19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
ხელფასები იზრდება, ინფლაცია მატულობს, პანდემია კი უკვე მეხუთე ტალღაზე გადის
By

ხელფასები იზრდება, ინფლაცია მატულობს, პანდემია კი უკვე მეხუთე ტალღაზე გადის

ხატია იაშვილი 27 48 93 –

პანდემიის ფონზე გაუარესდა სოციალური ფონი. მოსახლეობის უმეტესობა დიდ გასაჭირშია ჩავარდნილი, როგორც ფინანსურად ისე ემოციურად. უმუშევრად დარჩნენ მძღოლები, პარიკმახერები, ზოგადად, მომსახურების სფეროს წარმომომადგენლები. ვერ შეიტანეს ოჯახებში ფული იმ ადამიანებმაც, თურქეთში ყოველდღიური გადასვლით რომ რჩებოდათ ორიოდ თეთრი. დაცარიელდა მაღაზიები სოფლებსა და დაბებში, სადაც ვეღარ შეაქვთ საყოფაცხოვრებო საქონელი. ერთი სიტყვით, ყველას შეეხო პანდემიის გამო შემოღებული შეზღუდვები. ყველა ასპექტს აქ ვერ განვიხილავთ, მაგრამ მოსახლეობის უმეტესობა რომ იმაზე უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე პანდემიამდე იყო, ფაქტია. ამას არ სჭირდება გამოთვლები თუ ექსპერტთა დადასტურება. საკმარისია საზოგადოებრივ ტრანსპორტში (როცა მუშაობს) დაუგდოთ ყური მგზავრების საუბარს და მაშინვე გახდება ნათელი, რას ფიქრობს მოსახლეობა, რა უჭირს და ულხინს. ამ გადასახედიდან, ცოტა უცნაური ჩანს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობა, რომლის მიხედვითაც 2021 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.5 პროცენტით (177.9 ლარით) გაიზარდა და 1 328.0 ლარი შეადგინა. თუმცა აქვე ხდება განმარტება, რაც ნათელს ფენს სურათს. კერძოდ, საქსტატმა იქვე წარმოადგინა საქმიანობების სახეები, რომელთა მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

-საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 354.7 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 15.4 პროცენტით);

-ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 173.0 ლარი (გაიზარდა 12.4 პროცენტით);

-მშენებლობა – 2 006.1 ლარი (გაიზარდა 23.7 პროცენტით);

-პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 919.5 ლარი (გაიზარდა 7.4 პროცენტით).

საქსტატის თანახმად, 2021 წლის II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 483 ლარით ჩამორჩებოდა კაცების ხელფასს და 1 077.8 ლარს შეადგენდა. 1 560.0 ლარით განისაზღვრა კაცების საშუალო ხელფასი. საქსტატის კვლევით ირკვევა, რომ საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. რაც შეეხება მატებას, საქსტატის მონაცემებით, ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.6 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში – 207.6 ლარი.

საქსტატის ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ 2021 წლის II კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნესსექტორში 214.0 ლარით გაიზარდა და 1 389.6 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაციის და კომუნიკაციის (2 209.4 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 12.0 პროცენტით), ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 177.4 ლარი, გაიზარდა 6.5 პროცენტით) დარგებში ფიქსირდება.

საშუალო ხელფასის გაანგარიშება თვითდასაქმებულებს არ შეეხებათ. საშუალო ხელფასის კვარტალური სტატისტიკის საფუძველია 15 000 საწარმოდან მიღებული ხელფასების შესახებ ცნობებზე დამყარებული კვლევა.

აქვე გთავაზობთ იგივე უწყების მონაცემებს, სადაც კარგად ჩანს, რომ საქართველოში ბოლო ერთ წელიწადში ფასები 12,8 პროცენტით არის გაზრდილი. ეს არის საქსტატის უახლესი მონაცემები, რომელიც 2021 წლის აგვისტოს მოიცავს და სექტემბერში გამოქვეყნდა.

წლიურ ინფლაციაზე გავლენა იქონია ფასების ზრდამ: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასების 16,2 პროცენტით ზრდამ; ტრანსპორტის ჯგუფში -22,5%-ით; საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის ჯგუფში – 11,6%-ით; ჯანმრთელობის ჯგუფში – 10,9%-ით.

აქვე ისიცაა აღნიშნილი, რომ მინიმუმ, 30 თვის განმავლობაში საქართველოში ამხელა წლიური ინფლაცია არ ყოფილა.

NDI-ს მიერ ჩატარებული საზაგოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის თავზე ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობა და კორონავირუსის გავლენა მოქალაქეებისთვის კვლავ მთავარ პრობლემებად რჩება.

მოსახლეობის ნახევარზე მეტი, 68%, ამბობს, რომ პანდემიამდე პერიოდთან შედარებით ნაკლები რაოდენობის პროდუქტის, სურსათისა და სერვისის შეძენის ფინანსური საშუალება აქვს. მოქალაქეთა თითქმის მეოთხედი ამტკიცებს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ მათ ან სამსახური დაკარგეს (8 %) ან შემოსავალი/ხელფასი შეუმცირდათ (13 %). მოსახლეობის ყველაზე დიდი ჯგუფი ამბობს, რომ კვლავ უმუშევარია. უმეტესობა მათთვის და მათი ოჯახებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებად სამუშაო ადგილებს, სიღარიბესა და ფასების ზრდას/ინფლაციას ასახელებს, რაც პანდემიის ფონზე კიდევ უფრო გაუარესდა.

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს: „6 თვის წინ, როდესაც მე პრემიერ-მინისტრად დავინიშნე, ქვეყანა აბსოლუტურად დაკეტილი, ჩაკეტილი იყო, ეკონომიკა არ მუშაობდა, ვაქცინები არ იყო, კოვიდპანდემიის დროს, მკაცრი ლოქდაუნის პერიოდში, მოსახლეობამ მიიღო ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმები, მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ჩავარდა ღრმა დეპრესიაში“.

მთავრობის მეთაურის თქმით, როცა მეცნიერებმა გამოიგონეს ვაქცინა და გაჩნდა გამოსავალი – წამალი, რომელიც ამ მომაკვდინებელი ვირუსისგან გვიცავს, ქვეყნებმა დაიწყეს სხვაგვარი მართვა, ეკონომიკის გახსნა და მკაცრი შეზღუდვები შეარბილეს.

„ჩვენც, ანალოგიურად, მას შემდეგ, რაც დავიწყეთ ვაქცინების ეტაპობრივად შემოტანა, ასევე ეტაპობრივად დავიწყეთ ეკონომიკის გახსნა, რადგან ძალიან გაუჭირდა ისედაც გაჭირვებულ ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით ბოლო, 2020 წელს. ათასობით და ათი ათასობით ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი. ის 200-ლარიანი დახმარება, რა თქმა უნდა, საკმარისი არ იყო. ამიტომაც, ჩვენ დავიწყეთ გახსნა და აპრილში გვქონდა უპრეცედენტო, 45%-იანი ეკონომიკური ზრდა და თავდაჯერებულობა მიეცა ბიზნესს სწორედ იმ პოლიტიკური სიმყარიდან და სტაბილურობიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ შევქმენით. ბიზნესს აქვს სტაბილურობის და პროგნოზირებადობის განცდა. მაისში გვქონდა 25%-იანი ზრდა, ივნისში – 18%, ბოლო 6 თვეში გვაქვს 12%-იანი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ეს ნიშნავს დამატებით შემოსავალს ბიუჯეტში, ჩვენ 1,2 მილიარდი ლარით გავზარდეთ ჩვენი ბიუჯეტი, აქედან 600 მილიონით ვაფინანსებთ ჯანდაცვას, რომელიც მანამდე ბიუჯეტში გათვალისწინებული არ იყო და მოგვიწევდა ახალი, დამატებითი სესხის აღება წელს. ამ დროს ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს საგარეო ვალის შემცირება. გასულ წელს მთავრობამ 3 მილიარდი აშშ დოლარი საგარეო ვალი აიღო, რითაც გადავაჭარბეთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაწესებულ ლიმიტებსა და რეკომენდაციებს.

ჩვენი სტრატეგიაა, ეტაპობრივად, წელსვე დავიწყოთ საგარეო ვალის შემცირება და თავი შევიკავოთ იმ საგარეო ვალის აღებისგან, რომლის აუცილებლობაც წელს არ გვაქვს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით და ჩვენი მოსახლეობის ობიექტური უკმაყოფილების გათვალისწინებით, რომ მათ უბრალოდ, აღარ შეეძლოთ ასე გაგრძელება, ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა და ნახეთ, როგორი გამოძახილი ჰპოვა აღნიშნულმა ნაბიჯებმა – ჩვენ დღეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს. დაიწყო ტურიზმის სწრაფად აღდგენა. მოქმედმა მერმა მითხრა, რომ წელს ძალიან ბევრი ტურისტი შემოვიდა სვანეთში. აჭარაში, კახეთში, ყველგან გადავსებულია სასტუმროები ტურისტებით. ამ ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება. ის, რომ ჩვენს მოსახელობას გაუჩნდა დამატებითი შემოსავალი და ეს დეპრესიული ფონი მოიხსნა, ამას სჭირდება შენარჩუნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საინტერესეო სიახლეები წარმოგვიდგინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამაც. მისი თქმით, პირველი სექტემბრიდან პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ახალი კომპონენტები შედის ძალაში, რაც ხელს შეუწყობს ქართული წარმოების გაძლიერებას, ექსპორტის გაფართოებასა და იმპორტის ეტაპობრივ ჩანაცვლებას: „ის საწარმოები, რომლებიც ჩართული არიან საექსპორტო წარმოებაში ან არიან იმპორტის კონკურენტები და ემსახურებიან იმპორტის ეტაპობრივ შემცირებას და ჩანაცვლებას, ახალი პროგრამებისთვის ერთდროულად მიიღებენ როგორც სესხის პროცენტის თანადაფინანსებას, ასევე პროექტის 15 პროცენტით (არაუმეტეს 500 000 ₾) საგრანტო თანადაფინანსებას. ამავდროულად მოხდება სესხის ძირის არაუმეტეს 60%-ის გარანტირება, მაქსიმუმ, 10 წლის ვადით. ეს პროგრამა ემსახურება ქართული წარმოების გაძლიერებას, ექსპორტის გაფართოებას, იმპორტის ეტაპობრივ ჩანაცვლებას“.

მისივე თქმით, ასევე, პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის პროგრამა, რომელიც შეეხება იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირებას იმ ოჯახებისთვის, ვისაც ეყოლებათ ახალშობილი, ან უკვე ჰყავთ სამი ან მეტი შვილი: „პირველი სექტემბრიდან ოჯახებს, რომელთაც სურთ ამ პროგრამაში მონაწილეობა, რათა გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები და შეიძინონ საცხოვრებელი ბინა, უკვე შეუძლიათ, მიაკითხონ ბანკებს და ისარგებლონ პროცენტის სუბსიდირების პროგრამით, რაც მათ საშუალებას მისცემს, გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები“.

ეკონომიკურ საკითხებზე ინტერვიუ ვთხოვეთ ეკონომისტ რატი აბულაძეს, რომელსაც მიაჩნია, რომ საზოგადოების მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონს აქვს „პოლიტიკური ღირებულება“

ბატონო რატი, რა ქმნის ქვეყნებს შორის ეკონომიკურ უთანასწორობას, რატომ ვერ მივაღწიეთ მოწინავე ქვეყნების ანალოგიურ ფინანსურ კეთილდღეობას?

-გლობალურ სამყაროში, ქვეყნებს შორის ეკონომიკურ უთანასწორობას განაპირობებს სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობა და სიძლიერე, რაც გამოიხატება ქვეყანაში არსებული რესურსების ეფექტიანად მართვაში. კვლევები ადასტურებს, რომ ქვეყნის განვითარებას განაპირობებს სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერე – პოლიტიკური და სოციალური სისტემები, რომლებიც ვითარდება მთავრობისა და ხალხის ურთიერთქმედებით. აღსანიშნია, რომ სწორედ ძლიერი სახელმწიფო ინსიტუტები ქმნიან „თამაშის წესებს“, რომელიც: სტიმულირებს ბაზარს, ბიზნესს, ხალხს, ინოვაციას; განსაზღვრავს წარმოებისათვის საჭირო ეკონომიკურ სტიმულებს; აფართოებს საერთაშორისო ვაჭრობას; იზიდავს ინვესტიციებს და ქმნის კაპიტალდაგროვების შესაძლებლობებს, ხელმისაწვდომს ხდის კაპიტალურ რესურსებს; იმედისმომცემი პოლიტიკით სტიმულირებს საზოგადოების აქტივიზაციას;

რა გვიშლის ხელს ამ სქემის დანერგვაგანხორციელებაში?

-ქვეყნის განვითარების ხელშემშლელი ფაქტორებიდან აღსანიშნავია გეოგრაფიული, სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ფაქტორები (ცუდი მართვა, პოლიტიკური არასტაბილურობა, კორუფცია). ასევე, განიხილება ეკონომიკური ფაქტორები (საგარეო ვალის მომსახურებაზე გადახდილი თანხები აკლდება პროექტებს), ბუნებრივი რესურსების სიმცირე და ეკოლოგიური ფაქტორები. საქართველოს მოცემულობაში, აღნიშნული ფაქტორებიდან გამოვყოფ ეკონომიკურს და პოლიტიკურს . არსებითია, აღინიშნოს, რომ საქართველოს რეგიონში, უკეთესი ზრდის ტემპი აქვს ვიდრე მეზობელ ქვეყნებს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენ გაცილებით მეტი პოტენციალი გვაქვს, ვიდრე მათ. ამიტომ, თუ მათთვის კონკრეტული ზრდის მაჩვენებელი დიდი მიღწევაა, ჩვენი ქვეყნისათვის ასეთი მოცემულობა მხოლოდ დამაკმაყოფილებლად შეიძლება შეფასდეს. ამიტომ, აღნიშნულ სტატიაში, არ მოვახდენ უწყებების მიერ წარმოდგენილი შთამბეჭდავი მონაცემების ტირაჟირებას, რადგან ერთგვარი დისბალანსია შთამბეჭდავ მონაცემსა და არსებულ რეალობას შორის. ქვეყანაში სიღარიბე ჯერ კიდევ დაუძლეველია.

თუ შეიძლება ეს ფრაზა დაგვიკონკრეტოთ?

-ელემენტარულია ის, რომ სამსახურის და ფულის შოვნის შესაძლებლობების გარეშე მოსახლეობა სიღარიბისკენ მიექანება. საქართველოში საკმარისი რესურსია, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ცხოვრების საბაზისო მდგომარეობა და ოჯახის აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილება შეძლოს. თუმცა სამწუხარო რეალობა ცხადყოფს, რომ რესურსებთან წვდომის პრობლემის გამო ოჯახები სიღარიბეს თავს ვერ აღწევენ. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში სიღარიბე ერთგვარ სასჯელად იქცა. სიღარიბის დაძლევა და სიმდიდრის შექმნა დამოკიდებულია, ერთის მხრივ, სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების განხორციელებაზე, მეორეს მხრივ, ბიზნესის მიერ პროდუქტისა და მომსახურების შექმნასა და ვაჭრობაზე. ვაჭრობა დამოკიდებულია ინფრასრტუქტურის არსებობაზე. ინფრასტრუქტურის შექმნას განაპირობებს ინვესტიციები, ინვესტიციების მოზიდვის პირობებს კი ქმნის სახელმწიფო ინსტიტუტები. ჯამში, ყოველივე აღნიშნულის მამოძრავებელია პოლიტიკური და მმართველობითი რესურსი. არსებული მოცემულობა ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს: ქვეყანაში რა უშლის ხელს ძლიერი პოლიტიკის შექმნას? რატომ გვაქვს სიღარიბე? რა აფერხებს ეკონომიკის განვითარებას? ვის არ აწყობს ცვლილებები? ფაქტია, რომ ყოველივე აღნიშნულის პასუხი უნდა ვეძებოთ არა გარე ძალებში არამედ შიდა პოლიტიკაში.

ღარიბაშვილი საკმაოდ მყარად გვპირდება წინსვლას, ნათია თურნავამაც საინტერესო პროგრამები გააჟღერა.

-ყველამ კარგად იცის, რომ ახალი კადრი, ახალი რესურსი და ახალი პოლიტიკური ძალა ყოველთვის უკეთ მუშაობს. ამასთან, მხედველობაში უნდა მივიღოთ ის გარემოებაც, რომ საზოგადოების მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონს „პოლიტიკური ღირებულება“ გააჩნია. რაც ხელს უშლის ყოველივე ახლის – ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირებას. ამით იმის თქმა მინდა, რომ ძალიან კარგია, როდესაც მოსახლეობას სთავაზობენ ახალ პროექტებს და პროგრამებს, ეხმარებიან ახალგაზრდა ოჯახებს საცხოვრებლის შეძენაში, მაგრამ მაინც თვისობრივად ახალ მოცემულობაზე, ახალ ეკონომიკურ პროცესებზე უნდა ვიზრუნოთ, რაც ძირფესვიანად შეცვლის ქვეყნის ადგილს მსოფლიო ეკონომიკაში და სრულად გამოგვაყენებინებს ჩვენს გეოპოლიტიკურ მდებარეობას, რომლის ღირებულება თანდათან იზრდება ჩვენი ევრო-ატლანტიკელი პარტნიორების თვალში.

  • No Comments
  • სექტემბერი 17, 2021

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *