55 წელი – ტკივილიანი 11 თებერვლიდან
By

55 წელი – ტკივილიანი 11 თებერვლიდან

 

ოთხი დღის განმავლობაში გადაუღებლად თოვდა, სოფლიდან სოფელში გადასვლა შეუძლებელი გახდა. ხანდაზმული ადამიანები ვარაუდობდნენ, რომ თოვლის ასე მოულოდნელად ჩამოყრა უმტკივნეულოდ არ ჩაივლიდა. მათ მრავალწლიანი გამოცდილება ალაპარაკებდათ.
11 თებერვლის საღამოს თოვა და ქარბუქი ჩადგა. დენი გათიშული, სატელეფონო კავშირი დაკარგული, სოფლები სამყაროს მოწყვეტილი… ტბეთსა და გოგაძეებში სიჩუმე იდგა, მეზობლები ერთმანეთს გადაძახილითაც აღარ ამხნევებდნენ. სამარისებური სიჩუმე წაბლანიდან მოსულმა წივილ-კივილმა დაარღვია.

– მშვიდობა არ უნდა იყოს, თქვა ასლან ფევაძემ და შვილს აივანზე გასვლა თხოვა.

– წაბლანაში, საქორიას უბანში, სიმშვიდე არ უნდა იყოს. უკვე მაშხალებიც გამოჩნდა, შემზარავი გოდებაც იქიდან მოდის, – უთხრა მამას გურამმა. მალე მთელი სოფელი ფეხზე დადგა. გურამმაც დაწნული თხილამურები მოირგო, წიფლის ხისგან გამოთლილი ნიჩაბი მოიმარჯვა და სოფლის ცენტრისკენ გასწია.

– გათენებას დაველოდოთ, ასეთ დროს თოვლის ზვავების ჩამოწოლაც მოსალოდნელია, – უთხრა გურამმა მეზობლებს. თავს ზემოთ ძალა არ იყო. განთიადის მოლოდინში შეკრებილები დაიშალნენ.

ტბეთი გამონაკლისი არ იყო. მსგავსი სცენები იყო სამოლეთში, გოგაძეებში, ცინარეთში, ლაკლაკეთსა და ჯაბნიძეებში. მრავალ ოჯახს შვილი ჰყავდა გათხოვილი წაბლანაში, თვით წაბლანიდანაც იყვნენ გამოთხოვილი მეზობელ სოფლებში.
ცინარეთში დურსუნ ხუჯაძის, ხასან ცინარიძის, ოსმან და რეჯებ კეჟერაძეების ოჯახებიც წამოიშალნენ. დურსუნსა და ხასანს ქალიშვილები აიშე და ხაჟერი, ხოლო ოსმანსა და რეჯებს – და ფადიმე ჰყავდათ გათხოვილი წაბლანაში.
დილაუთენია ჩადგა მშველელთა რიგი წაბლანისკენ მიმავალ გზაზე. წაბლანაში მისულებს საზარელი სურათი დახვდათ. ღომადან წამოსულ თოვლის ზვავს ზურაბ ველიაძის სახლი დაეშალა, ხოლო რევაზ ველიაძის სახლი საძირკვლიდან გადაეგდო … მშველელებმა ზურაბი (ზიხნი) სახლის ნანგრევებიდან უვნებელი ამოიყვანეს, აკვანში ჩაკრულ ზურაბის შვილს, ჯემალს, თოვლში მიაგნეს.ზურაბის მეუღლის ფატის, მათი შვილების – მავილესა და მანანას, ზურაბისთან სტუმრად მყოფი ცოლისძმის არჩილის კვალი არ ჩანდა.
– იმ დროს წაბლანის 8-წლიანი სკოლის დირექტორი ვიყავი. საქორიას უბანში ადამიანების ტევა არ იყო. ვარაუდობდნენ, რომ დაკარგულები ნამქერმა კაპარიებისკენ გადაიტანა, მშველელთა რიგებს სკოლის პედაგოგებიც შევუერთდით. სალიე მუთიძე, ზექერია და მოედინ ველიაძეები ყველაზე მეტად აქტიურობდნენ. სტიქიის ადგილზეც პირველად ისინი მივიდნენ… ტრაგედიიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, აჭარის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე დავით დიასამიძემ ეს სამეული საპატიო სიგელებით დააჯილდოვა,- იგონებს 90 წლის სოსო ბერიძე. ძებნას უკვალოდ არ ჩაუვლია – დედისა და შვილების ცხედრებს მიაგნეს. მოგვიანებით, სტუმრად მყოფი არჩილ ველიაძის ცხედარიც იპოვეს ბუხრის ნანგრევებში.  დილაუთენია ისევ წამოიშალა სოფელი – დაზარალებულებისა და სტუმრებისთვის სურსათ-სანოვაგე მოჰქონდათ. ოდითგანვე ასე იყო. ქართულ სოფელში ეს ადათ-წესი არ მოიშლება.

– არჩილი ჩემი თანაკლასელი იყო, – იგონებს რევაზ ბერიძე. სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლამარა ბალანჩივაძე, ვიდრე წაბლანის 8-წლიან სკოლას დავამთავრებდით, არჩილის უკვდავსაყოფად ხელნაწერ გაზეთს გამოსცემდა. მის საფლავთან მივდიოდით, გაზეთი, ყვავილები მიგვქონდა. გამოხდა ხანი, ბედად გადარჩენილმა ჯემალ ველიაძემ ცოლად ჩემი ბიძაშვილი გული ბერიძე შეირთო. იგი უკვე 55 წელსაა გადაცილებული. ზვავში რომ მოჰყვა, 40 დღის იყო. სიყვარულზე, სიკეთეზე დაფუძნებული ოჯახი ჰყავს.ჯემალმა და გულიმ 3 შვილი გაზარდეს, ახლა შვილიშვილსაც ელოდებიან. 90 წელს გადაცილებული ზურაბი თხილნარში ცხოვრობს. ყოველი წლის თებერვალში წაბლანას სტუმრობს, მეუღლის, შვილებისა და ცოლისძმის სამუდამო განსასვენებლებს ეფერება.

***

1971 წლის 11 თებერვალს ტრაგედია მარტო შუახევის რაიონის სოფელ წაბლანაში არ დატრიალებულა. ერთსა და იმავე დროს თოვლის ზვავები ჩამოწვა შუახევის, ხულოს რაიონების რამდენიმე ტერიტორიაზე. იმასაც ამბობენ, რომ ზვავების ჩამოწოლა მიწისძვრამ გამოიწვია. საზარელი ტრაგედია დატრიალდა ხულოს რაიონის სოფელ ღურტაში, სადაც ზვავმა 21 ადამიანი იმსხვერპლა. მსხვერპლი იყო ხულოს რაიონის სოფელ აგარაში, შუახევის რაიონის სოფლებში – ქიძინიძეებში, ლომანაურში.
სოფელ ღურტაში დაღუპულებს ყოველი წლის 11 თებერვალს იხსენებენ. ამ წამოწყებას, ტრაგედიიდან 35 წლის გასვლის შემდეგ, სათავე დაუდეს მოქმედმა პარლამენტარმა ანზორ ბოლქვაძემ და აწ განსვენებულმა, ხულოს რაიონის გამგებლის მაშინდელმა მოადგილე თემურ აბაშიძემ. ღურტაში სტიქიისგან დაღუპულთა უკვდავსაყოფად მემორიალიც გააკეთეს და წელსაც მოიგონებენ. კარგი იქნება სოფელ წაბლანაშიც ასეთივე მემორიალი გაკეთდეს.

                  ოთარ ცინარიძე

 

  • No Comments
  • თებერვალი 4, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *