
2 სექტემბერს უმაღლეს საბჭოში საშემოდგომო სესია გაიხსნება
2 სექტემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, პლენარული სხდომით საშემოდგომო სესია გაიხსნება. სხდომის დღის წესრიგი ბიუროს სხდომაზე განისაზღვრა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა. ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭოს მასმედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, 2 სექტემბრის სხდომაზე, კანონმდებლები დავით გაბაიძის მიერ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) 3 წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ – ნოდარ მელაძის, ირაკლი გვარჯალაძისა და მარიამ გუგუნავას კანდიდატურებს უყრიან კენჭს.
პლენარული სხდომის დღის წესრიგის განსაზღვრამდე, უსკოს წევრთა არჩევის შესახებ საკითხი ბიუროს წევრებს დავით გაბაიძემ წარუდგინა. მისი განცხადებით, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა, მოსმენის შემდგომ, სამივე კანდიდატს მხარი დაუჭირა და ბიუროს წარუდგინა შესაბამისი დასკვნა.
ამავე სხდომაზე დამტკიცდა უმაღლესი საბჭოს კომიტეტების წევრთა ახალი რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები, რაც საკანონმდებლო ორგანოში გარკვეული პოლიტიკური სუბიექტებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტითაა გამოწვეული.