ხსოვნის ტურნირი – ქართულ ჭიდაობაში
By

 ხსოვნის ტურნირი – ქართულ ჭიდაობაში

წელს მეორედ, შუახევის სპორტულ ცენტრში, საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკის, სპორტის გამოცდილი ორგანიზატორის, ქართული ჭიდაობის მოამაგე ნოშრევან დავითაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ღია ტურნირი ჩატარდა, რომელშიც აჭარის მუნიციპალიტეტების (ქობულეთი, ბათუმი, შუახევი, ხულო) გარდა მონაწილეობა მიიღეს ოზურგეთის, ცაგერის, ხაშურის და ქარელის მუნიციპალიტეტებიდან 2010-2011 წლებში დაბადებულმა ჭაბუკებმა.
ტურნირის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპულთა ხსოვნას.
აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯემალ წულუკიძემ ტურნირის საზეიმო გახსნისას ხაზი გაუსვა ნოშრევან დავითაძის პირად დამსახურებას შუახევის მუნიციპალიტეტში ქართული ჭიდაობის განვითარებაში, ხელშეწყობასა და პოპულარიზაციაში. აღსანიშნავია, რომ ნოშრევან დავითაძის აქტიურობით შუახევში პირველად ჩატარდა ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში. მისი ამაგი სიცოცხლეშივე დაფასდა და ეს, უპირველესად, აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის ახლანდელი პრეზიდენტის ჯემალ წულუკიძის დამსახურებაა – მან ღია ტურნირი ნოშრევანის სიცოცხლეშივე წამოიწყო.
ტურნირის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ანზორ ბოლქვაძე და ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნოშრევან დავითაძის შვილი გიორგი დავითაძე, შუახევის სპორტული ცენტრის დირექტორი რამინ ჯოიძე.
ჯემალ წულუკიძემ, აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის თანადგომისა და შუახევის მუნიციპალიტეტში ქართული ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის ფედერაციის მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა ომარ ტაკიძეს, როსტომ ლორთქიფანიძეს და რამინ ჯოიძეს.

ტურნირის ჩემპიონები და პრიზიორები გახდნენ:

35 კილოგრამ წონით კატეგორიაში – გიორგი გიგანი (ცაგერი); ლუკა აბულაძე (ქობულეთი); თემურ ნოზაძე (ხაშური);

40 კგ – გიორგი ჭეჭვაძე (ქარელი); საბა ღვინიაშვილი (ქარელი); გაბრიელ მეხრიშვილი (ხაშური);
45 კგ – საბა ლურსმანაშვილი (ხაშური); სანდრო თხელიძე (ქარელი); ნოდარ მეგრელიშვილი (ქარელი);

50კგ – გიორგი გოგალაძე (ხაშური); ნუგზარ ნოზაძე (ხაშური); ნიკოლოზ იარღანაშვილი (ქარელი);

55 კგ – ლუკა სურმანიძე (ქობულეთი); დაჩი ბარამიძე (ქობულეთი); გიორგი ლომიძე (ხაშური);

60 კგ – ლერი შაინიძე (ქობულეთი); ნოდარ ბოლქვაძე (შუახევი); ლუკა ცეცხლაძე (შუახევი);

66 კგ – საბა ჩინჩალაძე (ხაშური); საბა შავაძე (ქობულეთი); სერგო კვარიანთაშვილი (ქარელი);

აბსოლუტურ წონით კატეგორიაში – ნიკა ნინიაშვილი (ქარელი); ერეკლე ლომიძე (ხაშური); ილია გოგალაძე (ხაშური).

საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები სიგელებით, თასებით, შესაბამისი სინჯის მედლებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

– ხსოვნის ტურნირი აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. მისასალმებელია, რომ აჭარის მუნიციპალიტეტების გარდა სპორტულ პაექრობაში ხაშურის, ქარელის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ჭაბუკები მონაწილეობდნენ. ტურნირმა ცხადყო, რომ აჭარაში ქართული ჭიდაობა მეტ მიზიდულობასა და ჩართულობას იძენს, რაც შედეგებზეც აისახა. უნდა ვაღიაროთ ქობულეთელი მოჭიდავეების მიღწევები, მათ არავის დაუდეს ტოლი და ორ წონით კატეგორიაში პირველები იყვნენ. საერთო ჯამში, მასპინძელი მოჭიდავეების შედეგები ურიგო არ იყო ქარელელ, ხაშურელ და ოზურგეთელ სპორტსმენებთან პაექრობაში. უკვე ყველა პირობაა, რომ გაისად ხსოვნის ტურნირმა რესპუბლიკური მასშტაბი მიიღოს. მადლობელი ვართ იმისთვის, რასაც შუახევის თვითმმართველობა, უშუალოდ მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე ქართული ჭიდაობის განვითარებისთვის აკეთებს“, – გვითხრა ჯემალ წულიკიძემ.

ოთარ ცინარიძე

 

 

  • No Comments
  • აგვისტო 11, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *