ხსოვნის ტურნირი – თავისუფალ ჭიდაობაში
გურამ ჯიჯავაძემ ქედის რაიონში სპორტის ცალკეული სახეობების განვითარებას და ადგილობრივი სპორტსმენების დაკვალიანებას წლები შეალია. იგი წუთისოფლიდან ნაადრევად წავიდა. წარმატებული მოჭიდავისა და დამსახურებული მწვრთნელის უკვდავსაყოფად, თავისუფალ ჭიდაობაში ხსოვნის ტურნირია დაწესებული. ამ ტურნირს ქედაში გურამ ჯიჯავაძის სახელობის საჭიდაო დარბაზმა უმასპინძლა.
ასპარეზობაში ქობულეთის, ბათუმის, ხელვაჩაურის, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებიდან ორ ასაკობრივ ჯგუფში ( 2012-2013 და-20014-20015 წლებში დაბადებული) 130 – მდე ჭაბუკი მონაწილეობდა. გუნდური პირველი ადგილი ქედელმა მოჭიდავეებმა დაიკავეს.

2011-2013 წლებში დაბადებულთაგან მასპინძლებს ოთხი პირველადგილოსანი ჰყავთ. ესენი არიან: რეზი აბაშიძე, გოგა მახარაძე, ბაჩი შანიძე, დათო ღოღობერიძე. 20014-20015 წლებში დაბადებულთაგან ქედიდან ჩემპიონები გახდნენ: ნიკოლოზ ბოლქვაძე, ნიკოლოზ გათენაძე, გაბრიელ თურმანიძე, ალექსანდრე ნაკაშიძე. წონითი კატეგორიების მიხედვით, საპრიზიო ადგილებზე სხვა მუნიციპალიტეტების მოჭიდავეებიც გავიდნენ.

გურამ ჯიჯავაძის სახელობის თასი, რომელიც 29 კილოგრამიან წონით კატეგორიაში გამარჯვებულმა, ქედის სასპორტო სკოლის მოჭიდავე ნიკოლოზ გათენაძემ დაისაკუთრა.
საპრიზო ადგილებზე გასულ მოჭიდავეებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცით.
– გურამ ჯიჯავაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ა(ა)იპ „ქედის სასპორტო სკოლის“ ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. მისასალმებელია, რომ მამაჩემის თანამედროვენი და მომავალი თაობა ამ ტურნირს მაღალი პასუხისმგებლობით უდგებიან, რასაც მონაწილეთა რაოდენობაც ცხადყოფს. მადლობა ორგანიზატორებსა და მონაწილეებს,- გვითხრა ა(ა)იპ „ქედის სასპორტო სკოლის“ დირექტორმა მანუჩარ ჯიჯავაძემ.
ცოტნე ცაბაძე