48 წელი – ილია მეორის აღსაყდრებიდან
By

48 წელი – ილია მეორის აღსაყდრებიდან

დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრების დღეა.

ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. მისი ინტრონიზაცია ამავე წლის 25 დეკემბერს, სვეტიცხოველში შედგა.   მისალოც წერილში, რომელსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს, პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი წერს:

„48 წელია საქართველოს სულიერი მამა, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ღირსეულად, პატიოსნად ემსახურება ჩვენს ეკლესიას, ჩვენს რწმენასა და სამშობლოს

შეუფასებელია უწმინდესის ღვაწლი ქართველების ერთიანობის, ქრისტიანობისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში. მრავალი ქარტეხილის მიუხედავად, თითქმის ნახევარი საუკუნეა, ილია მეორე ღირსეულად ატარებს ერის სულიერი მამის მძიმე ჯვარს.

ჩემი და ჩემი მეუღლის, ეკატერინა ხვედელიძის სახელით ვულოცავ პატრიარქს აღსაყდრების იუბილეს, ვუსურვებ მას ჯანმრთელობას და მხნეობას, რათა კიდევ მრავალი წელი იღვაწოს მართლმადიდებლური ფასეულობების განმტკიცებისათვის“, – ნათქვამია წერილში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს:

„თითქმის ნახევარი საუკუნეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, როგორც ერის სულიერი მამა, წინ მიუძღვის ჩვენს ქვეყანას. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი საქართველოს წინაშე სულიერების, რწმენის განმტკიცებისა და სიკეთის დათესვის საქმეში“.

მთავრობის მეთაური ილია მეორეს ჯანმრთელობასა და მხნეობას უსურვებს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და  ერის მართლმადიდებლური ღირებულებების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 48 წლისთავს ულოცავს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი:

„ ჩვენი ქვეყნისთვის ბოლო ნახევარი საუკუნე უდიდესი გამოწვევებითა და განსაცდელებით იყო აღსავსე და საბედნიეროდ, ქართველმა ხალხმა ეს ურთულესი პერიოდი ილია მეორის სულიერი წინამძღოლობით გაიარა. მისი უწმინდესობის ღვაწლი საქართველოს თანამედროვე ისტორიის წინაშე განუზომლად დიდია. მისმა სიბრძნემ, ჩვენთვის მოცემულმა შენდობისა და შერიგების მაგალითმა, უფლისა და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულმა, ჩვენს ქვეყანას უამრავი სიკეთე მოუტანა.

ჩვენს ძვირფას კათოლიკოს-პატრიარქს უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ დღევანდელ დღეს, ჩვენი ერის, სამშობლოსა და დედა ეკლესიის სიმტკიცისთვის დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ვუსურვებ“, – წერს ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.

 

  • No Comments
  • დეკემბერი 25, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *