ჯემალ მიქელაძის ნამუშევრების გამოფენა
By

ჯემალ მიქელაძის ნამუშევრების გამოფენა

აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში მხატვრისა და მეცნიერის ჯემალ მიქელაძის ნამუშევრების პერსონალური საიუბილეო გამოფენა გაიხსნა. დამთვალიერებელს შესაძლებლობა მიეცა გასცნობოდა 85 წლის მხატვრის ნამუშევრებს, რომელთა შორის პორტრეტები ჭარბობს.

როგორც გამოფენის გახსნისას აღნიშნა, მან დიდი ხნის წინ აისრულა ბავშვობის ოცნება, გამხდარიყო მეცნიერი და მხატვარი და ახლა საკუთარ შემოქმედებას საზოგადოებას როგორც ტილოების, ისე ეთნოლოგიური ნაშრომებითაც აცნობს.

ჯემალ მიქელაძის საიუბილეო ექსპოზიციის გახსნას მეგობრები, ახლობლები, კოლეგები დაესწრნენ.

ბათუმის სამხატვრო სასწავლებლის დირექტორმა, აჭარის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გურამ ფუტკარაძემ მას საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარის გურამ ცერცვაძის ხელმოწერილი სპეციალური დიპლომი, ასევე, აჭარის მხატვართა კავშირის სიგელი გადასცა. მხატვარმა სპეციალური საჩუქარი ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ინსტიტუტის ხელმძღვანელის როინ მალაყმაძისგანაც მიიღო. ბატონი ჯემალი ამ ინსტიტუტში წლებია მოღვაწეობს.

– როცა ბავშვობაში მეკითხებოდნენ, ვინ უნდა გამოვსულიყავი, ყოველთვის დაუფიქრებლად ვპასუხობდი – მხატვარი და მეცნიერი, მაშინ არც მხატვრობის ვიცოდი რაიმე და არც მეცნიერების გამეგებოდა. რაც ბავშვობაში ვთქვი, ზუსტად ამიხდა – მეცნიერიც გავხდი და მხატვარიც. ვფიქრობ, საინტერესო ნაშრომები შევქმენი როგორც ხელოვნებაში, ისე მეცნიერებაში, – თქვა ჯემალ მიქელაძემ.

– ბატონი ჯემალი სახვითი ხელოვნების გარდა ისეთ დარგებში მუშაობს, როგორიცაა ეთნოგრაფია, არქეოლოგია, ისტორია. . . რაც შეეხება მის დღევანდელ ექსპოზიციას, ჟანრობრივად ძალიან მრავალფეროვანია. წარმოდგენილია როგორც გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეების პორტრეტები, ასევე, რელიგიური კომპოზიციები, სიუჟეტური სცენები. . . ძალიან რომანტიკული და ფაქიზი განწყობა აქვს შექმნილი და წარმოდგენილი გამოფენაზე, – აღნიშნა აჭარის ხელოვნების მუზეუმის სახვითი ხელოვნების კოლექციების კურატორმა, ხელოვნებათმცოდნე რატი ჩიბურდანიძემ.

– პროფესიით ეთნოლოგი გახლავთ. არ დაუტოვებია სამხრეთ- დასავლეთ საქართველოში და განსაკუთრებით აჭარაში, არცერთი სოფელი, სადაც არ ჩასულა და უნიკალური ჩანახატები არ გაუკეთებია. სწორედ მისი მხატვრობა-არქიტექტურა ეთნოგრაფიის სახით შენივთებული და დღეს აქ ჩანახატებად წარმოდგენილი. არ დარჩენილა დასავლეთ საქართველოს შესახებ სამეცნიერო მონოგრაფია, სადაც ბატონი ჯემალის ნაღვაწი და ნამუშევარი არ იყოს შესული, – თქვა

ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა როინ მალაყმაძემ.

 

ჯემალ მიქელაძის ნამუშევრების გამოფენა 25 იანვრამდე გაგრძელდება.

 

 

 მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • იანვარი 22, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *