
17 წელი აგვისტოს ომიდან და საერთაშორისო გამოხმაურებები
აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. დღეს, საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის – აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა აღიარა, მაგრამ საერთაშორისო გამოხმაურებები ცხადყოფს, რომ მრავალი ქვეყანა კვლავ რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად. გთავაზობთ მათ მიერ პლატფორმა x-ზე გამოქვეყნებულ განცხადებებს.
„დღეს ჩვიდმეტი წელი გავიდა საქართველოში რუსეთის შეჭრიდან. ეს არის დღე, როდესაც ვიხსენებთ ომის მსხვერპლს, იძულებით გადაადგილებულ პირებს და მათ, ვინც სიცოცხლე ბრძოლაში დაკარგა. ჩვენ ვხედავთ, როგორ სათუთად ინახავს მათი გმირობის ხსოვნას ქართველი ხალხი. სოლიდარობას გიცხადებთ და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – წერს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო.
„დღეს ლატვია 17 წლის წინ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის მსხვერპლ ადამიანებს იხსენებს. ჩვენ ვგმობთ უკანონო თავდასხმას და საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და მისი ხალხის უფლებას, თავად აირჩიონ საკუთარი მომავალი, მხარს მტკიცედ ვუჭერთ“.
„17 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. ლიეტუვა მის პარტნიორებთან ერთად, იხსენებს და პატივს მიაგებს მათ, ვინც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა 2008 წლის აგვისტოში. ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ გრძელდება“.
„ვიხსენებთ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს განხორციელებული აგრესიის მსხვერპლ ადამიანებს. საფრანგეთი მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 6-პუნქტიანი შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები“, – დაწერა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ.
„2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის. დღეს ვიხსენებთ იმ ადამიანებს, ვინც ემსხვერპლა ძალადობასა და ომს, ასევე ვფიქრობთ მათზე, ვინც ომის გამო დევნილად იქცა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთის ფედერაციისა და სხვა სახელმწიფოების მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცალმხრივი აღიარება მიუღებელია. გერმანია მოუწოდებს რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებებით გათვალისწინებული ვალდებულებები“.
„17 წლის წინ, რუსეთმა წამოიწყო ომი საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც ქვეყნის ტერიტორიის ერთი-მეხუთედის ოკუპაციით და NATO-ს გაფართოების შეჩერებით დასრულდა. ეს იყო კიდევ ერთი ეტაპი რუსეთის იმპერიალისტური ომების, რომელიც ადრეულ 1990-იან წლებში დაიწყო, რომელიც კრემლისთვის წარმატებულად დასრულდა, რამაც საფუძველი მოამზადა უკრაინაზე თავდასხმაზე“, – წერს X-ზე ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი.
„17 წლის წინ, საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყებით, რუსეთმა ნათლად აჩვენა მისი აგრესიულობა და მისი სურვილი, რომ იმპერიალისტურ წარსულს ჩაებღაუჭოს. დღეს, ესტონეთი კიდევ ერთხელ გამოხატავს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული სუვერენიტეტის მიმართ. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ და არასდროს ვაღიარებთ მისი ტერიტორიის მიმდინარე ოკუპაციას“, – წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა. შეგახსენებთ, აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.