„ჯერ ჟურნალისტი ვიყავი ჩემს გონებაში და მერე პოეზიის სამყაროში დავიბადე“
By

„ჯერ ჟურნალისტი ვიყავი ჩემს გონებაში და მერე პოეზიის სამყაროში დავიბადე“

სალომე ანაბელ ონეზაშვილი რამდენიმე წელია, რაც ლიტერატურულ სარბიელზე გამოჩნდა და იმთავითვე მიიპყრო მკითხველთა ყურადღება. ჟურნალებსა და ფეისბუქზე გამოქვეყნებულმა ლექსებმა ბევრი დაარწმუნა, რომ ამ ახალგაზრდა გოგონას ნამდვილად აქვს სათქმელი. აღსანიშნავია, რომ ახლახან პირველ ქართულ-ინგლისურ საბავშვო წიგნში მისი მოთხრობაც შევიდა, რაც ძალზე საამაყოა. სხვათა შორის, სალომე ჟურნალისტიკის სფეროშიც მუშაობს და ინტერვიუებს საინტერესო ადამიანებისგან ფრანგულ ენაზე იწერს. გარდა ამისა, არის წარმატებული სტუდენტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ფრანგული კლუბის პრეზიდენტია. ფაქიზი აღქმით გამორჩეული და სულით პოეტი რომ არის, ამაში ეს ინტერვიუც დაგარწმუნებთ.
თქვენი შარშანდელი შემოქმედებითი მოსავლით კმაყოფილი ხართ?
– საკუთარ თავით კმაყოფილება ვერ ვისწავლე, მაგრამ მქონია მომენტები – ლექსი დამიწერია და მიგრძნია, რომ ბევრად კარგია, ვიდრე მანამდე რაც დავწერე. საბოლოო ჯამში, ნამდვილია, რასაც ვწერ, ჩემთან ახლოს ან ჩემგან შორს, მაგრამ ჩემი.
 – პირველ ქართულინგლისურენოვან საბავშვო წიგნში თქვენი მოთხრობა შევიდა. როგორ შეიქმნა ეს წიგნი, ვინ არიან ავტორები?
– ეს ჩემი უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების პროგრამიდან გამომდინარე იდეა იყო – წიგნი ბავშვებისთვის 7-14 წლამდე, რომელიც ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების მიზნებისა და ღირებულებების მნიშვნელობის გააზრებას ადრეული ასაკიდანვე. გამოიცემა ამერიკის შეერთებულ შტატებში Libra Alliance- ის მიერ და ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიო მასშტაბით. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტიდან ორი სტუდენტი მოვხვდით ამ წიგნში, თუმცა იყვნენ როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე, შედარებით უფროსი ასაკისანიც. მეც ერთმა კურსელმა გამაგებინა, ვინც იცოდა, რომ ვწერდი, ისე წარდგენილი იქნება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან აფილირებული ორგანიზაციებისთვის.
თქვენი მოთხრობა აფხაზ ქალზე საკონკურსოდ ფრანგულენოვან ჟურნალში გაიგზავნა, რა ბედი ეწია მას?
– ჩემი „ნაზლინა“, იმ 43 ნაწარმოებს შორისაა, რომელიც ფინალში მოხვდა. აფხაზი არ ვარ, მაგრამ ბავშვობიდან როგორც ყველა ქართველს უნდა სტკიოდეს, ისე მტკივა ეს თემა. ფინალისტებს შორის 41 აფრიკელი იყო და 3 ევროპის რეგიონიდან ვიყავით, მათ შორის ერთადერთი ქართველი – მე, თუმცა არ მომიგია. კონკურსს ორგანიზებას უწევენ: Agence Universitaire de la Francophonie (AUF),Radio France Internationale (RFI),Short edition, TV5MONDE. წაიკითხეს ვინმე სალომე როგორ წერდა აფხაზეთზე, ბევრმა უნდა იცოდეს საქართველოს ჯერ ვერდაუბრუნებელი ნაწილის გამო ტკივილის შესახებ.
თქვენ ჟურნალისტურ საქმიანობასაც ეწევით, ამ სფეროში როგორ გრძნობთ თავს?
– ჟურნალისტობა შვიდი წლის ასაკიდან მინდა. ჯერ ჟურნალისტი ვიყავი ჩემს გონებაში და მერე პოეზიის სამყაროშიც დავიბადე. ერთმა მითხრა, ყველგან პოეტი ვერ იქნები, როცა სხვები სიგრძეზე ხტებიან, შენ სიმაღლეზე ვერ ახტებიო. განა ვბრაზდები, ძალიან მიყვარს ისინი, ვინც მხედავენ, რომ უჩვეულო ვარ… მეხუმრა თუ არა, დღემდე არ ვიცი. არ და ვერ ვეშვები ჩემნაირობას, საკუთარი მეს უარყოფა არც ჟურნალისტიკაში მინდა და არც პოეზიაში. ბავშვობაში ძალიან მორცხვი ვჩანდი, ასე სულაც არ იყო. მე ჩემს თანატოლებს ვერ ვერგებოდი ზოგჯერ… მეუბნებოდნენ, არ გინდა ჟურნალისტიკა, რადგან ისეთი უნდა იყო, მთები გადადგა ყვირილითო. ყველაზე მართალი პროფესიაა ჩემთვის. ამ სფეროში ჩემს თავს ვგრძნობ, თამაში არ მიწევს. ჟურნალისტს ყველა და ყველაფერი უნდა აინტერესებდეს, ასეთი ვარ მეც – მაძიებელი… გზა სწორად ავირჩიე.
 – მოგვითხრეთ თქვენს პირველ ფრანგულ დიდ ინტერვიუზე, ანუ რესპოდენტზე, ვინ იყო და რა თემები განიხილეთ?
– ეს იყო ძალიან სპონტანური და მაგარი გადაწყვეტილება. ლეანი, რომელიც პირველ პოდკასტში ჩავწერე, ჩემს უნივერსიტეტში სწავლობს პოლიტიკურ მეცნიერებებს. ბორდოდან არის და ძალიან უყვარს საქართველო. ბევრი ქართველია საფრანგეთში, ჩემი ქართულ- ფრანგული პოდკასტები კი პირველი ყოფილა ონლაინსივრცეში. ბევრმა მითხრა მადლობა ამის გამო. ეს პოდკასტები ფრანგებისთვისაცაა და ქართველებისთვისაც. ბევრ ქართულ ისტორიასაც მოისმენთ… მინდა რაღაც ღირებული და ჩემი შევქმნა.
რას წარმოადგენს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში AUF-ის მხარდაჭერით შექმნილი ფრანგული კლუბი, რომლის პრეზიდენტიც ხართ
– Auf-ი (Agence Universitaire de la Francophonie) ფრანგული ორგანიზაციაა, რომლის პროექტებშიც პირველი კურსიდან აქტიურად ვარ ჩართული. ამ ორგანიზაციამ ივლისში შესთავაზა უნივერსიტეტებს, შეექმნათ ფრანკოფონული კლუბები. ჩემს უნივერსიტეტში ბევრი გაცვლითი პროგრამაა საფრანგეთში. მე რომ ჩავაბარე, არ ვიცოდი ეს, ფრანგული ენაც სპონტანურად ავირჩიე. პრობლემა სიზარმაცეა, არავინ მიჰყვა ფრანგულის სწავლას ბოლომდე, ერთეულების გარდა. წინადადებით შევედი ჩემს ყველაზე კარგ ფრანგულის ლექტორთან. გამართლებაა ჩემთვის ეს ადამიანი, გვერდით დამიდგა. ყველა სტუდენტი ჩამომცილდა ამ გზაზე და მომიწია, მარტო გავძღოლოდი, მაგრამ შემდეგ ერთი გოგო გავიცანი პირველ კურსზე. მასთან ერთად გავავრცელე ამ შესაძლებლობის ამბავი და ძალიან ბევრი დაინტერესდა. ეს ბუნებრივიცაა, რომ რთულია, საპასუხისმგებლოა, მაგრამ ჩემი გზაა, თან მარტო სიარულს მიჩვეული ვარ.
დაღლილ ღმერთებს თუ შეხვედრიხართ? თუ მოგიწმენდიათ ღმერთისთვის, ცრემლი?“, – წერთ ერთ ლექსში, ახლა პროზაულად მოგვითხრეთ ამის შესახებ
– ღმერთი ჩემთვის ცაში დიდი ხელჯოხით არ ზის და არ მიბრაზდება, როცა რაღაც არ გამომდის, ჩემი მეგობარია. არ ვიცი, ვინ როგორ ხედავს, მაგრამ ხანდახან ვფიქრობ, როგორია დაღლილი, როგორია ლოცვების გარეშე? სულ მე რომ ვთხოვ, ძალიან მერიდება ხოლმე, არ ვიცი, ვინ როგორ გაიგებს.
ბრძენს უთქვამს, ერთი პოეტის გარდაცვალება სამყაროსთვის უფრო დიდი უბედურებაა, ვიდრე გვირგვინოსანთა მთელი დინასტიისაო
როგორ ფიქრობთ, ამ სიტყვების ჭეშმარიტება გაცნობიერებული აქვთ დღევანდელ გვირგვინოსანთა და ვისაც ჯერ არს?
– დღეს ნამდვილ პოეზიას თითო-ოროლა თუ კითხულობს. ჭეშმარიტებას არაფერი ესაქმება „გვირგვინოსნებთან“, პოეზია სულიდან იწყება და მათგან შორს დგას. არავინ აფასებს იმას, რაც ყველაზე ღირებულია, რასაც თვალების ფართო გახელა სჭირდება.
რა მატებს ადამიანს სულიერ ძალას, თავად თქვენ?
– ღმერთის, დედაჩემის და ჩემი დაუსრულებელი სიძლიერის წყალობით ვარ ის, ვინც ვარ… გადამრჩენელი თვისება უხვად მაქვს.
დღევანდელობას როგორ აღიქვამთ?
– ერთხელ დავწერე, მომავალს ბორკილები ადევს მაგრამ ამ ბორკილის ამხსნელებიც დაბადებულები არიან.
ისტორიული წარსულიდან ვის გამოიხმობდით და რატომ?
– წარსული წარსულია, ფეტიში არ მჩვევია. რა თქმა უნდა, საამაყოა, რომ მათი წყალობით მოვედით აქამდე, მაგრამ აქ ყოფნა მირჩევნია – აწყმოში, როგორი ცუდიც უნდა იყოს, დღევანდელ თაობას გამოვიხმობდი იქ, სადაც საჭიროა. მათი ხმაა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი. ილია და კოსტავა იყვნენ, დღეს ვიღაც სხვა გვინდა.
წიგნის სამყაროში როცა მოგზაურობთ, ყველაზე შეუცვლელი გიდი ვინ არის, ანუ თანმდევი სულები?
– წიგნს მარტოობა და შინაგანი ხმა უხდება, ძალიან მიყვარს იაპონური ლიტერატურა და აღმოჩენები.
ნატვრა, რომლის ახდენა გსურთ?
– ბევრი ნატვრა ავიხდინე ჩემი შრომისმოყვარეობით, მაგრამ სახლში რომ მივდივარ, დედა ისევ არ მხვდება წლებია… მხოლოდ ეს მინდა, როგორც ბავშვობაში… სიმარტოვე სულ მიყვარდა, მაგრამ დედის გარეშე ცარიელი ვარ.
დაბოლოს, კითხვა, რომელიც ხშირად გიჩნდებათ, პასუხი კი არ გაგიციათ?
– ალბათ კონკრეტული კითხვა არ მაქვს – უფრო მუდმივი ძიება მიყვარს და როცა პასუხს ვერ ვპოულობ, ესე იგი ჯერ არ უნდა ვიცოდე.

ლაშა ხომერიკი

  • No Comments
  • თებერვალი 19, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *