14 იანვარი – ქართული თეატრის დღე
14 იანვარს საქართველოში ქართული თეატრის დღე აღინიშნება, თარიღი, რომელიც ეროვნული კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სფეროს – თეატრალურ ხელოვნებას ეძღვნება.
ქართული თეატრის დღეს საფუძველი ჩაეყარა 1850 წლის 14 იანვარს, როდესაც თბილისში, გიორგი ერისთავის პიესის – „გაყრის“ დადგმით, პირველი პროფესიული ქართული თეატრი გაიხსნა. სწორედ ამ დღემ დაუდო სათავე ქართულ თეატრს, როგორც ეროვნული თვითგამოხატვის მნიშვნელოვან სივრცეს.
თუმცა, ქართული თეატრის ფესვები შორეულ წარსულში მიდის. უძველესი რიტუალური დღესასწაულები, თრიალეთში აღმოჩენილი ვერცხლის თასზე გამოსახული მისტერიები, კოლხეთში არსებული თეატრალიზებული არენები და ხალხური სანახაობები : „ბერიკაობა“ და „ყეენობა“ ქართული სცენური ხელოვნების უწყვეტ განვითარებაზე მეტყველებს. შუა საუკუნეებში ვითარდებოდა სასახლის კარის თეატრი – სახიობა, ხოლო XVIII–XIX საუკუნეებში საერო და პროფესიულმა თეატრმა საბოლოოდ მიიღო ჩამოყალიბებული სახე.
ქართული თეატრის დღეს თეატრალურ საზოგადოებას ულოცავს აჭარის კულტურის სამინისტრო:
„ქართული თეატრი ეროვნული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ცოცხლად წარმოაჩენს ერის ისტორიასა და ღირებულებებს. თეატრი არის სივრცე, სადაც ერთიანდება თავისუფალი აზრი, სიტყვა და ემოცია.
მადლობა ქართული თეატრის დიდი ოჯახის წარმომადგენლებს – რეჟისორებს, მსახიობებს, მხატვრებს, დრამატურგებს, ტექნიკურ პერსონალს, შემოქმედებით პროცესში ჩართულ თითოეულ პროფესიონალს. სწორედ მათი ნიჭითა და დაუღალავი შრომით ცოცხლდება სცენაზე მნიშვნელოვანი ისტორიები.
აჭარის კულტურის სამინისტრო თეატრალურ საზოგადოებას უსურვებს წარმატებულ შემოქმედებით საქმიანობას.“