1 მარტიდან „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ამოქმედდება
By

1 მარტიდან „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ამოქმედდება

ცვლილებების თანახმად, საქართველოში უცხოელთა დასაქმება/თვითდასაქმება მხოლოდ შესაბამისი რეგულაციების დაცვით მოხდება. იმისათვის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე კანონიერად დასაქმდეს ან განახორციელოს შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა, მათ შორის, დისტანციურად „შრომითი საქმიანობის უფლების“ მოპოვება დასჭირდება. თუ მიგრანტი განაცხადის შევსებისას არ ფლობს რაიმე სახის ბინადრობის ნებართვას, „შრომითი საქმიანობის უფლების“ მიღების შემდეგ, საჭირო იქნება მოიპოვოს D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა ან/და შრომითი ბინადრობის ნებართვა.

უცხოელთათვის „შრომითი საქმიანობის უფლების“ ნებართვებს სსიპ „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო“ გასცემს. შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის პროცესი სრულად ელექტრონულია და სარეგისტრაციო პორტალი 1 მარტიდან იქნება ხელმისაწვდომი. ნებართვის მიღება ფასიანია, საფასური კი დამოკიდებულია მომსახურების ვადაზე:

სტანდარტული განხილვა (30 დღე) – 200 ლარი.

დაჩქარებული განხილვა (10 სამუშაო დღე) – 400 ლარი

,,შრომითი მიგრაციის შესახებ კანონის“ მიხედვით, ბიზნესი ვალდებული ხდება უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმებამდე ვაკანსია მინიმუმ 10 სამუშაო დღით განათავსოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში Worknet.moh.gov.ge-ზე, თუ ვაკანსიაზე, აღნიშნულ დროში შესაბამისი კვალიფიკაციის ადგილობრივი კადრი ვერ მოიძებნა, მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევა ნებართვა დამსაქმებელს, წარადგინოს განცხადება უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმების შესახებ შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში. კანონის მიხედვით, ნებართვის მიღების საფასური დამსაქმებელმა უნდა გადაიხადოს.

შრომითი საქმიანობის უფლება კონკრეტულ პოზიციასა და კონკრეტულ დამსაქმებელზე გაიცემა 1 წლამდე ვადით.

რაც შეეხება თვითდასაქმებულ უცხოელს, „შრომითი საქმიანობის უფლების“ მოსაპოვებლად ელექტრონულ განაცხადს თავად ავსებს და თავად იხდის შესაბამის საფასურს. თვითდასაქმებულზე სამუშაო უფლება გაიცემა კონკრეტული სფეროს, სექტორისა და სამეწარმეო საქმიანობის მითითებით.

თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე თავს აარიდებს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ ნორმებს, ეს გამოიწვევს, როგორც დასაქმებულის, ასევე, დამსაქმებელის დაჯარიმებას, მათ შორის, თვითდასაქმებული უცხოელის ფინანსურ ჯარიმებს.

თვითდასაქმებულ უცხოელებზე, რომლებიც 1 მარტის მდგომარეობით უკვე საქმიანობენ საქართველოში, კანონმდებლობით გათვალისწინებული აღსრულების მექანიზმი 2026 წლის 1 მაისიდან ამოქმედდება.

ახალი რეგულაციები მაქსიმალურად დაახლოებულია ევროკავშირის სტანდარტებთან, რომლის მიზანია, უცხოელი მოქალაქეები საქართველოში დასაქმდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს შეესაბამება შრომის ბაზრის რეალურ საჭიროებებს და არ ზღუდავს ადგილობრივი მუშახელის ინტერესებს. ამასთან, ცვლილებები ხელს უწყობს არალეგალური დასაქმების შემცირებას, კონტროლის გაძლიერებას და პასუხისმგებლობის მკაფიო გადანაწილებას როგორც დამსაქმებლებს, ისე უცხოელ მოქალაქეებს შორის“, – ნათქვამია საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • No Comments
  • თებერვალი 24, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *