ჯონდი ბაღათურია: თქვენ, ახლა, ევროპა და ნატო ჩვენს პარტნიორებად გეჩვენებათ?
„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია სოციალურ ქსელში პოლიტიკური გაერთიანების განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას იმ პლებისციტში მონაწილეობისკენ მოუწოდებს, რომლის საშუალებითაც უნდა გაირკვეს, სურთ თუ არა ქართველებს ევროკავშირსა და ნატოში ქვეყნის გაწევრიანება, ანუ პოლიტიკოსი ითხოვს, ერმა გადახედოს მრავალი წლის წინანდელ არჩევანს, რომელიც, მისი თქმით, „დღეს აცდენილია გლობალურ და პოლიტიკურ რეალობას, რადგან ინსტიტუტები, რომლისკენაც საქართველო მიისწრაფოდა, ფაქტობრივად, აღარ არსებობს იმ სახით, როგორც ეს ადრე წარმოგვედგინა“.
ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე საუბრობს ბატონი ჯონდი გაზეთ „აჭარასთან“ ინტერვიუში.
– დარეგისტრირდა თქვენი გუნდის ინიციატივა საყოველთაო სახალხო გამოკითხვის შესახებ. თუ შეიძლება, გვიამბოთ, რა საკითხზე ჩატარდება პლებისციტი?
– საქმე ეხება საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას. მოდით, დავიწყოთ თავიდან: საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 35 წლის წინ, საყოველთაო სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, რომლის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და ორგანიზატორი მეც ვიყავი. ამის შემდეგ, ჩვენი ქვეყანა საკუთარზე წინ აყენებდა ნატოს, ევროკავშირისა და აშშ-ის ინტერესებს. აქვე ისიც გაითვალისწინეთ, რომ დამოუკიდებლობამდე, პოსტსაბჭოთა სივრცეში, საქართველო გამოირჩეოდა წამყვანი ეკონომიკით, მდიდარი და მაღალინტელექტიანი მოსახლეობით. პრაქტიკულად, ქართველ მათხოვარს ვერ ნახავდი. მსოფლიოში პირველ ადგილზე ვიყავით, პროცენტულად, უმაღლესი განათლების მქონე ადამიანების ოდენობით. გვქონდა დიდი სამეცნიერო პოტენციალი ფუნდამენტურ მეცნიერებებში: ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა. მოწინავეები ვიყავით კულტურასა და სპორტში. ასეთ პატარა ქვეყანას გრანდიოზული ფიგურები – მსოფლიოში მოწინავე მეცნიერები, მომღერლები, მოცეკვავეები თუ სპორტსმენები გვყავდა. ჩვენს ფოლკლორზე აღარაფერს ვამბობ, მსგავსი მაღალი კლასი არავის აქვს. საქართველომ ამერიკის ყველა ომში იბრძოლა ახლო აღმოსავლეთში. არცერთი ჩვენი ომი არ იყო. აშშ-ის მერე, პროცენტულად, ყველაზე დიდ სამხედრო კონტინგენტს ჩვენი ქვეყანა აგზავნიდა. აქაც მოწინავეები ვიყავით, რაც არაერთხელ აღინიშნა საერთაშორისო დონეზე. მსხვერპლიც საკმაოდ დიდი გვქონდა, გარდაცვალებითაც და ჯანმრთელობის დაზიანებითაც. ზოგიერთს ეგონა, ამერიკა გვაფინანსებდა, არადა, ჩვენს ფულს ვხარჯავდით მის ომში, ანუ არა მხოლოდ ჯარისკაცებით, ფინანსურადაც იქით ვეხმარებოდით აშშ-ს. რა შედეგი მივიღეთ? ექვს მილიონამდე (5.600 ოფიციალური მონაცემებით) იყო საქართველოს მოსახლეობა საბჭოეთის დაშლის პერიოდში. დღეს გავნახევრდით, სამ მილიონამდე ვართ შემცირებული. ეკონომიკასა და სოციალურ მდგომარეობას თავადვე ხედავთ, სამოცი პროცენტი სიღატაკის ზღვარს მიღმაა. ნატომ და ევროკავშირმა როგორ დააფასა ჩვენი თანადგომა, ამასაც ვხედავთ. პასუხად მივიღეთ სახელმწიფოს ნჯღრევა, ხელისუფლების გადატრიალების პერმანენტული მცდელობები, რომელშიც ღიად მონაწილეობენ ევროპელები, მიტინგებზე დადიან, მოლოტოვის კოქტეილის მსროლელ ადამიანებს პოლიტპატიმრებად აცხადებენ და აჯილდოებენ. აშშ-ს საერთოდ არ ვახსოვართ და პასუხსაც არ გვცემს მთავრობის მიერ გაგზავნილ ოფიციალურ წერილებზე.
– მთელი ეს სიტუაცია დაუდეთ საფუძვლად ამ გამოკითხვას?
– სწორად გამიგეთ, აქ რაც ვთქვი, ყველასათვის ცხადი და გასაგებია. ეს პრეამბულა გავაკეთე საქართველოს მორალური უპირატესობის დასაფიქსირებლად. ჩვენ კი არ ვღალატობთ არჩეულ გეზს, პირიქით, ჩვენ გვიღალატა ნატომაც და ევროკავშირმაც. თანაც, დღეს რადიკალურად შეიცვალა მოცემულობა, უკრაინის საუკეთესო მაგალითი გვაქვს, ამ ორი ორგანიზაციისკენ სწრაფვას რაც მოჰყვა: კოლოსალური მსხვერპლი, სახელმწიფოს პრაქტიკული განადგურება, სუვერენიტეტის დაკარგვა.
– უახლესი ამბებიც არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას…
– დიახ, სხვა რაღა ვთქვათ, ნატოს ერთი წევრი ქვეყანა აშშ ართმევს ნატოს მეორე წევრს – დანიას ტერიტორიების 90%-ს. გრენლანდია ხომ დანიის სამეფოს ძირითადი ნაწილია და არა ყინულის ნატეხი, ტრამპმა რომ განაცხადა. გამოდის, ნატოს უსაფრთხოეობის ქოლგა, პრაქტიკულად, აღარ არსებობს. ევროკავშირი მოკვდა და აღარ აღდგებაო, ეს ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა და მაშინ სად მივდივართ? რად გვინდა ევროკავშირს დავემგზავროთ ჯოჯოხეთისკენ, ჩვენ ხომ მარადიული ცხოვრებისთვის ვამზადებთ უკვდავ სულებს? ამიტომ აქ საქართველოს ადგილს ვერ ვხედავ. ჩანს, რომ გრძელვადიანი ეროვნული ინტერესებისთვის მათთან ყოფნა არის რეალური საფრთხის მატარებელი.
– ოფიციალურად, ეს საკითხი ხელისუფლებას არ დაუყენებია…
– ჯერ კიდევ ინერციით აგრძელებს აღებულ გეზს, როგორც პოლიტიკური ელიტის ნაწილი, ისე ხელისუფლება, რადგან ეს მუხლი კონსტიტუციაშია ჩაწერილი. ამიტომაც გადავწყვიტეთ, მიგვემართა ხალხისთვის. დაე, ხალხმა გადაწყვიტოს, რა არის უმჯობესი საქართველოს მომავლისთვის. აქ ჩვენი ყოფნა-არყოფნის ბედი წყდება და ოჯახის, ერის გრძელვადიანი ინტერესები გამოდის წინა პლანზე. ვთვლი, რომ ამ არჩევანის გაკეთება მოსახლეობის პრეროგატივაა და არა კარგი თუ ცუდი პოლიტიკური ელიტის.
– დღევანდელი განწყობის ფონზე, ეჭვი მეპარება, რომ ხალხმა უარი თქვას ევროპაზე…
– მე ვსწავლობ საზოგადოებრივ აზრს და ვიცი განწყობაც. თანაც, პლებისციტის დანიშვნამდე ორი თვე გვექნება განმარტებით-პროპაგანდისტული კამპანიის საწარმოებლად. სიმართლე გითხრათ, დარწმუნებული ვარ საკუთარ სიმართლესა და შესაძლებლობებში. აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ დავარწმუნებთ საზოგადოების დიდ ნაწილს, მხარი დაგვიჭირონ, რათა საქართველოს თავიდან ავაცილოთ „შარში გახვევა“…
– დავუშვათ, უარი ვთქვით ევროკავშირზე, ნატოზე… შემდეგ რა გველის, საითკენ ავიღებთ გეზს, ჩვენს სამმილიონიან ქვეყანას პარტნიორი რომ სჭირდება, ესეც ხომ ფაქტია?
– მოდით, რიტორიკული შეკითხვით გაგცემთ პასუხს: თქვენ, ახლა, ევროპა და ნატო ჩვენს პარტნიორებად გეჩვენებათ? ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ შეერთებული შტატები კავკასიიდან გადის. კი, იყო პერიოდი, ცდილობდა აქ დომინირებას, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ტრამპმა პირდაპირ გამოაცხადა, კავკასია პუტინის ტერიტორია არისო. ის გადის აღმოსავლეთ ევროპიდანაც, ეს არის მსოფლიოს გლობალური გადანაწილების წინაპირობა, ფაქტია, რომ შეთანხმდნენ უკვე და თავ-თავისას მიხედავენ. ხდება ერთპოლუსიანი სამყაროს დეცენტრალიზაცია და რამდენიმე მიზიდულობის ცენტრის ჩამოყალიბება.
– ანუ ჩვენ ისევ რუსეთს მიგვაკუთვნეს?
– მთლად ასე მარტივად არ დგას საკითხი. კავკასიის რეგიონში ჩვენ ვართ რეგიონალური ლიდერი სახელმწიფო, არა მხოლოდ გეოგრაფიით… არავის რომ არ ვაწყენინოთ, აღარ დავაკონკრეტებთ, კიდევ რა მონაცემებით. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური აქციები გვიკავია ხელში, რისი გამოყენებაც შეგვიძლია საკუთარ მეზობლებთან, პირველ რიგში – რუსეთთან, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით. საქართველო უნდა გადაიქცეს არა დაპირისპირებების, კინკლაობის და ომის (ღმერთმა დაგვიფაროს) ასპარეზად, არამედ დიალოგის, თუნდაც დისკუსიების ჩატარების ადგილად ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებისთვის. პირველ რიგში, ისევ და ისევ, რუსეთთან უნდა აღვადგინოთ ძველი, პარტნიორული ურთიერთობა, პარალელურად კი გავამყაროთ კავშირები აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან, ირანთან, ჩინეთთან, ინდოეთსა და არაბულ სამყაროსთან. ეს ის სახელმწიფოებია, რომელებთანაც დღეს ევროპაც ეძებს საკონტაქტო გზებს.
– ევროპას რა ვუყოთ?
– არ ვამბობ, რომ ევროპას კარი გამოვუჯახუნოთ და გავებუტოთ, ცხადია, დავრჩებით მათთან კარგ ურთიერთობაში, ოღონდ უფრო მომძლავრებულები და იყავით დარწმუნებული, სულ სხვა ტონალობაში დაგველაპარაკებიან. დღეს საქართველო არის ცივილიზაციების დიალოგისთვის, ეკონომიკური თუ სავაჭრო კავშირების დამყარებისთვის იდეალური ადგილი, ანუ აქ შეიძლება გაიდოს ევრაზიის ხიდი, რადგან ყველაზე მოსახერხებელი დერეფანია როგორც ეკონომიკურად, ისე ლოგისტიკურად. აქ გავა ყველაზე სტაბილური და უსაფრთხო აბრეშუმის გზა. აქაურობა იქცევა სამშვიდობო ლანდშაფტად ზემოთ ჩამოთვლილი მიზნებისთვის. ეს ქვეყნები დაინტერესებულები არიან საქართველოში სტაბილურობით და ევროპასავით კუდაბზეკით არ გველაპარაკებიან (აბა, აშშ სულ არ გველაპარაკება, რატომ გაგვებუტა, არ ვიცი)… რასაც დათესავ, იმას მოიმკი, ჩემო კარგო. უკრაინელებმა ვინც აირჩიეს ხელისუფლებაში, იმის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგები მიიღეს. თუ ჩვენც ასევე გავიგიჟებთ თავს ნატოს და ევროკავშირის მხარდაჭერით, იგივეს მოვიმკით… მაგრამ ეს შედეგები კულისებში გარიგებებით კი არ უნდა მივიღოთ, ხალხმა უნდა გააკეთოს საკუთარი არჩევანი, ეს ხომ არ არის რიგითი საკითხი, ეკონომიკური ან განათლების თუ საპენსიო რეფორმა.
– თქვენ კარგად იცით, რა შედეგს გამოიღებს ეს პლებისციტი, პირადად თქვენ ოპოზიცია რუსეთის წარმომადგენლად გამოგაცხადებთ…
– ჯერ ერთი, საერთოდ არ მაინტერესებს იმ ბრბოს აზრი, რომელსაც თქვენ ოპოზიცია უწოდეთ. მათ პოლიტიკასთან ან ოპოზიციასთან არანაირი კავშირი არ გააჩნიათ, ეს არის საკუთარი სამშობლოსა და ხალხის წინააღმდეგ ამბოხებული ბრბო. ამაზე უფრო კორექტულად მათ ვერ მოვიხსენიებ.
– ბევრი ხამამაღლა ვერც გააცხადებს, კიდეც რომ იზიარებდეს თქვენს ნათქვამს. ისევ და ისევ რუსეთს ვგულისხმობ…
– კი, ხმამაღლა ვერ იტყვიან, მაგრამ გამოკითხვა ფარული იქნება, ასე რომ, არანაირი გამჟღავნების რისკი არ ემუქრება იმათ, ვისაც ეშინია საკუთარი აზრის ხმამაღლა დაფიქსირების. საზოგადოებამ კარგად იცის, რაც ხდება, ასე რომ, არც ამ გამოკითხვას გაექცევა ვინმე და არც შეეშინდება სიმართლის თქმის. ყველა კარგად ხედავს, სად არის საშველი და უფრო პრაგმატულად მოეკიდება საკითხს. ჩვენთვის აჯობებს, საკუთარი ნიშა მოვძებნოთ და მოვირგოთ ის როლი, რომლის მეშვეობითაც საკუთარ ქვეყანას და ხალხს გადავარჩენთ, ეკონომიკურ კეთილდღეობას მივაღწევთ. მე მაქვს კავშირი საკუთარ ხალხთან, არც დაბურულშუშებიანი მანქანებით მივლია და არც კაბინეტების ჭუჭრუტანებიდან მიყურებია გარეთ. ჩემს ხალხთან ერთად ვცხოვრობ და ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხზე მათი დადებითი აზრიც ვიცი და უარყოფითიც. ახლა მთავარია, საქართველოს მთავრობა დათანხმდეს პლებისციტს და ხალხს გადასცეს ამ უმთავრეს კითხვაზე პასუხის გაცემის პრეროგატივა, სწორედ ეს იქნება ჭეშმარიტი დემოკრატია.
– კანონპროექტთა პაკეტი „უკონტროლო მიგრაციისა და შრომის ბაზრის დაცვის შესახებ“ 27 იანავარს დარეგისტრირდა პარლამენტში, რომელმაც უნდა მოაწესრიგოს ქვეყანაში არსებული არაკონტროლირებადი მიგრაციული ნაკადები და იაფი უცხოური მუშახელის მიერ საქართველოს მოქალაქეთა ჩანაცვლება. თუ შეიძლება – მოკლედ, რაში მდგომარეობს ამ პროექტის მთავარი არსი?
– ეს მოითხოვს გადამჭრელ სახელმწიფოებრივ რეაგირებას და საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი მაქვს. კანონპროექტთა პაკეტი აღკვეთს ე.წ. კულტურულ მიგრაციას მოკლე ვადებში. უკვე გაზაფხულზე, ვიზუალურად გაქრება „უცხო სახეები“, რომელთა დიდი ნაწილი აქ კანონდარღვევით იმყოფება და ფიქტიურ საბუთებს, სასწავლო ბინადრობის უფლებას იყენებს. სხვათა შორის, იუველირულად მომზადებული კანონპროექტია, დანის პირზე გავიარეთ, არანაირ ინვესტიციებს და ქვეყნის ეკონომიკას არ ვურტყამთ. პირიქით, უფრო მაღალი კლასის ინვესტიციების შემოსვლას შეუწყობს ხელს. უკონტროლო მიგრანტებს შორის ყველაზე მეტია შრომითი მიგრანტი, რომელთა დიდი ნაწილი შემოსულია აზია-აფრიკის ღარიბი ქვეყნებიდან (იგივე „გასტერბაიტერები“). პირველ რიგში, უნდა აიკრძალოს დაბალკვალიფიციურ სამუშაოზე უცხოელი მიგრანტების დასაქმება. ძალიან მეცოდება ეს ხალხი, საკუთარი მძიმე შრომით შოულობენ სარჩოს, მაგრამ რა ვქნა, ჩვენი ხალხი უფრო მეცოდება და მინდა, გამოვუთავისუფლო შრომის ბაზარი. ვგულისხმობ საკურიერო ბიზნესს: „გლოვო“, „ვოლტი“, ტაქსები და სხვ. როდესაც ისინი ვერ დასაქმდებიან, ყოველგვარი დეპორტაციის გარეშე დატოვებენ ქვეყანას და არც სხვებს ურჩევენ აქეთ ჩამოსვლას. ეს ყველაფერი სახელმწიფოს ზედმეტი ხარჯებისგანაც გამოათავისუფლებს. რაც შეეხება მაღალინტელექტუალურ სამსახურებს, მთავრობა შეისწავლის ბაზარს, დაადგენს ნუსხას, რომელი პროფესიების დეფიციტი გვაქვს (მაგალითად, იგივე IT-სპეციალისტები, ექიმები და ა.შ.) და მოხსნის ამ შეზღუდვას კონკრეტულ სფეროში. თავისთავად, ეს პიროვნება გაივლის ფეისკონტროლს და მას შეისწავლის უსაფრთხოების სამსახური. ანუ ყველაფერი დარეგულირდება ისე, როგორც ჩვენს მოსახლეობას აწყობს.
– როგორ შეაფასებთ პრემიერის ახალ ინიციატივას მაღალი ფასების დარეგულირების და ამ კუთხით გარკვეული ქმედებების განხორციელების შესახებ?
– პრემიერ-მინისტრის განცხადება აბსოლუტურად სამართლიანი და კვალიფიციური იყო. კარტელური შეთანხმებები გახდა სამომხმარებლო კალათაზე, ფარმაცევტულ ბიზნესსა და სხვადასხვა სერვისზე ფასების ზრდის ძირითადი მიზეზი. საქართველოს ეკონომიკა გადანაწილებულია კლანებს, კარტელებს შორის. როგორც ნარკოკარტელები არსებობს, ისევე არსებობს სააფთიაქო კარტელები, რომლებსაც ხელში ჩაგდებული აქვთ წამლების იმპორტი, მედიკამენტების წარმოება, დისტრიბუცია, ჰოსპიტალური სექტორი ანუ კლინიკები, სადაზღვევო სისტემა. ამ კარტელის გარეთ ვერ გაიქცევი: წამალიც, ექიმიც, სადაზღვევო კომპანიაც და კლინიკაც მათია. სულ ოთხია ასეთი კარტელი და მათ აქვთ გარიგება ფასებსა და ხარისხზე. არ შედიან ერთმანეთთან კონკურენციაში და ერთად ატყავებენ ხალხს. ანუ არსებობს დანაშაულებრივი შეთქმულება საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. სწორედ ეს ილაპარაკა პრემიერ-მინისტრმა და დაიწყო ამ სისტემის წინააღმდეგ რეალური ბრძოლა. იგივე სქემაა სუპერმარკეტებშიც. ქსელურმა მაღაზიებმა დაიპყრო ბაზარი. მსხვილმა ოლიგარქებმა განდევნეს წვრილი მოვაჭრეები, ჩაყლაპეს პატარ-პატარა მაღაზიები და პროდუქტებზე დააწესეს სპეკულაციური ფასები… 86-100%-იანი დანამატი გაგიგიათ სადმე?! აქ მხოლოდ სადისტრიბუციო ქსელი არ მონაწილეობს, იმპორტიორებიც არიან ჩართული. სწორედ, ორგანიზებულ დანაშაულთან გვაქვს საქმე. იმპორტიორთა კარტელებიც ინაწილებენ პროდუქტებს, მაგალითად: ფქვილი, შაქარი და სხვ. შემოაქვს იქს პიროვნებას, ხოლო ბოსტნეული, ხილი და ა.შ.- იგრეკ პიროვნებას. თუკი ვინმე სხვა დააპირებს შემოტანას, მას საზღვარზევე გაუსწორდებიან. ცხადია, ამ სქემაში მონაწილეობენ მთავრობაში მოკალათებული კორუმპირებული ჩინოვნიკები, რომლებიც აკონტროლებენ ამ საქონლის მიწოდების ნაკადებს. მოგეხსენებათ, ფასთწარმოქმნაში მნიშვნელობა აქვს ბალანსს მოთხოვნასა და მიწოდებას შორის. ბაზარზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა შემოსული მიგრანტების ხარჯზე. თუ მიწოდებას გააკონტროლებ და არ მიაწვდი სათანადო რაოდენობით, დააბალანსებ – ფასები ავტომატურად გაიზრდება.
– გვეშველება რამე?
– რა ვიცი, ატყდება ომი… უნდა მომზადდეს საკანონმდებლო ბაზა და განხორციელდეს სათანადო ქმედებები. კვლევები უკვე არსებობს, მთავარია მონდომება და თუ მოინდომეს, მართლა ეშველება ხალხს.
ირმა ცეცხლაძე