ხსოვნის ტურნირი – შუახევში
By

ხსოვნის ტურნირი – შუახევში

9 შვილი გაუზარდეს ქვეყანას შუახევის რაიონის სოფელ ჩანჩხალოს მკვიდრებმა ნაზიმე და ხასან დიასამიძეებმა. ტარიელი მათგან შუათანა იყო. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მთიელმა ჭაბუკი ბათუმში დასახლდა, ოჯახი შექმნა, 2 ქალიშვილი და ვაჟი გაზარდა. დიდხანს არ დასცალდა წუთისოფელში ყოფნა, 53 წლისა გარდაიცვალა. ამ დროს ის უკვე საკმაოდ ცნობილი ბიზნესმენი იყო.

მამის დაწყებული საქმეები გააგრძელა შვილმა – დავით დიასამიძემ. მან ის ურთიერთობებიც განამტკიცა, რაც მამას სამეგობრო წრესთან ჰქონდა, მათ შორის აჭარის მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტ გოჩა შავაძესთან. სწორედ მას სთხოვა და ტარიელი, როგორც ცნობილი მკლავჭიდელი, სპორტის გულშემატკივარი და ქველმოქმედი, დიასამიძეების გვარის რომელიმე ღირსეული მამულიშვილის უკვდავსაყოფად მკლავჭიდში ხსოვნის ტურნირი დაეწესებინათ. ერთგულმა მეგობარმა მისი თხოვნა შეასრულა და შუახევის სპორტული ცენტრის დარბაზში ტარიელ დიასამიძის ხსოვნის ტურნირი გამართა.

– სპორტის ეს კერა რამდენიმე წელია მოქმედებს, მკლავჭიდშიც ასპარეზობები არაერთხელ ჩავატარეთ, მაგრამ შუახეველის ხსოვნის ტურნირს პირველად ვუმასპინძლეთ. აჭარის რაიონების სპორტსმენებს ხარაგაულელი, ოზურგეთელი და ბორჯომელი 17 წლამდე ასაკის მკლავჭიდელი გოგონები და ვაჟები შეუერთდნენ, – გვითხრა შუახევის სპორტული ცენტრის დირექტორმა რამინ ჯოიძემ.

ხსოვნის ტურნირის მონაწილეებს მიესალმნენ: აჭარის მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი გოჩა შავაძე, რამინ ჯოიძე, ბორჯომის გუნდის მწვრთნელები ზურაბ მეტრეველი, დავით გავვა, ტარიელ დიასამიძის შვილი დავით დიასამიძე, პუბლიცისტი ოთარ ცინარიძე.

სხვადასხვა წონით კატეგორიაში, მარჯვენა და მარცხენა ხელის გადაწევაში 50-მდე ვაჟი მონაწილეობდა, ორ წონით კატეგორიაში, ასევე ორი ხელის გადაწევაში კი 10-მდე გოგონამ იასპარეზა.

ბორჯომელები ხსოვნის ტურნირზე 10 სპორტსმენით იყვნენ წარმოდგენილი. მათგან ყველა პრიზიორი გახდა. ნელი უსტინენკო, გოგა ბლიაძე, დავით მელიქიძე ორივე ხელით გადაწევაში პირველ ადგილზე გავიდნენ. 60-კილოგრამიან წონით კატეგორიაში მარცხენა ხელის გადაწევაში პირველი ადგილი ბორჯომელ ნოდო ჯავახაძეს ერგო, მარჯვენაში – ხელვაჩაურელ ლუკა მიქავას. გოგონებს შორის მარცხენა და მარჯვენა ხელის გადაწევაში პირველ ადგილზე გავიდა ხარაგაულელი ხატია კიკნაძე. აბსოლუტურ წონაში, მარცხენა ხელის გადაწევაში, უძლიერესი ოზურგეთელი გურამ გორგაძე იყო, მარჯვენაში -ხელვაჩაურელი ანრი კუკავა.

საპრიზო ადგილებზე გასული მკლავჭიდელები მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს. პირველადგილოსნებს თასებიც გადასცეს. ტურნირზე კომპანია „აველიჯე საქართველომ“ დააწესა სპეციალური თასები გუნდური შედეგებით პირველ და მეორე ადგილებზე გასული გუნდებისთვის. თასები ბორჯომელმა და ხელვაჩაურელმა მკლავჭიდელებმა დაისაკუთრეს.

– საინტერესო სპორტული პაექრობის მონაწილენი გავხდით. დიდი მადლობა ორგანიზატორებს, გულშემატკივრებს, განსაკუთრებით, ბორჯომელებს. ტურნირის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა ნაადრევად წასული მამის სიცოცხლე ხსოვნაში გააგრძელეს. თავს ვალდებულად მივიჩნევ, მამის გზა კეთილი და საქველმოქმედო საქმეებით გავაგრძელო, – თქვა დავით დიასამიძემ.

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • ოქტომბერი 27, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *