19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
ხელოვანის თვალით – წითელკაბიან ქალად წარმოსახული პარაზიტი არსება ტოვებს დედამიწას
By

ხელოვანის თვალით – წითელკაბიან ქალად წარმოსახული პარაზიტი არსება ტოვებს დედამიწას

ნათია იმნაიშვილი: 27 48 93

ხელოვნება ნიჭიერი ადამიანების მიერ სამყაროს შემოქმედებითი აღქმაა, რომელსაც ჩვენ გვიზიარებენ. ცხადია, რომ მათ სულ სხვანაირად შეუძლიათ რეალობის დანახვა, მოვლენების აღწერა და შეფასება. დღეს, როცა ახალი კორონავირუსის შემოტევის ფონზე გვიწევს ცხოვრება, თითქოს ყველაფერი შეიცვალა. ყველას გვესმის, რომ ძველებურად აღარაფერი იქნება. ყველას ერთნაირად გვიწევს გადარჩენაზე ფიქრი, რაღაცის დათმობა, თუმცა დადებითი მხარეც აქვს ყველაფერს.
როგორ ცხოვრობენ კორონავირუსის საფრთხის პირობებში ხელოვანები, რა პრობლემების წინაშე დააყენა ისინი რეალობამ და მიუხედავად ყველაფრისა, რას თვლიან პოზიტიურ ფაქტორად? ამ შეკითხვებზე თავად გვიპასუხებენ.
ელენე მჟავანაძე, ფოტოგრაფი:

-კორონავირუსის გავრცელებამ რადიკალურად შეცვალა ჩემი ყოველდღიურობა, შემიქმნა სტრესული გარემო და შემიზღუდა თავისუფლება, რაც ასე მნიშვნელოვანია, როგორც პიროვნულად ჩემთვის, ასევე ჩემი პროფესიისთვის. როგორც ფოტოგრაფს, მუდმივად მჭირდება მოძრაობა, ხალხთან ურთიერთობა, რაც მეხმარება მუზის პოვნაში. ახლა კი შემეზღუდა კარიერული განვითარება, რომელიც ასე მნიშვნელოვანი და საჭიროა. ამ რეალობაში დადებით მხარეს მხოლოდ ის ხელოვანები იპოვიან, რომლებსაც თავიანთი საქმის შესრულება სახლის პირობებშიც შეუძლიათ და ასეთ სიტუაციაში უფრო კონცენტრირებულნიც გახდებიან. სამწუხაროდ, ფოტოგრაფისთვის ვირუსი ძალიან დიდი დაბრკოლებაა. ვერ ვახერხებ იმის კეთებას, რაც ჩემს პროფესიასთანაა დაკავშირებული. შეიძლება ითქვას, ეს რეალობა მაიძულებს, რომ გავჩერდე, თუმცა როდემდე? ჯერ არც ვიცი.
რუსუდან ბაჩილავა, მუსიკოსი:

-კორონავირუსმა არა მარტო ჩემი სულიერი მდგომარეობა შეცვალა, არამედ მთლიანად მსოფლიოსი. მან ადამიანების ფსიქიკაზე ძალიან დიდი უარყოფითი ზემოქმედება მოახდინა. ვირუსზე რომ არაფერი ვთქვათ, სტრესი ადამიანში იმუნიტეტს აქვეითებს, დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანს კი უწყინარმა ავადმყოფობამაც შეიძლება დიდი პრობლემა შეუქმნას. აქედან გამომდინარე, ადამიანის იმუნიტეტი და ჯანმრთელობა მისი სულის სიძლიერეშია, სულის სიძლიერე კი ბედნიერებაში, ბედნიერება თავის მხრივ, ირგვლივ მყოფი ადამიანების სიყვარულშია. დედამიწას მხოლოდ სიყვარული, სიკეთე და სილამაზე გადაარჩენს. ჩემს მოსწავლეებს მუშაობის დროსაც კი სულ სიყვარულიკენ, მიტევებისკენ, სამართლიანობისკენ მოვუწოდებ. გვიყვარდეს ჩვენი დედამიწა, არ დავანაგვიანოთ. როგორც ჩვენს საცხოვრებელს ვუვლით, ისე უნდა მოვუაროთ ჩვენს ეზოს, ქალაქს და საერთოდ, ბუნებას. პანდემიის გამო სახლში დარჩენას გვთხოვენ. გიტარაზე დაკვრას ვასწავლი და კერძო გაკვეთილებს ვატარებ, რაც სურვილსა და მტერილურ საშუალებაზეა დამოკიდებული. ფინანსური პრობლემების გამო თითქმის აღარ ვატარებ კერძო გაკვეთილებს, მაგრამ გამონაკლისს მაინც ვუშვებ სიკეთისთვის, იმისთვის, რომ ბედნიერება მივანიჭო ადამიანებს. მხოლოდ ჩემი აზრი არ არის ის, რომ მუსიკა ბედნიერების მომნიჭებელია შემსრულებლისთვისაც და მსმენელისთვისაც. ონლაინგაკვეთილები ახალი ფორმაა პედაგოგებისთვის. მე ჯერ კიდევ ვსწავლობ ენერგიის სწორად გადანაწილებას გაკვეთილის მსვლელობის დროს, ვაკონტროლებ ხმას, რადგან ძალიან ხმამაღლა გამომდის მოსწავლეებისთვის ინფორმაციის მიწოდება. ინტერნეტით სიტყვები, ბგერები დროულად და სიზუსტით არ ისმის. ეს ორმხრივ დაძაბულობას იწვევს, მაგრამ ვმუშაობ საკუთარ თავზე. ნელ-ნელა უკეთესობას ვაღწევ, რადგან ყოველ მომდევნო ჯერზე უფრო საინტერესო და ხალისიანი გამომდის გაკვეთილი. დღევანდელი რეალობის დადებითი მხარე ისაა, რომ მეტი დრო გრჩება საკუთარი თავისთვის, განათლებისთვის, შემეცნებისთვის, ანალიზისთვის, გლობალურ საკითხებზე ფიქრისთვის. . . და მაინც, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მეტი დრო შეგიძლია დაუთმო ოჯახის წევრებს, გულში ჩაიკრა შვილი, იზრუნო მის განწყობაზე, სულიერ მდგომარეობაზე, ჯანმრთელობაზე. ცუდი კი ისაა, რომ მომენატრა ბუნებაში, ბათუმის ქუჩებში თუ სანაპიროზე ლაღად სეირნობა, საყვარელ ადამიანებთან დროის გატარება, სამსახურში, კონკრეტულად კი მუსიკალურ ცენტრში, გუნდის დირიჟორთან და მის წევრებთან საგუნდო ხელოვნების ნაწარმოებზე მუშაობა. მენატრება სილაღე, თავისუფლება, უშიშრად ყოფნა მთელი მსოფლიოსი. მთავარია, სულით არ დავეცეთ, სიყვარული, სიკეთე არ დაგვავიწყდეს და ვერაფერი მოგვერევა.
ნუცა დუჩიძე, მხატვარი:

– სახლში ჩაჯდომამ გარდა იმისა, რომ ამომაგდო ჩვეული რიტმიდან, ზედმეტად დამოკიდებული გამხადა სოციალურ ქსელზე, რადგან გარე სამყაროსთან ურთიერთობის მხოლოდ ეს გზა დარჩა. რა თქმა უნდა, არ მომწონს გაურკვევლობა, ახლობლების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შიში, მონატრება, მაგრამ სხვა გზა არ არის, უნდა შევასრულოთ ყველა მითითება იმისთვის, რომ უმტკივნეულოდ გადავიტანოთ ეს ამბავი. თუ კაცობრიობა შეძლებს ამ ვირუსის დამარცხებას, ხომ კარგი, თუ არადა, ალბათ მოგვიწევს მასთან ერთად ცხოვრება, აბა, სულ ხომ არ გამოვიკეტებით სახლებში?! ჩემს პროფესიაზე ნამდვილად იქონია გავლენა დღევანდელმა რეალობამ, თუმცა ამ პერიოდში რამდენიმე ნატურმორტი დავხატე და სოციალურ ქსელშიც გამოვაქვეყნე. შენიშვნებიც მივიღე, ბევრმა მითხრა, რომ ჩემთვის უჩვეულოა ეს ახალი ფერები, ადრე სულ მზიანი ნახატები გქონდაო, ალბათ განწყობის შესაბამისი გამომივიდა. კორონავირუსის დახატვაც შემომთავაზა ჩემმა მეგობარმა. ვთქვი, რატომაც არა და დავხატე ღამის, ჩაშავებული, ქალაქი, ოღონდ არა საქართველოში. ამ სურათზე ლამაზი ქალი, წითელ მოკლე კაბაში, თავზე გვირგვინით, ქუჩაში მარტო მიდის და ქალაქს ტოვებს. ვისურვებდი, ასე ლამაზად გაგვესტუმრებინოს დედამიწიდან ეს პარაზიტი არსება. ცუდია ის, რომ ვერსად იშოვი საღებავს და ტილოს, აიკრძალა ონლაინგაყიდვებიც. არადა, ახლა ისეთმა ადამიანებმაც დაიწყეს ხატვა, არასდროს რომ ამის სურვილი არ გასჩენიათ. საღებავების მარაგი რომ არ მქონდეს, ვერაფერსაც ვერ დავხატავდი. პრაქტიკულად, შეუძლებელია სადმე მათი ყიდვა. დადებითი მხარეც არის, მეტი დრო გაქვს, არსად გეჩქარება, იდეაც უამრავია და შეასძლოა სხვა სიმაღლეს მიწვდე.
უჩა ასამბაძე, ფოტოგრაფი:

-გაჩერდა ყველაფერი და ეს როგორც ყველას, მეც შემეხო. ირგვლივ უმუშევრობაა. თუმცა, რაც არ უნდა იყოს, ჩემი პროფესია ყოველთვის ჩემში, ჩემს გულში იქნება. კარგია ის, რომ დასვენებული გონებით, ახალი იდეებითა და შემართებით გააგრძელებ საყვარელ საქმიანობას, როცა ამის შესაძლებლობა იქნება. ძალიან ცუდია ის, რომ ადამიანები არიან შეშინებულები. მოვუწოდებ მათ, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და ნაკლები იფიქრონ ცუდზე. ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ!

  • No Comments
  • აპრილი 9, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *