18 C ბათუმი
Monday 23rd June 2025
ჯაბა ფუტკარაძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა 2026 წელს მილიარდიანი ბიუჯეტით შეხვდება
By

ჯაბა ფუტკარაძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა 2026 წელს მილიარდიანი ბიუჯეტით შეხვდება

აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში ავტონომიური რესპუბლიკის საშუალოვადიან სამოქმედო გეგმას (2026-2029 წლები), სამინისტროების და უწყებების ძირითად მონაცემებს და მიმართულებებს განიხილავენ. მოხსენება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების სხდომებზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარადგინა.

მისი განცხადებით, სამომავლოდ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გაგრძელდება და პირველად რეგიონის ისტორიაში, 2026 წელს ავტონომიური რესპუბლიკა მილიარდიანი ბიუჯეტით შეხვდება. საბიუჯეტო პარამეტრების, უწყებებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების ძირითადი მიმართულებების გარდა, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მზარდ ტურისტულ ნაკადებზე, ახალი სამუშაო ადგილების, ხელფასების ზრდასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

როგორც ჯაბა ფუტკარაძემ აღნიშნა, 160 მილიონს გადააჭარბებს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გაზრდილი ბიუჯეტი, გაიზრდება და 117 მილიონით განისაზღვრება განათლებისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი, 7 მილიონი დაემატება ახლად ჩამოყალიბებულ კულტურის სამინისტროს, 38-მილიონიან ნიშნულს გადააჭარბებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი. რეგიონში კიდევ უფრო მეტ ბენეფიციარს შეეძლება ისარგებლოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამებით – უწყების ბიუჯეტი 4 მილიონით გაიზრდება და ჯამში 84,5 მილიონ ლარს გადააჭარბებს. გაიზრდება მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები და გაგრძელდება მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ყველა ინფრასტრუქტურული, სოციალური თუ სხვა პროექტები.

კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტებმა წარმოდგენილი საშუალოვადიანი გეგმა და ინფორმაცია ცნობად მიიღეს.

კანონმდებლებმა დაამტკიცეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს დებულება, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ბერიძემ წარმოადგინა. საკითხი კომიტეტის წევრებმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილეს.

  • No Comments
  • ივნისი 23, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *