6 თებერვალს ზამთრის ოლიმპიადა იხსნება
By

6 თებერვალს ზამთრის ოლიმპიადა იხსნება

შაბათს იტალიაში საზეიმოდ და ოფიციალურად გაიხსნება ზამთრის ოლიმპიადა. ოლიმპიური თამაშები  იტალიაში მესამედ ტარდება.

პირველად  ქალაქ კორტინაში 1956 წელს გაიმართა, რიგით 25-ე ზამთრის ოლიმპიადას კი ერთდროულად იტალიის ორი ქალაქი – მილანი და კორტინა უმასპინძლებს.

ოლიმპიადა  6-22 თებერვალს, პარალიმპიადა კი – 6-15 მარტს ჩატარდება. ოლიმპიური შეჯიბრებები  ზამთრის სპორტის თექვსმეტ, პარალიმპური – ექვს სახეობაში გაიმართება.

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ტრადიციულად ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტსმენთა გაცილების და ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. საქართველოს სპორტსმენების სახელით ფიცი  მოთხილამურე ნინო წიკლაურმა დადო. მართალია, მას ზამთრის ოლიმპიადებზე მედალი არ აქვს მოპოვებული, მაგრამ მისი სახით ჩვენს დელეგაციას რეკორდსმენი ქალი ჰყავს, რომელიც ზამთრის სპორტის სახეობებში ქალთა და კაცთა შორის პირველი სპორტსმენი იქნება, ვინც ოლიმპიურ თამაშებში მეხუთედ მიიღებს მონაწილეობას.

გახსნის ცერემონიის მთავარი ღონისძიება 6 თებერვალს მილანის სან სიროს ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება, სადაც საქართველოს მედროშეები მოციგურავეები ლუკა ბერულავა და დიანა დევისი იქნებიან, ხოლო კორტინაში  მოთხილამურეები – ლუკა ბუჩუკური და ნინო წიკლაური.

ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს, ოლიმპიურ სოფელში კი  მისიის ხელმძღვანელი  საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი, სეოკის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი მარიამ გიორგობიანი იქნება.

2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან სპორტის ორ სახეობაში – ფიგურულ ციგურაობასა და სამთო თხილამურობაში რვა  სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველოს ღირსებას დაიცავენ:

ლუკა ბერულავა – ფიგურული ციგურაობა,  ანასტასია მეტელკინა – ფიგურული ციგურაობა, ნიკა ეგაძე – ფიგურული ციგურაობა, ანასტასია გუბანოვა – ფიგურული ციგურაობა, დიანა დევისი – ფიგურული ციგურაობა, გლებ სმოლკინი – ფიგურული ციგურაობა, ნინო წიკლაური – სამთო-სათხილამურო სპორტი, ლუკა ბუჩუკური – სამთო-სათხილამურო სპორტი.

საქართველოს დელეგაციაში არიან მწვრთნელები ეთერ თუთბერიძე, პაველ სლუსარენკო, ევგენი რუკავიცინი (ყველა ფიგურული ციგურაობა),  ფრანჩესკო ზანკოლო, სოსო ჯაფარიძე (სამთო-სათხილამურო სპორტი) და სხვები.

წარმატება ვუსურვოთ ჩვენს ოლიმპიელებს!

 

მანანა ძიძიშვილი

 

  • No Comments
  • თებერვალი 4, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *