ჰელსინკის კომისია – მოლოდინი და შეფასებები
აშშ–ის ჰელსინკის კომისიამ 11 თებერვალს ბრიფინგი გამართა თემაზე: „ქართული ოცნების“ მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ჰელსინკის კომისიამ გაავრცელა.
„2024 წლის ოქტომბრიდან „ქართულმა ოცნებამ“, საქართველოს მმართველმა პარტიამ, ქვეყანა დამოუკიდებლობის შემდეგ ადამიანის უფლებების ყველაზე მძიმე კრიზისში გადაუშვა. მათ 20-ზე მეტი ახალი კანონი მიიღეს, რომლებიც სახელმწიფოს ძალაუფლებას აფართოებს განსხვავებული აზრის ჩასახშობად და სასამართლოსთვის დამოუკიდებლობის წასართმევად. რეპრესიებმა თანაბრად მოიცვა სამოქალაქო საზოგადოება, ჟურნალისტები და პოლიტიკური ოპოზიცია. ხელისუფლებამ ორგანიზაციების საბანკო ანგარიშები გაყინა, რომლებიც იურიდიულ დახმარებას უწევენ დემონსტრანტებს, დაპატიმრებულ ჟურნალისტებს და ოპოზიციური ფიგურები დაიბარა ყალბ სასამართლო პროცესებზე, რომლებსაც პატიმრობა მიუსაჯა მათი ძალაუფლების არაღიარებისთვის. მშვიდობიან პროტესტს ახლა შედეგად მოჰყვება დიდი ჯარიმები და ხანგრძლივი პატიმრობები“, – წერია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა ლორა თორნტონმა ჰელსინკის კომისიაში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ საქართველოს დემოკრატიული დაცემა ბოლოდროინდელი და სწრაფი პროცესია. მისი მტკიცებით, ამის ნიშნები საკმაოდ დიდი ხნის წინ გამოჩნდა. თორნტონის თქმით, საბედისწერო ხარვეზები „ქართული ოცნების“ მმართველობის დასაწყისიდანვე იყო.
„სამწუხაროდ, საკუთარი თვალით ვნახე საქართველოს დაცემა. 2014 წელს გადავედი საქართველოში, რათა „ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ ოფისის ხელმძღვანელი ვყოფილიყავი. ეს იყო წარმატებული და დემოკრატიული ხელისუფლების ცვლილების ცოტა ხნის შემდეგ – ყოფილი მთავრობიდან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ „ქართული ოცნების“ კოალიციისკენ, რომელიც იყო „ენმ“-ის დასამარცხებლად გაერთიანებული მრავალფეროვანი კოალიცია, ნამდვილად საინტერესო დრო, სავსე რეფორმებისა და განახლების დაპირებებით. საქართველო მასპინძლობდა და ხელმძღვანელობდა ღია მმართველობის პარტნიორობას. ჩვენ პარლამენტში ვმუშაობდით დემოკრატიული რეფორმების მთელ სერიაზე, ქვეყანა სწრაფად მიისწრაფოდა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პროცესისკენ.
უნდა ვთქვა, რომ ეს პერიოდი იყო ხანმოკლე. ბევრი ფიქრობს, რომ საქართველოს დემოკრატიული დაცემა ბოლოდროინდელი და სწრაფი პროცესია, მაგრამ მე ვამტკიცებ, რომ ამის ნიშნები საკმაოდ დიდი ხნის წინ გამოჩნდა. პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ მმართველობის დასაწყისიდანვე იყო საბედისწერო ხარვეზი. ეს ხარვეზი არის რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. ის არის ადამიანი, რომელმაც დააფინანსა „ქართული ოცნების“ შექმნა და მან იმსახურა პირველი პრემიერ-მინისტრის პოსტზე. ივანიშვილი არასდროს ყოფილა ერთგული დემოკრატიული პრინციპებისა თუ პროცესებისადმი, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ყოველთვის დაკავშირებული იყო რუსეთთან – ქვეყანასთან, რომელმაც ის გაამდიდრა; მეორე, იმ ფართო კოალიციამ, რომელიც აღვწერე, დაიწყო ნგრევა 10 წლის წინ, 2015 წელს, როდესაც უფრო დემოკრატიულმა და დასავლეთზე ორიენტირებულმა პარტიებმა დაიწყეს გამოყოფა; მესამე, თითქმის დაუყოვნებლივ დავინახეთ ლიბერალური გრავიტაცია, რომელიც იწყება, როგორც ეს ხშირად ხდება, რუსული ნარატივებითა და დეზინფორმაციით უმცირესობებზე, ქალებზე, ეთნონაციონალიზმსა და ანტიდასავლურ რიტორიკაზე. ეს სწრაფად გადავიდა თავდასხმებზე სამოქალაქო საზოგადოებაზე, სახელმწიფოს მტრებზე, მედიასა და ინსტიტუტებზე, რომლებიც მთავრობას ამოწმებენ“, – განაცხადა თორნტონმა.
თორნტონი მიიჩნევს, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა წარმოადგენს საქართველოს საბოლოო გაყრას დასავლეთთან და სრულ ვარდნას ავტორიტარიზმში. მისივე თქმით, საქართველოში იღებენ ახალ კანონებს, რომლებიც არღვევს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებსა და კონსტიტუციას.
„მიხარია, რომ შემიძლია, 2024 წლის არჩევნებზეც ვისაუბრო. მე ვაკვირდებოდი ყველა არჩევნებს საქართველოში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. მოდით, უბრალოდ ვთქვათ, არჩევნების დამკვირვებლის თვალით, ის იყო სავსე დაშინებითა და სხვა დარღვევებით, „ქართულმა ოცნებამ“ ძალით დაიკავა ხელისუფლება, დაუყოვნებლივ შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და აკრძალა პოლიტიკური ოპოზიცია. ქართველები ამის შემდეგ ყოველდღე პროტესტს გამოხატავენ. მათ ძალადობით უპასუხეს, დააკავეს. სამოქალაქო ლიდერები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები ციხეში არიან, მათ შორის ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომლის გათავისუფლებისთვისაც „მაკკეინის ინსტიტუტი“ იბრძვის. საქართველოში 121 პოლიტიკური პატიმარია. ბევრი ჩემი მეგობარია.
ყოველ კვირას იღებენ ახალ კანონებს, რომლებიც არღვევს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებსა და კონსტიტუციას, განსაკუთრებით, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას“, – აღნიშნა თორნტონმა.

ჰელსინკის კომისიის შეხვედრამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულ შეფასებას ლორა თორნტონიდან ელოდებოდა.
„მოლოდინი მაქვს, რომ ქალბატონი ლორა თორნტონი კიდევ გამოცხადდება იქ და მაინტერესებს, ის კვლავ თუ გაიმეორებს თავის მოსაზრებას, რომ დონალდ ტრამპი არის სექსუალური მოძალადე. ასეთი ადამიანის ჩვენებებს ეყრდნობა ჰელსინკის კომისია, როგორც ჩანს, საქართველოსთან მიმართებით. ასე რომ, კარგ კამპანიაში ვართ. ადამიანი, რომელიც სექსუალურ მოძალადეს უწოდებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, თურმე მისი ჩვენებები საქართველოს წინააღმდეგ არის ვინმესთვის საინტერესო. არანაირი მოლოდინი არ გვაქვს. ვხედავთ ჩვენ ჰელსინკის კომისიის მუშაობის სტილს. მათ აქვთ აბსოლუტურად ცხადი პოლიტიკური დღის წესრიგი ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ამ დღის წესრიგს მიჰყვება ამ კომისიის რამდენიმე ლიდერი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ანალოგიური მოსაზრება აქვს პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელ მდივან გურამ მაჭარაშვილს. მისი თქმით, ჰელსინკის კომისიას უკვე ამერიკაში აღარ უსმენენ, მით უმეტეს, საჯაროდ აღიარებულია, რომ თორნტონი არის თავისი ქვეყნის პრეზიდენტის მაგინებელი ადამიანი, რომელსაც საქართველო ეზიზღება. მაჭარაშვილის თქმით, ჰელსინკის კომისიაზე ლორა თორნტონს როცა უსმენენ, კომისიის მიმართ ნდობა ნულოვანია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამერიკაშიც. „რაც შეეხება „ფასიან განცხადებებს“, რასაც თორნტონი აკეთებდა, ყველამ კარგად დაინახა, რომ თავადვე უარყო თავისივე განცხადება. ამბობს, საქართველოში ვითომ მკაცრ კანონებს იღებენ, თუმცა თავადვე აღნიშნავს, გრანტების თაობაზე მსგავსი კანონების მიღება რატომ გვიწევს. გადაწყვეტილი აქვთ, კანონმდებლობის გვერდის ავლით საქართველოში შავი ფული შემოიტანონ. შემდეგ უკვირს, ისეთ კანონებს რატომ ვიღებთ, ქართულ პოლიტიკაში შავი ფული რომ არ შემოვიდეს. ეს არის მისი „ლოგიკა“. დაბოღმილი ადამიანისგან ჯანსაღ განცხადებებს ვერ მოისმენ. თურმე, ამერიკას და ევროპას სჭირდებათ, რომ იქ უცხოური ძალა არ ჩაერიოს, საქართველოს კი, რატომღაც ეს არ სჭირდება. თავად თქვეს, გზებს ვეძებთ, რომ საქართველოში კანონმდებლობის გვერდის ავლით შავი ფული შევიტანოთო. ეს ფული სჭირდებათ, რომ „მოლოტოვის კოქტეილები“ იყიდონ, პოლიციელები დაწვან, პარლამენტში შევარდნენ. კომისიაზე თქვა, ამისთვის საქართველოში შავ ფულს შევიტანთო, შემდეგ აპროტესტებდა, შავი ფულის შემოტანის კანონმდებლობას რატომ იღებენ და საშუალებას არ გვაძლევენ, შავი ფული შევიტანოთო. ძალიან წუხს, რომ USAID-ი თავზე ჩამოენგრა. მხოლოდ ეს ორგანიზაცია კი არ ჩამოინგრევა, ჩამოინგრევა ყველა ინსტიტუტი სიმართლის პრინციპიდან გამომდინარე“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ჰელსინკის კომისიაში გამართულ მოსმენაზე ლორა თორნტონთან ერთად განცხადებები გააკეთეს ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მკვლევარმა ოლესია ვართანიანმა და McLarty Associates-ის მმართველმა დირექტორმა კლერ კაიზერმა.
– ვიპოვოთ გზა, ვითანამშრომლოთ საქართველოსთან უსაფრთხოების, რეგიონული ინტეგრაციის, ეკონომიკური პლატფორმის საფუძველზე, საბოლოო ჯამში, საქართველოს მომავალს განსაზღვრავენ ქართველები და არა – ვაშინგტონი, – განაცხადა McLarty Associates-ის მმართველმა დირექტორმა კლერ კაიზერმა. მისივე თქმით, საბოლოოდ ეს სასარგებლო უნდა იყოს არა მხოლოდ ქართველი ხალხისთვის, არამედ უფრო ფართო რეგიონისთვის. „ვნახეთ, როგორ გამოდიან ქართველები ქუჩებში და, დიდი რისკის მიუხედავად, ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყოველდღიურად აპროტესტებენ. არ დავივიწყოთ, რომ ისინი ამ წუთასაც კი კვლავ ქუჩებში არიან. მეტიც, კომისია კარგად იცნობს, რამდენად გაუარესდა აშშ-საქართველოს ურთიერთობები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს ინტენსიური გახდა ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, მაგრამ ახალი ფენომენი არ არის. ეს განსაკუთრებით გამწვავდა 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. აღსანიშნავი იყო 2009 წლის აშშ-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის შეჩერება 2024 წლის ნოემბერში, როგორც ერთ-ერთი პოლიტიკური პასუხი, ისევე როგორც მალევე დაწესებული აშშ-ის სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეპრესიების სხვა ძირითადი მხარდამჭერების წინააღმდეგ“, – აღნიშნა კლერ კაიზერმა.
ჰელსინკის კომისიას ჩვენი საზოგადოება კარგად იცნობს, ჩვენ მათი წარსულში გაკეთებული განცხადებები ნანახი გვაქვს და დღესაც ზუსტად იგივე მოლოდინი გვაქვს, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი. მისი თქმით, მოლოდინი ჰქონდა, რომ ჰელსინკის კომისიის შეკრებაზე საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი დეზინფორმაცია გავრცელდებოდა. როგორც მახაშვილმა აღნიშნა, რეალურად, ამ კომისიის მიზანი ორმხრივი ურთიერთობების წახალისება, ხელშეწყობა და გაძლიერება არც არასდროს ყოფილა. „ალბათ ჩვენ მოვისმენთ იმ დეზინფორმაციასა და ტყუილებს, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის ცნობილია, მაგრამ აქ მთავარი საგულისხმო არის ის, რომ ეს ღონისძიება დაამთხვიეს სწორედ იმ მომენტს, როდესაც ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვის პროცესის პოზიტიური დინამიკა გაჩნდა. რეალურად, ამ კომისიის, ამ ინსტრუმენტის მიზანი ორმხრივი ურთიერთობების წახალისება, ხელშეწყობა და გაძლიერება არც არასდროს ყოფილა, ყოველთვის პირიქით იყო ხოლმე, რომ ურთიერთობები გაეფუჭებინათ. კიდევ ერთხელ, როდესაც კარგი დინამიკა გამოიკვეთა და კარგი სიგნალები გაჩნდა, სწორედ ამ მომენტს დაამთხვიეს, რომ ამ პროცესს მაქსიმალურად ხელი შეუშალონ. ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაფერი ძალიან ნათელია. სამწუხაროდ, ჰელსინკის კომისია არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, რასაც ორმხრივი ურთიერთობების დაზიანებისთვის იყენებენ და არა მისი ხელშეწყობისთვის. ის განცხადებები, რაც ამ კომისიის ფარგლებში გაკეთებულა, სწორედ ამისი დადასტურებაა და ქართული საზოგადოება იმავეს უნდა ელოდოს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა ჰელსინკის კომისიის ჩატარებამდე.
მახაშვილის თქმით, ჰელსინკის კომისია საქართველოს ხელისუფლებისთვის არასდროს წარმოადგენდა ამერიკის პოზიციას. „ჩვენ წარსულში ვნახეთ, რომ ყველა შემთხვევაში, როდესაც საქართველოს მიმართ უსამართლო ბრალდებები იყო, ადრე თუ გვიან, ეს ადამიანები, ფორმატები და ორგანიზაციები მხილებული იყვნენ ხოლმე სხვადასხვა უკანონო პროცესში, ამიტომ გასაკვირი არ არის. ეს ბუნებრივიცაა, როდესაც შენ ჰუმანური ინტერესების ნაცვლად კონკრეტული ფინანსური თუ სხვა ტიპის ინტერესები გაქვს, არა – მოქალაქეების ინტერესები, არამედ – კონკრეტული ფინანსური ინტერესები. ჰელსინკის კომისია ჩვენთვის არასდროს წარმოადგენდა ამერიკის პოზიციას“, – განაცხადა მან.
სხვა შეფასება ჰქონდა პარტია „ლელოს“ წევრ გრიგოლ გეგელიას. ის დარწმუნებული იყო, რომ „ჰელსინკის კომისიაში მოსმენაზე გაჟღერებული იქნებოდა ყველა ის ძირითადი გამოწვევა, რაც გააჩნია ჩვენს დემოკრატიას და ჩვენს სახელმწიფოებრივ პროცესს“.
„რა თქმა უნდა, ჰელსინკის კომისიის მოსმენა იქნება ძალიან კრიტიკული. დარწმუნებული ვარ, იქ გაჟღერებული იქნება ყველა ის ძირითადი გამოწვევა, რაც გააჩნია ჩვენს დემოკრატიას და ჩვენს სახელმწიფოებრივ პროცესს. „ქოცებს“ მოუწევთ შეგუება იმასთან, რომ ვაშინგტონში კვლავ ისმის სიმართლე და ეს ასე იქნება სულ. არანაირი დალაგება და ნორმალიზება არ მოხდება ამჟამინდელი პოლიტიკური კურსის შენარჩუნების პირობებში“, – განაცხადა გეგელიამ.