
უცხო ქვეყნის 13 მოქალაქე დააკავეს
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის 13 მოქალაქე დააკავეს. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადაამოწმეს კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.
„კომპლექსური ღონისძიების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 13 მოქალაქე. მათ შორის არიან – იორდანიის, ეგვიპტის, პაკისტანის, ინდოეთის და თურქეთის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.
ამჟამად, აღნიშნული პირები მოთავსებულნი არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.
მიგრაციის დეპარტამენტი სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებას განახორციელებს რეგულარულად, რათა უზრუნველყოს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის ეფექტიანი აღსრულება, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.