
ხმაურისა და ქაოსის სამყაროში რატომ გვჭირდება ხელოვნება?!
სამყარო, რომელშიც ყოველდღე ვიღვიძებთ, სავსეა ხმაურით, ინფორმაციით, დაძაბულობით. სოციალური ქსელები, პოლიტიკა, ეკონომიკური სირთულეები – თითქოს ყველაფერი გვაშორებს საკუთარ თავთან ყოფნის შესაძლებლობას . . . მაგრამ სწორედ იმ დროს, როცა ყველაზე მეტად ვგრძნობთ შიშს, გაურკვევლობასა და სიცოცხლის მსწრაფლწარმავლობას, ჩნდება ხელოვნება, როგორც ერთგვარი თავშესაფარი. ის არ წყვეტს ომს, მაგრამ შეიძლება გადაარჩინოს ადამიანის შინაგანი სამყარო.
ხელოვნებაზე, როგორც გადარჩენის გზაზე, ქუჩაში გამვლელ ადამიანებს გავესაუბრეთ. გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, რომელთა შორის ახალგაზრდები ჭარბობდნენ, გამოიკვეთა ერთი მთავარი აზრი – ხელოვნება გვახსენებს, რომ ადამიანები ვართ.
მაშინ, როცა ინფორმაცია ჩვენს გონებას აფეთქებს, ხელოვნება გვასწავლის გაჩერებას, მოსმენას, შეგრძნებას. ის გვიბრუნებს ნდობას, ემპათიას და იმ უბრალო სურვილს, რომ ვიცხოვროთ და შევქმნათ. მიუხედავად სამყაროს ქაოსურობისა, ხელოვნება გვახსენებს, რომ სილამაზე არსებობს, ყოველთვის იარსებებს და როცა როცა ვხედავთ, საკუთარ თავსაც ვპოულობთ.
ფსიქოლოგ ნანა ვერძაძის აზრით, როცა ადამიანი ქმნის ან უყურებს შემოქმედების ნიმუშებს, ტვინში აქტიურდება ის უბნები, რომლებიც შფოთვას ამცირებს. ეს არაა უბრალოდ ესთეტიკური სიამოვნება, ეს არის ფიზიოლოგიური რეაქცია. ხელოვნება გვანელებს, გვაბრუნებს სუნთქვასთან და საკუთარ გულთან.
– ხშირად გამიგონია ფრაზა – „როცა ადამიანს შია, სულაც არ აქვს ხელოვნების აღქმის, ამ მხრივ რაიმე ახლის შემეცნების სურვილი“. მესმის მათი, მაგრამ ხელოვნება სწორედ ის გასაღებია, რითაც იპოვი საკუთარ თავში ძალას, რაც არ მოგცემს დაცემის საშუალებას, – ამბობს ფსიქოლოგი და აღნიშნავს, რომ ადამიანები კრიზისის დროს ბუნებრივად მიიწევენ შემოქმედებისკენ, რომელიც მათ შინაგანი ბალანსის პოვნაში ეხმარება.
მოცეკვავე ლიზი ქონიაძემ გვითხრა, რომ სცენა მისთვის ყოველთვის იყო არა უბრალოდ პროფესია, არამედ არსებობის საშუალება.
– როცა ირგვლივ ყველაფერი იშლება, ხელოვნებაში მაინც რჩება სილამაზე. ჩვენ ვცეკვავთ იმიტომ, რომ გვწამს სიცოცხლის. თითოეული მოძრაობა, თითოეული ხმოვანი ფრაზა მაყურებელს შეახსენებს, რომ ამქვეყნად რაღაც ღირებულება ჯერ კიდევ ცოცხალია, – აღნიშნა ლიზიმ და დასძინა, რომ ახალგაზრდებთან მუშაობა ძალას აძლევს, როცა ხედავს, როგორ ეძებენ ისინი თავიანთ იდენტობას ტრადიციასა და თანამედროვეობას შორის.
გიორგი ბერიძემ გაგვიმხილა, რომ ლექსებს წერს და რომ ხელოვნება არის გზა, რომლითაც ადამიანი ინარჩუნებს სინათლეს მაშინაც კი, როცა გარეთ ყველაფერი ბნელდება:
– როცა მსოფლიო ქაოსშია, ლექსის წერა არის მცდელობა, რომ ერთ წამში მაინც შექმნა ჰარმონია. ხელოვნება არ ცვლის გარე სამყაროს, როგორც პოლიტიკა ან ეკონომიკა, მაგრამ ის ცვლის შინაგან სამყაროს და სწორედ იქიდან იწყება გადარჩენა.
მხატვარი დათო ბოლქვაძე ამბობს, რომ ზოგჯერ ერთი ფერი, ერთი ნახატი შეიძლება გახდეს დღეების გამლამაზებელი ადამიანისთვის.
– ხშირად ვხედავ, როგორ შედიან ხელოვნების მუზეუმში, მოწყენილი გამომეტყველებით, ადამიანები და ნახატების დათვალიერების შემდეგ როგორ იცვლება მათი მზერა. ეს არის ხელოვნების ძალა, ის არ გაშორებს რეალობას, მაგრამ გაძლევს ძალას, რომ გაუძლო.
მარიამი 34 წლის თარჯიმანია, ამბობს რომ ხელოვნებაზე საუბარი ზოგჯერ ფუფუნებად ეჩვენება, როცა ირგვლივ ხალხი სამსახურს ეძებს, ან ბინის ქირას ვერ იხდის:
– გაგვიჭირდება ვთქვათ, რომ ხელოვნებას შეუძლია ყველაფრის გადარჩენა, მაგრამ მერე ვხვდები, რომ სწორედ ამ შიშველ ყოფაში ხელოვნებაც გვჭირდება, როგორც სუნთქვა. თორემ მხოლოდ ცოცხალი სხეულები ვიქნებით და არა – ადამიანები.
42 წლის დავითის, რომელიც ტაქსის მძღოლია, ხელოვნებისადმი დამოკიდებულება ცოტა განსხვავებულია:
„შიათ ბავშვებს, ხალხს წამალი არ აქვს და ამ ფონზე – „ხელოვნება გვიხსნისო“, ცოტა ირონიულად მეჩვენება. მაგრამ მეორე მხრივ, როცა ვუსმენ ძველ ქართულ მუსიკას, ან ვუყურებ კარგ ფილმს, რაღაცნაირად იმედი მიბრუნდება. ალბათ, ეგ არის ის ხელოვნება, რაც ყველას გვესმის ჩვენეულად, – ამბობს იგი.
ჩემ მიერ გამოკითხულთა საუბრებიდან ჩანს ადამიანების განსაკუთრებულად პოზიტიური დამოკიდებულება ხელოვნებისადმი. ისინი ამბობენ, რომ მართალია, ხელოვნება ვერ გადაარჩენს ეკონომიკას, ვერ დაადუმებს ომებს და ვერ გააქრობს სოციალურ ტკივილს, მაგრამ მას შეუძლია დააპუროს, გაამდიდროს, სილამაზით აავსოს ჩვენი სულები, საიდანაც ყველა ცვლილება იწყება…
ხელოვნება გვახსენებს, რომ სილამაზე შეიძლება იყოს ერთ ფერში, ერთ მოძრაობაში, ერთ ლექსში . . . და სანამ ერთი ადამიანიც შეძლებს ამის დანახვას, სამყარო ვერ იქნება მხოლოდ ქაოსი.
სწორედ ამიტომ გვჭირდება ხელოვნება, რომ გადავრჩეთ, როცა ცხოვრება გვამძიმებს და ხელ-ფეხს გვიკრავს.
დასასრულ ანა ახმატოვას სიტყვებს მოვიშველიებ: „ხელოვნება ის ხიდია, რომელიც ადამიანს საკუთარ სულთან აკავშირებს“, და გოეთესაც: „ხელოვნება არაა იმისათვის, რომ ცხოვრება რეალობად გვაჩვენოს. ის არსებობს, რომ რეალობა უფრო შემწყნარებელი გახდეს“.
ნანა აბულაძე
გალერეა
