„34 წლის ასაკში ვიპოვე საკუთარი გზა და მივხვდი, რომ ხელოვნება ჩემი არსის განუყოფელი ნაწილია“
გაგაცნობთ ბათუმელ მხატვარს ნინო ბოჭორიშვილს, რომელმაც ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი ინტერიერის დიზაინის მიმართულებით დაამთავრა. ბავშვობიდანვე ხატვა მისთვის თვითგამოხატვის ფორმა იყო, თუმცა კარიკატურა თავდაპირველად, უცხო და რთული სპეციფიკის ხელოვნებად ეჩვენებოდა. საბოლოოდ, გამბედაობამ, შიშის გადალახვამ გაუხსნა გზა მიმართულებას, რომელიც დღეს მის ცხოვრებაში მხოლოდ შემოქმედებითი არჩევანი აღარ არის.
მისი კარიკატურები არ არის მხოლოდ მარტივი იუმორი. თითოეულ ნამუშევარში მთავარი ადამიანის ამოცნობაა – მისი ხასიათის, ემოციისა და მანერების, იმ შინაგანი მდგომარეობის გამოხატვა, რომელიც ხშირად გარეგნობის მიღმა რჩება. ხატვა მისთვის ერთდროულად გადარჩენის გზად, პასუხისმგებლობად და თავისუფლებად იქცა, პროცესად, რომელმაც სამი შვილის მარტოხელა დედას მისცა საშუალება, შეექმნა სტაბილური შემოსავალი. სწორედ კარიკატურის მიმართულება რჩება ნინოსათვის ყველაზე ახლობელ და პოზიტიურ სივრცედ, ადგილად, სადაც ადამიანი ღიმილით ხვდება საკუთარ თავს.
– ნინო, როდის გაგიჩნდათ კარიკატურის ხატვისადმი ინტერესი?
– ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა, მაგრამ კარიკატურისადმი ინტერესი მოგვიანებით გაჩნდა. ეს ერთ-ერთი მეგობრის დამსახურებაა, ის ეძებდა ადამიანს, ვინც საჩუქრად კარიკატურას დაუხატავდა. ვერ იპოვა და შემომთავაზა, მეცადა. თავიდან უარი ვუთხარი, რადგან კარიკატურა ჩემთვის სრულიად სხვა სპეციფიკა იყო და საკუთარ თავში მზადყოფნას ვერ ვგრძნობდი. თუმცა, ამ საუბრის შემდეგ, რაღაც არ მასვენებდა, გამიჩნდა სურვილი, საკუთარი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ შემეძლო, უბრალოდ გამბედაობა არ მყოფნიდა. საბოლოოდ მაინც გავბედე, რადგან ვფიქრობ, ცხოვრებაც სწორედ ის არის, რასაც გაბედავ. ასე დაიწყო ჩემი ურთიერთობა კარიკატურასთან და ასე მოვიგე პირველი ბრძოლა საკუთარ თავთან.

– თქვენი პირველი კარიკატურა – ვინ დახატეთ და როგორი გამოხმაურება ჰქონდა?
– პირველი კარიკატურა ჩემი შვილის იყო – მისი ყველა მიმიკა კარგად ვიცოდი. ხატვის პროცესში მივხვდი, რომ კარიკატურა არ არის მხოლოდ ფორმის გადაჭარბება, ეს ადამიანის ამოცნობაა: მანერის, საყვარელი ნივთის, ჰობის ან ყოველდღიური ჩვევების დაფიქსირება. როცა ნახატი ნახეს, პირველი რეაქცია სიცილი იყო, და ეს ჩემთვის გახდა ნიშანი, რომ ამ მიმართულებით მუშაობა შემეძლო.
– რა გაძლევთ შთაგონებას?
– შთაგონებას ყველაზე მეტად ადამიანები მაძლევენ, მათი მიმიკა, მანერები, საუბრის სტილი. ხშირად ეს იბადება ყოველდღიურ სიტუაციებში, როცა ადამიანები ბუნებრივები არიან. ასეთ მომენტებში ხასიათი ყველაზე ნათლად ჩანს და ვცდილობ, სწორედ ეს დეტალები გადმოვცე კარიკატურაში.
– რას აქცევთ ყველაზე დიდ ყურადღებას – მიმიკას, ხასიათს თუ გარეგნულ დეტალებს?
– ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევ ადამიანის სახეზე მის სახასიათო ნიშნებს, დეტალებს, რომლებიც ყველაზე კარგად ასახავს ხასიათს და ემოციას. ეს დეტალები ვიპოვო, გამოვარჩიო და გადმოვცე ნამუშევარში, ეს კარიკატურის მთავარი ძალაა, მხოლოდ ამით ხდება ნახატის გაცოცხლება. ვუყურებ, რა ქმნის ადამიანის უნიკალურობას, რა აქვს ყველაზე მეტად სახასიათო, ეს შეიძლება იყოს ღიმილი, თვალები, ან სახის ფორმა. მთავარია, დეტალი დამამცირებელი კი არა, ამოცნობადი იყოს.

– წინასწარ გეგმავთ როგორ დახატოთ თუ იდეა პროცესში იბადება?
– ფოტოებს როცა მიგზავნიან დასახატად, საწყისი წარმოდგენა მექმნება, შემდეგ, უმეტესად, პროცესი მიჩვენებს გზას. საბოლოო სახე ხატვისას ყალიბდება.
– რას გრძნობთ, როდესაც ადამიანი პირველად ხედავს საკუთარ კარიკატურას?
– ეს ყოველთვის მღელვარე მომენტია, ვაკვირდები რეაქციას. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღიმილია, როცა ვხედავ, რომ ადამიანმა მიიღო საკუთარი თავი. თუმცა, ამას შფოთვაც ახლავს, იმისა, რომ ეს არ მიიღოს დამამცირებლად.
– ყოფილა შემთხვევა, როცა ვინმეს თქვენი ნამუშევარი არ მოეწონა?
– დასრულებული ნამუშევრის შემთხვევაში, მსგავსი პრობლემა არ მქონია, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ერთხელ მონახაზის გადაგზავნა მთხოვეს და არ მოეწონათ. მაშინ ავუხსენი, რომ კარიკატურის ძირითადი ფორმა და მიმსგავსება სწორედ დამუშავების ეტაპზე ყალიბდება. ამ გამოცდილებამ მაჩვენა, რომ შუა პროცესის ჩვენება ხშირად არასწორია და შეიძლება საზღვრების დარღვევას ჰგავდეს. ეს ალბათ, გამოუცდელობის შედეგი იყო. დროთა განმავლობაში, ასეთ საკითხებს ვსწავლობ. მიუხედავად იმისა, რომ რთული და სტრესული გამოცდილება აღმოჩნდა, მივხვდი, რომ ეს ბუნებრივია. ყველას აქვს საკუთარი ხედვა და ეს პროცესის ნაწილია.

– თქვენთვის კარიკატურა უფრო იუმორის გამოხატვის ფორმაა თუ ადამიანის ხასიათის გადმოცემის საშუალება?
– ჩემთვის კარიკატურა, უფრო ადამიანის ხასიათის გადმოცემის საშუალებაა, ვიდრე მხოლოდ იუმორის გამოხატვა. იუმორი აქ მეორეხარისხოვანია და უფრო დამხმარე როლს ასრულებს, ამსუბუქებს ნახატის აღქმას. ჩემთვის მთავარია, კარიკატურაში გადმოვცე ადამიანის ხასიათი, მისი შინაგანი მდგომარეობა და ის, რაც გარეგნობის მიღმა იმალება. მთავარი მაინც ის არის, რომ ადამიანმა საკუთარ თავი ამოიცნოს და არა მხოლოდ გაეცინოს.
– თქვენი აზრით, ყველაზე რთული რა არის კარიკატურის ხატვის პროცესში?
– ყველაზე რთული არის ბალანსი, ადამიანის „დაჭერა“, ის მომენტი, როცა ხვდები, რომ სწორად ხედავ მას. ეს მხოლოდ გარეგნობას არ ეხება. საჭიროა ემოციური ჩართვა, დაკვირვება და სიფრთხილე, რადგან კარიკატურა ძალიან ახლოს მიდის პირად სივრცესთან. მნიშვნელოვანია, არ დაარღვიო ეს სივრცე და შეძლო ადამიანის ხასიათის გადმოცემა ისე, რომ მან თავი მიღებულად იგრძნოს.
– ვისი კარიკატურის დახატვაა თქვენთვის უფრო საინტერესო – ცნობილი ადამიანის თუ უბრალო გამვლელის?
– ორივე საინტერესოა, თუმცა, უფრო ხშირად, უბრალო ადამიანის კარიკატურა მიზიდავს. ცნობილ ადამიანზე უკვე არსებობს წინასწარ ჩამოყალიბებული წარმოდგენა, მოლოდინი და გარკვეული ჩარჩო, უბრალო ადამიანთან კი – არა. პირველად ხედავ მას და ცდილობ, დაკვირვებით წაიკითხო. ასეთ პროცესში ყურადღება უფრო მეტად გადადის ხასიათზე, მანერებზე, შინაგან მდგომარეობაზე. ეს მაძლევს თავისუფლებას, ვიყო უფრო გულწრფელი და ზუსტი, რადგან არ ვეყრდნობი სტერეოტიპებს, შეხედავ რეალურ ადამიანს და სწორედ ამის გადმოცემას ვცდილობ ნამუშევარში.

– ხატვა, როგორც შემოსავლის წყარო…
– ხატვა ჩემთვის მხოლოდ შემოსავლის წყარო არ არის. ეს იყო გზა, რომელმაც სამი შვილით მარტო დარჩენილს მომცა შესაძლებლობა, სტაბილური შემოსავალი შემექმნა. ბავშვებს ვერ ვტოვებდი და სამსახურს ვერ ვიწყებდი, ამიტომ ხატვა ჩემთვის ახალი სიცოცხლის მომცემი პროცესი იყო. შემეძლო შემექმნა რაღაც ჩემი, რაც არა მხოლოდ ფინანსურ სარგებელს მომიტანდა, არამედ მომცემდა საშუალებას, ჩემი თავისთვის და ჩემი შვილებისთვის მემუშავა. ეს პასუხისმგებლობა და მოტივაცია ერთდროულად მაძლევდა სტაბილურობას, თავისუფლებას და შრომის ნამდვილი მნიშვნელობის შეგრძნებას. თან, როცა ხატვა შემოსავლის წყაროდ იქცევა, პასუხისმგებლობა იზრდება.
– გაქვთ თუ არა სურვილი, მოაწყოთ პერსონალური გამოფენა?
– ამაზე ჯერ არ მიფიქრია და ვგრძნობ, რომ მზად არ ვარ. ახლა მირჩევნია, დავაკვირდე პროცესს, იმას, თუ როგორ ვითარდება ჩემი ნამუშევრები, როგორ ვგრძნობ თავს მათთან ურთიერთობაში. თუმცა, სამომავლოდ, გამოფენის მოწყობა საინტერესო იქნება.
– გარდა ხატვისა, გაქვთ თუ არა სხვა ინტერესის სფერო?
– მაინტერესებს ფსიქოლოგია, ადამიანური ურთიერთობები და თვითგანვითარება, ეს ხატვაშიც ძალიან მეხმარება.
– ქმნით თუ არა სხვა სტილის ნამუშევრებს – მაგალითად, პეიზაჟებს, პორტრეტებს ან აბსტრაქტულ ნახატებს?
– ვხატავ კედლებზე სხვადასხვა სახის ნამუშევრებს, ასევე, ძალიან მიყვარს პეიზაჟის და პორტრეტების ხატვა, სხვადასხვა სტილშიც ვცდილობ მუშაობას. თუმცა, კარიკატურა ჩემთან ყველაზე ახლოს არის, მისი პოზიტიურობიდან გამომდინარე.
– რა გეგმები გაქვთ?
– გეგმები ეტაპობრივია, მინდა მეტი დრო დავუთმო საკუთარ სტილს, განვახორციელო ახალი პროექტები და გავაგრძელო შემოქმედებითი განვითარება. მსურს, მოვსინჯო საკუთარი შესაძლებლობები პრემიუმ კლასის ნამუშევრებშიც. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ 34 წლის ასაკში ვიპოვე საკუთარი გზა და მივხვდი, რომ ხელოვნება ჩემი არსის განუყოფელი ნაწილია, შევისისხლხორცე ის და არასდროს აღარ გავუშვებ.
მარიამ ხითარიშვილი
