ხულოში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება – გზების გაწმენდას საგანგებო შტაბი უწევს კოორდინაციას
By

ხულოში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება – გზების გაწმენდას საგანგებო შტაბი უწევს კოორდინაციას

ხულოს მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად შექმნილი რთული ვითარების გამო გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 1.5 მეტრს აღწევს, ხოლო დაბალ ზონაში – ერთ მეტრამდე.
ხულოს მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, აქტიურად იწმინდება ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზები. პროცესში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და მუნიციპალიტეტის სპეციალური ტექნიკა.

სტიქიის შედეგად შექმნილი მდგომარეობის მართვას ადგილზე პირადად უწევენ კოორდინაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი ზაზა შავაძე და საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე.
ამ დღეებში ხულოს მუნიციპალიტეტის მერის ხელმძღვანელობით, გაიმართა საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის სხდომა, სადაც ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელმა წარადგინა ინფორმაცია არსებული მდგომარეობისა და დღის განმავლობაში დაგეგმილი სამუშაოების შესახებ. როგორც სხდომაზე აღინიშნა, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია. მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების, მათ შორის ბათუმი–ანგისა-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-გოდერძის მონაკვეთის, ასევე, ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზების გაწმენდა.
ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურ კომუნიკაციაშია მოსახლეობასთან და უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის საჭიროებაზე დროულ რეაგირებას. საგანგებო რეჟიმში მუშაობს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ცხელი ხაზი +995 551 00 52 72.

  • No Comments
  • დეკემბერი 31, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *