14 წლის ქართველი მწერლის საერთაშორისო დებიუტი და წიგნი – ინგლისის სამეფო ოჯახზე
ჩვენი დღევანდელი ინტერვიუს გმირმა, ბათუმელთა ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთმა გამორჩეულმა წარმომადგენელმა, 14 წლის ელენე ბოლქვაძემ როგორც ქართველი, ასევე, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიქცია. მან ინგლისურ ენაზე დაწერა რომანი, რომელიც ინგლისის სამეფო ოჯახზე მოგვითხრობს და ეს საინტერესო ნაშრომი უკვე უცხოურმა საერთაშორისო გამომცემლობამ გამოსცა. წიგნის პრეზენტაცია ბათუმში გაიმართა და დიდი წარმატებაც ხვდა წილად. დღეს რომანი ხელმისაწვდომია სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე, მკითხველს შეუძლია ონლაინ შეუკვეთოს და შეიძინოს როგორც ელექტრონული, ასევე, ბეჭდური ვერსია. აღსანიშნავია ისიც, რომ წიგნის პარალელურად, გაიმართა ელენეს ახალი კლიპის პრეზენტაცია, სიმღერის პრემიერაც შედგა. ბათუმში გადაღებული ულამაზესი კადრებით სავსე ვიდეორგოლი გვიყვება ახალგაზრდა ავტორის მრავალმხრივი ნიჭის შესახებ. გარდა ამისა, ელენე აქტიურად ცეკვავს ანსამბლ „მთაწმინდაში“, რაც მის კიდევ ერთ შემოქმედებით შესაძლებლობაზე მიუთითებს. სწორედ ამ მრავალფეროვან და წარმატებებით სავსე გზაზე თავად ელენე ბოლქვაძე გვესაუბრება.

– ელენე, როდის იგრძენით, რომ გსურდათ მწერლობაში პირველი ნაბიჯი გადაგედგათ?
– ათი წლიდან დავიწყე ჩემი ფანტაზიების ფურცელზე გადმოცემა, მაგრამ მაშინ არ ვფიქრობდი, რომ ამას სერიოზულად გავაგრძელებდი. 13 წლის რომ გავხდი, მივხვდი, წერა ჩემთვის უბრალოდ თამაში აღარ იყო, ეს იყო შესაძლებლობა, რომლითაც თავისუფლად შემეძლო ჩემი სამყაროს შექმნა. ვწერდი მაშინ, როცა რეალობაში ვერ ვამბობდი იმას, რასაც ვგრძნობდი. ყოველი ახალი ისტორია თითქოს ჩემივე სულის ნაწილი ხდებოდა. სწორედ მაშინ ვიგრძენი, რომ მინდა, ჩემი ფანტაზიები მხოლოდ ჩემთან არ დარჩეს, რომ სხვებმაც იგრძნონ ის ემოციები, რასაც თითოეული სიტყვა ატარებს. ალბათ ასე გადაიქცა ბავშვური ჩანახატები ნამდვილ ოცნებად, ოცნებად, რომელსაც დღეს უკვე ჩემს წიგნად ვხედავ.
– რა გახდა შთაგონების წყარო თქვენი რომანის შესაქმნელად, რომელიც ინგლისის სამეფო ოჯახს ეხება?
– მიყვარს ისტორია, განსაკუთრებით ის ეპოქები, როცა წესრიგი მკაცრად განსაზღვრული იყო და ადამიანებს ბრძოლა უწევდათ საკუთარი ადგილისთვის. მინდოდა, მესაუბრა იმაზე, რომ ძალა ყოველთვის ტახტით არ მოდის, ზოგჯერ – სიმართლით, ხასიათითა და ადამიანობით. მარგარეტის ისტორია სწორედ ამ იდეას ატარებს.
– რატომ გადაწყვიტეთ, რომ წიგნი ინგლისურ ენაზე დაგეწერათ და რა გამოწვევებს შეხვდით ამ პროცესში?
– ეს ინგლისურ სამყაროში შეღწევასა და უფრო ფართო აუდიტორიამდე მისვლის საშუალებას მაძლევდა. სიუჟეტი ინგლისში ვითარდება, ამიტომ ბუნებრივი იყო, რომ პერსონაჟები მისსავე ენაზე „ალაპარაკებულიყვნენ“. გამოწვევაც ბევრი იყო, განსაკუთრებით ემოციური – მონოლოგების ინგლისურად დაწერა, ისე, რომ არ დაეკარგა სიღრმე… მაგრამ ამ ყველაფერმა მაჩვენა, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია.
– როგორ რეაგირებდნენ თქვენი ოჯახი და ახლობლები, როცა გაიგეს, რომ რომანი დაწერეთ და გამოსაცემად მოამზადეთ?
– თავიდან ვერ იჯერებდნენ. ზოგს ეგონა, უბრალოდ, სახალისო ჩანახატისთვის დავიწყე წერა. საბოლოო შედეგი რომ დაინახეს, მათი ერთადერთი ემოცია იყო სიამაყე. ჩემი ოჯახის მხარდაჭერამ ძალიან გამაძლიერა.
– ცოტა უფრო დეტალურად მოგვიყევით თქვენი წიგნის სიუჟეტზე. . .
– რომანი მოგვითხრობს მარგარეტ როუზ უინძორზე, გოგონაზე, რომელიც იბადება სამეფო ოჯახის მემკვიდრედ, მაგრამ მისი არსებობა „აკრძალულია“, რადგან დედა გლეხი ჰყავდა. ბავშვობიდან ზრდიან ჩუმად, მაგრამ მარგარეტი ვერ ეგუება ჩრდილში ყოფნას. ის აჯანყდება, იბრძვის, უყვარდება, ცდება, იმარჯვებს და საბოლოოდ იქცევა იმ ხმად, რომელიც უნდა ელაპარაკოს მთელ სამეფოს, არა ძალადობით, არამედ გონებითა და სიმართლით.
– როგორ მოახერხეთ, თქვენი ნამუშევარი საერთაშორისო გამომცემლობამდე მიგეტანათ?
– ყველაფერი დაიწყო სამი წლის წინ, Sanremo Junior-ის კონკურსზე, სადაც საქართველოს წარმოვადგენდი. იქ გავიცანი ახლა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ადამიანი ნატალია სტიუარტ-ფოქსი. როცა მას ჩემი ჩანახატების შესახებ გავუმხილე, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამ საუბარს ასეთი გაგრძელება ექნებოდა. ნატალიამ როგორც კი წაიკითხა ჩემი პატარა ტექსტები, ძალიან გულწრფელად მითხრა, რომ მათში რაღაც უფრო დიდი ჩანდა, ვიდრე, უბრალოდ, ჰობი. მას შემდეგ დაიწყო ყველაფერი: მასწავლიდა, მსჯელობდა ჩემთან ერთად, და მარწმუნებდა, რომ ფანტაზია ვერ დარჩებოდა დისკში შენახულ ფაილად. რამდენიმე თვის განმავლობაში ვმუშაობდი წიგნზე, ვწერდი, ვასწორებდი, ზოგჯერ თავიდან ვიწყებდი… როცა დავასრულე, ნატალიამ თავად გაუგზავნა ჩემი ნამუშევარი ერთ-ერთ გამომცემლობას. თავიდან მხოლოდ იმის იმედი მქონდა, რომ, უბრალოდ, გაეცნობოდნენ, მაგრამ პასუხი სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა: მათ უნდოდათ ჩვენთან თანამშრომლობა.

– როგორი იყო უცხოელ გამომცემლებთან თანამშრომლობის გამოცდილება?
– ჩემთვის ეს იყო სწავლის უდიდესი ეტაპი. მათთან მუშაობამ მასწავლა, როგორ მუშაობს წიგნის ინდუსტრია რეალურად: რედაქტირება, დიზაინი, მარკეტინგი, პასუხისმგებლობა. ძალიან თბილი, პროფესიონალური და დამხმარე გუნდი შეიკრა. ნატალიას ხელმძღვანელობით გუნდი უკვე მუშაობს წიგნის პოპულარიზაციაზე სპეციალურად საერთაშორისო საგამომცემლო ინდუსტრიაზე გათვლილი მარკეტინგული სტრატეგიებით. იმედი მაქვს, „აკრძალული მემკვიდრე“ აუცილებლად გახდება ბესტსელერი.
– რას გრძნობდით, როცა გაიგეთ, რომ თქვენი წიგნი უკვე ოფიციალურად გამოიცა და მკითხველისთვის ხელმისაწვდომია?
– ეს იყო წუთი, რომელსაც ალბათ არასდროს დავივიწყებ. დავინახე, როგორ იქცა ჩემი ფანტაზია რეალობად. შიშიც იყო, სიხარულიც და ყველაზე მეტად – მადლიერება.
– როგორ ჩაიარა თქვენი წიგნის პრეზენტაციამ ბათუმში?
– მოლოდინზე უკეთ. იმდენი კითხვა დაისვა, აზრები, ემოციები… ვიგრძენი, რომ წიგნი უბრალოდ სიტყვები აღარ იყო, ის უკვე სხვებშიც ცხოვრობდა.
– როგორც ვიცით, თქვენი ახალი სიმღერისა და კლიპის პრემიერაც შედგა, მოგვიყევით ამის შესახებ, როგორ გაჩნდა კლიპის გადაღების იდეა?
– მუსიკალური კლიპის სიუჟეტიც ჩემი ერთ-ერთი ჩანახატიდანაა. თავიდან ეს იყო პატარა ტექსტი, პატარა ემოცია, რომელიც ფურცელზე დავწერე, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ამ ისტორიას შეიძლებოდა ხმა და კადრებიც თან ხლებოდა. რაც შეეხება კლიპის იდეას, ის ჩემი მშობლებისგან და ჩემი პედაგოგისგან – ნონა დიასამიძისგან წამოვიდა. მათ უფრო ადრე დაიჯერეს, რომ ეს ჩანახატი შეიძლებოდა კლიპად ქცეულიყო. რეჟისორი თამარ გუდავა გახლავთ. ქალბატონმა თამარმა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, აქცია რეალობად ჩემი ოცნებები. თითოეული კადრი, განათება, ფერი და ემოცია ზუსტად იმ განწყობას ასახავს, რაც ტექსტში მქონდა. კლიპი პირველად რომ ვნახე, შეგრძნება მქონდა, რომ ჩემი ფიქრები ფილმად იქცა, თითქოს ჩემსავე სულს ეკრანზე ვუყურებდი. ეს იყო ძალიან დიდი გამოცდილება და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი მუსიკალურ გზაზე. ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს თამარს, რომ შვილივით შემიყვარა, დამიჯერა და გვერდით დამიდგა.
– ანსამბლ „მთაწმინდაში“ ცეკვავთ, როგორ ახერხებთ წერის, მუსიკისა და ცეკვის ერთმანეთთან შეთავსებას?
– როცა რაღაც გიყვარს, დრო თავისით ჩნდება. დისციპლინაც საჭიროა, მაგრამ მთავარი სიყვარულია იმ საქმის მიმართ, რასაც აკეთებ. წერაც, მუსიკაც და ცეკვაც, ყველა ერთად, გამოხატავს ჩემს ემოციას.
– როგორ გეხმარებათ ცეკვა შემოქმედებით ან პიროვნულ განვითარებაში?
– ცეკვა უზომოდ დიდ ენერგიას მაძლევს. სცენაზე ვერ იცრუებ, სხეული ყველაფერს ამბობს. ეს ყველაფერი შემდეგ თავისუფლად გადამაქვს ჩემს ნაწერებშიც, გულწრფელად, ხალისიანად და უშუალოდ.
– გაქვთ გადაწყვეტილი, რა იქნება თქვენი შემდეგი წიგნი?
– ამაზე უკვე ვფიქრობ. რამდენიმე იდეა მაქვს და ერთ-ერთი ნამდვილად ისტორიულ ჟანრს უკავშირდება, მაგრამ ჯერ დრო უნდა მივცე საკუთარ თავს, რომ მთელი ემოცია სწორად ჩამოყალიბდეს.
– და მაინც, რომელ პროფესიაში ხედავთ საკუთარ თავს რამდენიმე წლის შემდეგ?
– მწერლობაში, საერთოდ, ხელოვნებაში და განათლებაში. მინდა, რომ ჩემი შემოქმედება მხოლოდ ტექსტად არ დარჩეს. მინდა, ბავშვებს და ახალგაზრდებს მივცე მაგალითი, რომ შეუძლებელი არაფერია.
მარიამ ხითარიშვილი