19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
21 წლის მათე დევიძეს 4 წელი და 6 თვე მიუსაჯეს
By

21 წლის მათე დევიძეს 4 წელი და 6 თვე მიუსაჯეს

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მას 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია მათე დევიძე, მან საბოლოო სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, სხდომათა დარბაზი დატოვა, რადგან განაცხადა, რომ ის `ამას ვერ მოუსმენდა~.
მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური და შეძახილები მოჰყვა სხდომათა დარბაზში. განაჩენის გამოცხადებას ესწრებოდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
„ქვეყანა, სადაც სასამართლო არ არსებობს, ის სახელმწიფო აღარ არის. ყველა გადაიხდის ამის ფასს – ხვალ, ზეგ. ის ადამიანებიც, რომლებიც დღეს ტაშს უკრავენ ასეთ სამარცხვინო გადაწყვეტილებას: ის მოსამართლე, პროკურორი, რომელიც იქ ზის. არ ვიცი, რას ფიქრობენ. მე ვიცი, რა მომავალი ექნება მათე დევიძეს – ის დღეს შედგა როგორც ადამიანი, შევიდა ჩვენს ისტორიაში, ჩვენ მას არ დავივიწყებთ – ის იქნება ჩვენი ღირსების სიმბოლო. ესენი იქნებიან მონობის სიმბოლოები. მონები არიან, ამას ვიტყვი და ამას გავიმეორებ. ეს არ არის სასამართლო“, – განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მათე დევიძის საქმეში დაზარალებულის სტატუსი სამ პოლიციელს – ბიძინა ჟამერაშვილს, ლევან კოდალაშვილს და გიორგი ესტატიშვილს აქვს. კერძოდ კი, პროკურატურის მტკიცებით, მათ ბრალდებულმა დროშის ტარი დაარტყა.
უწყვეტი პროტესტის 197-ე დღეს, აქციის მონაწილეებმა მათე დევიძეს სოლიდარობა გამოუცხადეს და რუსთაველის ნაცვლად, მელიქიშვილის გამზირზე შეიკრიბნენ, იქ სადაც პოლიციამ მათე დევიძე დააკავა და მათეს ოჯახის წევრებთან ერთად, ღამე გაათენეს ერთი მოწოდებით – „თავისუფლება რეჟიმის ყველა ტყვეს“

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *