
2026 წლის ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში ბათუმში გაიმართება
საერთაშორისო და საქართველოს ძალოსნობის ფედერაციების ხელმძღვანელებმა თბილისში ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის თანახმადაც, 2026 წლის აპრილში ევროპის ჩემპიონატი ბათუმში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ბათუმში პირველად არ იმართება ამ დონის ფორუმი. 2019 წელს ჩვენმა ქალაქმა მაღალ დონეზე უმასპინძლა ევროპის ჩემპიონატს, მანამდე კი თბილისში გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატი 20-წლიანებში.
როგორც აჭარის ძალოსნობის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ბასილიამ გვითხრა, ქართველ ძალოსნებს თამამად შეუძლიათ იბრძოლონ საპრიზო ადგილებისთვის.
– ორ საპრიზო ადგილს მაინც ველოდებით პერსპექტიული სპორტსმენებისგან, წარმატებული ძალოსნებისგან, აჭარის ნაკრების წევრებისაგან სხვადასხვა კატეგორიაში. ესენი არიან – ბაქარ თურმანიძე, ბაჩუკი შამილიშვილი, ზურაბ მსხალაძე, რამინ შამილიშვილი, საბა აბაშიძე, ლომია თებიძე. მწვრთნელები სულხან დუმბაძე, ნუგზარ ჯინჭარაძე, კახა კეკელიძე, ჯუმბერ ფუტკარაძე, როლანდ ქავთარაძე, ზაზა აბულაძე თავიანთ შეგირდებთან ერთად ამ მნიშვნელოვანი შეჯიბრებისთვის უკვე ემზადებიან.
– საქართველო ძლიერი ადამიანების ქვეყანაა. ლეგენდარულები არიან ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონები კახი კახიაშვილი, გიორგი ასანიძე, ლაშა ტალახაძე. ბათუმი მომავალ წელს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს და დარწმუნებული ვარ, რომ იგი ერთ-ერთი გამორჩეული იქნება, – აღნიშნა ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა ასტრით ჰასანმა.
– საქართველოში სპორტს ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს, რაც მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა ამისთვის და მჯერა, რომ ბათუმი ღირსეულად უმასპინძლებს ამ მნიშვნელოვან ფორუმს, – თქვა საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა ლაშა ტალახაძემ.
ასეთი მასშტაბური სპორტული ღონისძიების ჩატარება ნებისმიერი ქვეყნისთვისაა კარგი, ის ხელს უწყობს როგორც სპორტული ინფრასტრუქტურის, ასევე სპორტის ამა თუ იმ სახეობის კიდევ უფრო განვითარებასა და პოპულარიზაციას.
მანანა ძიძიშვილი