19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
ხმაური – ბათუმის საკრებულოში
By

ხმაური – ბათუმის საკრებულოში

მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –

ბათუმის მუნიციპალიტეტის 2017 წლის მოწვევის საკრებულომ დღეს, 16 სექტემბერს, ბოლო სხდომა გამართა, სადაც ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებთან ერთად ბათუმის მერობის კანდიდატი და მათი მხარდამჭერებიც მივიდნენ.

დაპირისპირების მიზეზი ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე უნებართვო მშენებლობა გახდა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა საკრებულოსგან მოითხოვეს პასუხი, თუ რატომ არ აღიკვეთა უკანონო მშენებლობა, როგორ მოხდა, რომ ბათუმში უკანონოდ აშენებენ 7 კორპუსს და ეს აქამდე ვერ შენიშნეს.

მშენებლობის შესახებ ცნობილი გუშინ გახდა. ოპოზიციური ერთობის ბათუმის მერობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ ქალაქში უკანონოდ აშენებული უბანი „აღმოაჩინა“ და ადგილზე პოლიცია გამოიძახა. მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში განაცხადეს, რომ იციან ამ უკანონო მშენებლობის შესახებ და არაერთგზის დააჯარიმეს მშენებელი კომპანია. ადგილზე მშენებლობის პროცესი არც ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მისვლის შემდეგ შეჩერებულა.

„გაგვაგებინეთ, რა შენდება. ეს არის ყაზარმა, თუ სხვა საიდუმლო ობიექტი, დაინტერესდით ამით? შუაგულ ქალაქში უკანონოდ კორპუსებს აშენებენ და თქვენ ვერ ხედავთ, ყაზარმაა ეს თუ კვლევითი ლაბორატორია? რა შენდება? მუნიციპალურ ინსპექციას იმიტომ აქვს ბიუჯეტი, რომ ასეთი ამბები არ გამოეპაროს და გააკონტროლოს, ” – მიმართა უმრავლესობის წარმომადგენლებს ბათუმის მერობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატები კი ამბობდნენ, რომ დაწყებულია რეაგირება, კომპანია დაჯარიმებულია და სასამართლო პროცესიც მიმდინარეობს.
კირთაძე სიტყვით გამოსვლას კვლავ ითხოვდა, რისი საშუალებაც რეგლამენტიდან გამომდინარე სხდომის თავმჯდომარემ არ მისცა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო სიტყვიერი დაპირისპირება და ხმაური, რის გამოც სხდომა შეწყდა და შესვენება გამოცხადდა.

20-წუთიანი შესვენების შემდეგ სხდომა განახლდა.

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირების კიდევ ერთი საგანი გახდა ბოლო დროს გავრცელებული ჩანაწერები.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ სუსი-დან გამოჟონილ ფაილებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რასაც „ქართული ოცნების“ წევრის, ნატალია ზოიძის შეპასუხება მოჰყვა.

– რა ხდება ქვეყანაში, რა მოსმენებთან, რა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან გვაქვს საქმე?! ამაზე თუ პასუხს მხოლოდ იმას მივიღებთ, რომ მსგავსი, ან უარესი ხდებოდა ადრეც, არ მგონია ბათუმელები იმდენად ბრიყვები იყვნენ, რომ ამ პასუხს დასჯერდნენ და დღეს რაც ხდება, ამაზე პასუხი არავინ აგოს. სულ მცირე, უხერხულობას მაინც უნდა გვიქმნიდეს ის, რომ ერთმანეთის პირად ცხოვრებას ასე სამარცხვინოდ და საჯაროდ ხელვყოფთ! თუ მართლა დემოკრატიულ საზოგადოებაში გვინდა ცხოვრება, მაგალითი უნდა ავიღოთ პარტნიორი ქვეყნებისგან. მსგავს ფაქტს 70-იანი წლების დასაწყისში ამერიკის პრეზიდენტის გადადგომა მოჰყვა! დიახ, იქ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება იყო! ვფიქრობ, არ იმსახურებს ჩვენი საზოგადოება ამ ვითარებაში ცხოვრებას! ის, რომ შუა ქალაქში რვა კორპუსი შენდება გაუგებარი კომპანიების მიერ, არ ვიცით რა შენდება, ე.წ. ყაზარმული ტიპის დასახლებებია და მერიას ნებართვაც არ გაუცია, დღემდე რაიმე ქმედითი, გადამწყვეტი ნაბიჯი არ გადადგმულა, სანამ ჩვენი მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძე ადგილზე არ მივიდა – ვფიქრობ, ესეც ბათუმელების შეუაცხყოფაა! – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

– მოსმენებს თვალთვალი რომ ახლდა და ყველას საძინებელ ოთახში რომ იცქირებოდნენ, ახლა ოპოზიცია იგივე მეთოდებს ახსენებს და ცდილობს მმართველ ძალას მიაწეროს ყოველივე. ყოველთვის ვიქნები წინააღმდეგი მიყურადებისა და თვალთვალისაც, თუმცა დარწმუნებული ვარ, გამოძიება გამოავლენს, თუ იყო საერთოდ მსგავსი ფაქტი. იყო თუ არა ეს მანიპულაცია… ამ ყველაფერს მეტი მოთმინება სჭირდება, რასაც ჩვენი მოსახლეობა თანდათან ეჩვევა, რადგან ნებისმიერი სამართლის საკითხის ძიებას აუცილებლად სჭირდება პროცედურები. საბოლოოდ მაინც სიმართლეს გავიგებთ! რაც შეეხება კორპუსების მშენებლობას, გატარებულია ის ღონისძიებები, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს. დაწყებული პირველი ეტაპიდან – როგორც კი ხდებოდა უკანონო ნაბიჯების გადადგმა, მათ მიეცათ გაფრთხილება, შემდეგ დაჯარიმდნენ კიდეც. ის, რომ ხშირად ვაწყდებით ასეთ მოვლენებს, დამერწმუნება ბათუმის მოსახლეობა, ზუსტადაც იმ გაუკუღმართებული მიდგომების შედეგია, რაც მემკვიდრეობით დაგვხვდა! თუ კანონი ითვალისწინებს იმას, რომ გასწორდეს რაღაც, ამას პროცედურები, საპარლამენტო გადაწყვეტილებები სჭირდება და სწორედ იმიტომ ვართ აქ, რომ ასეთი ხარვეზები აღმოვაჩინოთ, ვითანამშრომლოთ, ერთმანეთს ჩვენი მოსაზრებების უკეთესობაში შევეჯიბროთ! მინდა მომავალ საკრებულოს ვუსურვო, რომ მეტად კონსტრუქციულები იყვნენ, მეტი შედეგი დადონ ქალაქისთვის და ნაკლებად პოლიტიზებულები იყვნენ. საკრებულო არ არის სკანდალების მოწყობის ადგილი, ეს არის ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების, გამოწვევების და პრობლემების გადაწყვეტის უკეთესი გზების ძიების ადგილი! – განაცხადა ნატალია ზოიძემ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თამაზ სალუქვაძის განცხადებით, მშენებლობა უნებართვოდ მიმდინარეობს, რაზეც შესაბამის უწყებებს რეაგირება უკვე ჰქონდათ.

„შვიდჯერ დაჯარიმდა ობიექტი. ეს არის კერძო ტერიტორია და საქმე გადაცემულია სასამართლოში!“ – განაცხადა თამაზ სალუქვაძემ.

  • No Comments
  • სექტემბერი 16, 2021

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *