28 ნოემბრიდან – 28 ნოემბრამდე – უწყვეტი პროტესტის ერთი წელი საქართველოში
By

28 ნოემბრიდან – 28 ნოემბრამდე – უწყვეტი პროტესტის ერთი წელი საქართველოში

28 ნოემბერს საქართველოში უწყვეტი მოქალაქეობრივი პროტესტის ერთი წელი შესრულდა. ზუსტად ერთი წლის წინ, 2024 წლის 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებამ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგებოდა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, საზოგადოებაში განგაშისა და უკმაყოფილების ტალღა გამოიწვია. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, დედაქალაქში,  რუსთაველის გამზირი მოქალაქეთა ყოველდღიური შეკრებისა და პროტესტის მთავარ ადგილად იქცა. ერთი წელია, როგორც დედაქალაქის მთავარ გამზირზე, ასევე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ადამიანები უწყვეტად აპროტესტებენ  პოლიტიკურ მოცემულობას და მოითხოვენ,  ქვეყანა კვლავ დაუბრუნდეს ევროპულ რელსებს.

წლისთავთან დაკავშირებით დღეს, 19:00 საათზე, თსუ-ის პირველი კორპუსიდან დაგეგმილია  მსვლელობა, რომელიც ისევ რუსთაველზე დასრულდება. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ეს დღე არა მხოლოდ პროტესტის, არამედ მოქალაქეობრივი სოლიდარობის, ერთმანეთის გაძლიერებისა და საერთო მიზნის კიდევ ერთხელ ხაზგასმის დღეა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში მოქალაქეებს ერთიანობისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ეს არის „ჩემი, შენი, ჩვენი, თქვენი დღე“, და ერთი წლის შემდეგ, კიდევ უფრო მტკიცედ უნდა იდგნენ გვერდიგვერდ. ზურაბიშვილი წერს, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი უცვლელია, რადგან ევროპულობა მშვიდობას, თავისუფლებას და ძლიერი ინსტიტუტებით გამყარებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოს გულისხმობს. მისი განცხადებით, „საქართველო რუსეთს არ დაემონება“ და ვერავინ დაამარცხებს საზოგადოებას, რომელიც ამ მიზნის გარშემო ერთიანდება.

პროტესტის წლისთავს ეხმაურებიან ქართველი დიპლომატებიც, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს. მათი შეფასებით, „ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ ქვეყნის სვლა ევროკავშირისაკენ შეაჩერა და პროგრესს უდიდესი დაბრკოლება შეუქმნა“.   ისინი ხაზს უსვამენ, რომ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება მხოლოდ საგარეო პოლიტიკის საკითხი არ არის, ეს არის სუვერენიტეტის გაძლიერების, დემოკრატიის, ეროვნული თვითმყოფადობის დაცვისა და მშვიდობიანი განვითარების გზა.

ერთი წლის განმავლობაში, მიმდინარე პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ ევროპული მომავლის არჩევანი არ შეიძლება შეჩერდეს და „ქვეყნის ბედი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების მსხვერპლი გახდეს“.
„დღეს დაგეგმილი მსვლელობა კიდევ ერთი ნაბიჯია იმისკენ, რომ საზოგადოებამ ხელისუფლებას ცხადად აგრძნობინოს – ერთწლიანი პროტესტი მხოლოდ დასაწყისია და საქართველოს ევროპული გზის შეჩერება შეუძლებელია. ეს წელი იყო უწყვეტი ბრძოლა. ვნახეთ უსამართლო დაკავებები, აქტივისტების მიმართ ძალადობა, რის გამოც არავინ დასჯილა. მაგრამ ამან უფრო შეგვაერთა. ჩვენ მივხვდით, რომ პასუხისმგებლობა ჩვენს თავზე გვიწევს და ქუჩაში დგომა არის ერთადერთი გზა, რომ საკუთარი მომავალი დავიცვათ“, – გვითხრა სტუდენტმა ნინო დიასამიძემ.

„როცა ხედავ, რომ მშვიდობიან მოქალაქეებს სცემენ და სისტემა ამაზე თვალს ხუჭავს, გიჩნდება განცდა, რომ ქვეყანაში სამართალი აღარ მუშაობს. ამის მიუხედავად, ხალხმა არ დაიხია უკან. ეს არის ყველაზე ძლიერი სიგნალი იმისა, რომ  ჩვენ არ ვთმობთ“, – ამბობს ასევე სტუდენტი და აქტივისტი გიორგი მელაძე.

კიდევ ერთი ახალგაზრდის, ელგუჯა ბალაძის თქმით, ამ ერთმა წელმა ნათლად გამოაჩინა, რომ „ქვეყანის  წინსვლა  გაჩერდა, ხელისუფლებას არ ესმის საკუთარი ხალხის“. მისივე განმარტებით, არც კონფრონტაცია არ არის გამოსავალი და არც სრული იგნორირება „როგორც მოქალაქეს, მინდა, ბოლოს მაინც შეთანხმება და განვითარება ვნახო, თორემ დაპირისპირებით  ვერაფერს  მოვიგეთ.“ – აღნიშნა ელგუჯა ბალაძემ.

ის ადამიანები, რომლებიც ერთი წელია აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო წელს გატარებულ პოლიტიკას, აცხადებენ, რომ ევროპული არჩევანი საქართველოს მომავალია და ვერანაირი პოლიტიკური კონიუნქტურა ვერ შეცვლის მათ გადაწყვეტილებას.

  • No Comments
  • ნოემბერი 28, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *