ხელოვნება და ახალგაზრდა თაობა – ზეგავლენა, შთაგონება, თვითგამოხატვა
By

ხელოვნება და ახალგაზრდა თაობა – ზეგავლენა, შთაგონება, თვითგამოხატვა

დღეს ხელოვნება ახალგაზრდების ცხოვრებაზე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, თუმცა ხშირად შეუმჩნეველი, გავლენის მქონე სფეროა. ის ყველგან გვხვდება – გზაში მოსმენილ მუსიკაში, ნანახ ფილმებსა და სპექტაკლებში, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ნახატებსა და ფოტოგრაფიაში, წიგნებში, რომლებიც ემოციებს გვიჩენს და აზროვნებას გვიცვლის. ზოგჯერ არც კი გვახსოვს, როგორ ახერხებს ხელოვნება ჩვენი განწყობის, შეხედულებებისა და სამყაროს აღქმის ფორმირებას, მაგრამ იგი ყოველდღიურად მოქმედებს ჩვენზე.

ახალგაზრდებისთვის ხელოვნება ხშირად ყველაზე ხელმისაწვდომი და უსაფრთხო სივრცეა, ადგილი, სადაც ისინი თავისუფლად გამოხატავენ საკუთარ ემოციებს, ეძებენ პასუხებს, უჩნდებათ ახალი იდეები და უკეთ ეცნობიან საკუთარ თავსაც. მუსიკა მათთვის ამბობს იმას, რისი სიტყვებით გამოხატვა, უჭირთ, ფილმები აცნობენ უცხო გამოცდილებებს, ლიტერატურა ეხმარება ემოციების გააზრებაში, ხოლო თეატრი – სამყაროს სხვა კუთხით დანახვაში.

იმის უკეთ გასაგებად, თუ რა როლს თამაშობს ხელოვნება დღევანდელი ახალგაზრდა თაობების განვითარებაში, გადავწყვიტე, მომესინა ჩემი თანატოლებისთვის – რაზე ამახვილებენ ყურადღებას, რა უყვართ, რას კითხულობენ, რას უსმენენ და როგორ მოქმედებს ხელოვნება მათ ყოველდღიურობაზე.

 

თაკო სააკაშვილი:

ხელოვნება მეხმარება სტრესის დამარცხებაში, განტვირთვასა და საკუთარი თავის შეცნობაში. ის ჩემს გემოვნებას აყალიბებს, მეხმარება ახალი იდეების მოფიქრებაში და მაძლევს შთამაგონებელ ენერგიას. ვკითხულობ მხატვრულ, მათ შორის დეტექტიურ ლიტერატურას, ეს ჩემს ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებს და პროფესიულ განვითარებაშიც მეხმარება.

ლინდა ფუტკარძე:

ხელოვნება ჩემს ცხოვრებას ფერებს მატებს, უფრო მშვიდად ვგრძნობ თავს, როცა სხვადასხვა ხელოვანის ნამუშევრებს ვუყურებ – ყოველდღიური სტრესი მცირდება. მუსიკიდან ჰარდბეისის ჟანრს ვუსმენ, რადგან ენერგიულია და ჩემს განწყობაზე ძალიან კარგ გავლენას ახდენს. მიყვარს ფსიქოლოგიური ლიტერატურა, რადგან ყოველთვის მაინტერესებდა ადამიანების ხასიათები, ქცევები და ემოციები.

 

ანა დიასამიძე:

ხელოვნება ჩემთვის სამყაროს აღქმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალებაა. ის მეხმარება, გავიგო ჩემი ემოციები, ადამიანები და გარემო. გვასწავლის, რომ ჩვეულებრივ დეტალებს სხვა კუთხით შევხედოთ. მუსიკის არჩევა ჩემს განწყობაზეა დამოკიდებული, თუმცა ხშირად ვუსმენ კლასიკურ და ალტერნატიულ მუსიკას. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ ფსიქოლოგიას, ქართულ და უცხო თანამედროვე პროზას და თვითგანვითარებას.

 

ხატია ხიმშიაშვილი:

ხელოვნება ჩემთვის სივრცეა, სადაც დიდი დატვირთვა განტვირთვად იქცევა – განსაკუთრებით ინტენსიური სწავლების პერიოდში. მუსიკა და ლიტერატურა ემოციურ ბალანსს მიმყარებს და კონცენტრაციას მიღრმავებს. ხშირად შთაგონებასაც მაძლევს. ინსტრუმენტულ და კლასიკურ მუსიკას ვუსმენ, ხოლო წიგნებიდან ფსიქოლოგიურ ჟანრს ვირჩევ, რათა ადამიანის შინაგანი სამყარო უკეთ გავიგო.

თამუნა ხილაძე:

ხელოვნება ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს, მას მოაქვს შთაგონება, სიმშვიდე და მეხმარება ემოციებთან გამკლავებაში. მუსიკაში თბილ და ნაზ სიმღერებს ვუსმენ, რაც მეხმარება დავმშვიდდე. ლიტერატურიდან ყველაზე მეტად რომანტიკული ჟანრი მიყვარს – ისტორიები, სადაც ემოციებია, ურთიერთობები და ცხოვრებისეული დეტალები, ბევრ რამეზე სხვაგვარად დამაფიქრებს.

გვანცა ლოხიშვილი:

ხელოვნება ჩემთვის სარკეა, რომელიც აჩვენებს იმას, რასაც ზოგჯერ სიტყვებით ვერ ვამბობ. მუსიკა ჩემს განწყობას მართავს, იქნება ეს სიმშვიდე, ენერგია თუ მოტივაცია. ძალიან მიყვარს დეტექტიური წიგნები, ისინი არა მხოლოდ გასართობია, არამედ დამაფიქრებელიცაა, თეატრი კი ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. დრამატული თეატრი და მიუზიკლები ჩემთვის ემოციების გადმოცემის უშუალო, ცოცხალი წყაროა.

 

ჩემი თანატოლების პასუხებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ხელოვნება ახალგაზრდებისთვის მხოლოდ თავისუფალი დროის გატარების საშუალება არ არის. მუსიკა ეხმარებათ, საკუთარ ემოციებში გაერკვიონ, ლიტერატურა – აზრის მასშტაბურობაში, თეატრი – სამყაროს სხვა თვალით დანახვაში. ხელოვნება მათთვის სივრცეა, სადაც შეუძლიათ თავი გამოხატონ, განიტვირთონ და საკუთარი შინაგანი სამყაროც უკეთ გაიცნონ.

ქეთი დიასამიძე,

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი

 

 

 

 

 

 

  • No Comments
  • იანვარი 14, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *