2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2007 წლის 18 დეკემბერს, 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის, საქართველო.
აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით, ასევე, ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.
აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის სირთულეებით. ის თანაბრადაა გავრცელებული ყველა რასის, ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისათვის რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. სკოლებში შეიქმნა სპეციალური ჯგუფები, რომელიც დაკომპლექტდა აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეებით. სკოლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთათვის შექმნილია მათზე მორგებული, სასწავლო პროცესისათვის სათანადო პირობები და გარემო. სასწავლო პროგრამა განათლების ეროვნულ სასწავლო გეგმას ეფუძნება და აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების შესაძლებლობებსა და საჭიროებებზეა ორიენტირებული.