
3-6 სექტემბერს გონიოში „კულტურის ბანაკი 2025“ გაიმართება
აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 3-6 სექტემბერს სტუდენტებისთვის და ახალგაზრდებისთვის კულტურის ბანაკი გაიმართება.
სამინისტროს ინფორმაციით, ბანაკი ლექციებს ქართული კულტურის შესახებ, ასევე, შემოქმედებით ვორქშოფებსა და სხვა ინტელექტუალურ აქტივობებს მოიცავს. ,,ბანაკის პროგრამა ასეთია: ლექცია – კლასიკური მუსიკის მნიშვნელობა, კლასიკური მუსიკის გავრცელების გზები, ჯგუფური მუშაობა თემაზე – კულტურის კომერციალიზაცია და კულტურული ტურიზმის განვითარება, ლექცია – ქართულ თეატრსა და კინემატოგრაფიაზე, ეროვნულ ცეკვასა და სამოსზე, ლექცია – ქართული სუფრის კულტურის ელემენტებისა და ტრადიციების შესახებ, პროგრამის ფარგლებში, ყოველ საღამოს გაიმართება ინტელექტუალური თამაშები. ბანაკის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ჯილდოები გადაეცემათ“, – ნათქვამია აჭარის კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.