2026 წლიდან ერთჯერადი პლასტმასის ნაწარმის ნაწილის აკრძალვა ამოქმედდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთავრობამ ცვლილებები შეიტანა „სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების შესახებ“ დადგენილებაში, რომელიც 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. რეგულაციის მიზანია სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი ერთჯერადი პლასტმასის ნაწარმის ნაწილის შეზღუდვა და მისი ეტაპობრივი ამოღება ბაზრიდან.
ცვლილების მიხედვით, აიკრძალება პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმელის მოსარევების, ასევე, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერებისა და მათი თავსახურების, EPS-დან დამზადებული ჭიქებისა და თავსახურების წარმოება (გარდა ექსპორტისა), იმპორტი და მათი საქართველოს ბაზარზე განთავსება. აკრძალვა ვრცელდება საზოგადოებრივი კვების ობიექტებზეც — 2026 წლიდან მომხმარებლისთვის მზა სურსათის მიწოდება პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით დასაშვები აღარ იქნება.
აღსანიშნავია, რომ რეგულაცია არ შეეხება პლასტმასისგან დამზადებულ ერთჯერად შეფუთვებს, რომლებიც სპეციალურად არის განკუთვნილი უკვე დაფასოებული სურსათის შესაფუთად და არ წარმოადგენს მზა საკვების კონტეინერს.
დადგენილება გარდამავალ პერიოდსაც ითვალისწინებს. პლასტმასის ერთჯერადი საგნები, რომლებიც ბაზარზე განთავსებულია რეგულაციის ამოქმედებამდე, შეიძლება რჩებოდეს გაყიდვაში სამთვიანი ვადის განმავლობაში. საზოგადოებრივი კვების ობიექტებს კი ექნებათ ექვსი თვე – 2026 წლის 1 იანვრიდან, რომ არსებული მარაგი სრულად გამოიყენონ და ახალ მოთხოვნებზე გადაერთონ.
რეგულაციის შესრულებაზე კონტროლს განახორციელებენ სურსათის ეროვნული სააგენტო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, თითოეული საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
მნიშვნელოვანია, რომ აკრძალვა არ შეეხება პლასტმასის ერთჯერადი საგნების წარმოებას ექსპორტის მიზნით. მწარმოებლები, რომლებიც პროდუქციას მხოლოდ უცხოურ ბაზარზე გასაყიდად აწარმოებენ, ვალდებულნი არიან გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წინასწარ, ერთი თვით ადრე, წერილობით შეატყობინონ წარმოების დაწყებისა და დასრულების თარიღები, დაგეგმილი რაოდენობა, საექსპორტო ქვეყნები და ექსპორტის განხორციელების ვადები.