმპორტის გადასახადი და არც დღგ. პრემიერის შეფასებით, ეს არის დისტრიბუციისა და საცალო ვაჭრობის დონეზე წარმოქმნილი „სუფთა ფასნამატი“, რომელიც საკმაოდ მაღალია. მისივე თქმით, ევროპის ქვეყნებში საბითუმო და საცალო ფასებს შორის სხვაობა, როგორც წესი, 20–30 პროცენტს არ აღემატება, რაც მიუთითებს, რომ ფასების შემცირების სივრცე არსებობს, მათ შორის, ქართულ პროდუქციაზე.
კომისიის სხდომას 25-მდე ქართული მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში, სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში, ფარმაცევტული პროდუქციისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით დამატებითი შეხვედრები გაიმართება.
ფასებთან დაკავშირებული პროცესების საპარლამენტო დონეზე შესწავლის აუცილებლობაზე საუბრობს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი. მისი განცხადებით, საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნა, რომელიც სამთავრობო კომისიასთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოებულ ცალკეულ პროცესებთან ერთად, ფასწარმოქმნის ჯაჭვში არსებულ რეალობას შეისწავლის.
დავით მათიკაშვილის შეფასებით, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, საწვავსა და მედიკამენტებზე არსებული ფასები „ალოგიკურად დიდია“, ხოლო 86-პროცენტიანი ფასნამატი ლოგიკას ვერ უძლებს. მისი თქმით, ევროპული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ფასნამატის შემცირება შესაძლებელია და მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ბიზნესი აქტიურად არის ჩართული და ხელისუფლებასთან თანამშრომლობს.
სურსათის ფასებზე გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, რომელმაც აღნიშნა, რომ ქართველ მწარმოებლებთან შეხვედრაზე განიხილეს ის პრობლემები, რომლებიც მათ ქსელურ მარკეტებსა და დისტრიბუტორებთან ურთიერთობისას ექმნებათ. მისი თქმით, შეხვედრის მონაწილეები თანხმდებიან, რომ ფასების შემცირება შესაძლებელია.
ლევან ჟორჟოლიანმა ასევე ხაზი გაუსვა ქართული წარმოების ხელშეწყობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ არსებული გარემოდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში ადგილობრივ მწარმოებლებს პროდუქციის ექსპორტზე გატანა ურჩევნიათ, ვიდრე შიდა ბაზარზე რეალიზაცია. მისი თქმით, სწორედ ამ გარემოს გაუმჯობესებაზე მიმდინარეობს მსჯელობა, რათა ქართული პროდუქცია შიდა ბაზარზე უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს.