ბათუმის თოჯინების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გრძელდება
By

ბათუმის თოჯინების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გრძელდება

ბათუმის თოჯინების საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში, რომელიც 5 ოქტომბერს გაისხნა, 6 ქვეყნის დასი მონაწილეობს. ისინი მაყურებლისა და ჟიურის წინაშე სხვადასხვა სპექტაკლით წარსდგნენ.
მაყურებელმა უკვე იხილა: „რწყილი და ჭიანჭველა“ (ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი, საქართველო), „სოკრატეს უკანასკნელი ღამე“ (თეატრი Tempo, თურქეთი), „პრინცესა ლაქით“ (მოლდოვის თოჯინების თეატრი), „მუსიკალური ჩაის სახლი“ (ფერგანის რეგიონალური თოჯინების თეატრი, უზბეკეთი), სპექტაკლი-მასტერკლასი „ლეგენდა ბედნიერების შესახებ“ (ჩეხეთი), „ფიროსმანი“ (მოხეტიალე მთვარის თეატრი, საქართველო), „ჯაყოს ხიზნები“ (საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება, თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი, საქართველო).
გაიმართა ფრანგი რეჟისორის ანხელ ნავაროს მასტერკლასიც – „მარიონეტებით მანიპულაციის პრინციპების შესავალი“. მან ისაუბარა თოჯინური სპექტაკლების სპეციფიკაზე, მსახიობის ოსტატობასა და იმ პრაქტიკულ უნარებზე, რაც მარიონეტის პერსონაჟის ხასიათს ქმნის.

– მინდა, ბათუმს და ბათუმელებს მივულოცო ასეთი მაღალი რანგისა და დონის ფესტივალის არსებობა. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჟიურის თავმჯდომარე გახლავართ. საკმაოდ რთულია ეს საქმე, რადგან ძალიან კარგი სპექტაკლებია წარმოდგენილი. შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთი მართლაც შედევრია, მაგალითად, ფრანგი რეჟისორის ანხელ ნავაროს წარმოდგენა, იგი ნამდვილად ბრწყინვალე იყო. მოხარული ვარ, რომ გვსტუმრობს UNIMA-ს (თოჯინების თეატრის მოღვაწეთა საერთაშორისო კავშირის) ვიცე-პრეზიდენტი, ბატონი ტიტო ლორეფიჩე, მასთან ურთიერთობის შესაძლებლობა რომ გვაქვს. ვულოცავ ყველას და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვმონაწილეობ ამ ფესტივალში, – გვითხრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე გიორგი შალუტაშვილმა.

– მაყურებლის რეაქციებიდან გამომდინარე, მგონი, საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა სპექტაკლმა. ჩვენი თეატრი პირველადაა ბათუმშიც და ამ ფესტივალზეც. საკმაოდ ვღელავდით, რადგან იგი არა მხოლოდ ბათუმისთვის, მთელი საქართველოსთვის, ქართული კულტურისთვის და ქართული თეატრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ირაკლი კიკვაძეს და ბატონ ნიკოლოზ საბაშვილს ამ არაჩვეულებრივი ფესტივალის შექმნისთვის, მასპინძლობისთვის. ისეთი თბილი და ოჯახური გარემოა, ისეთი სასიამოვნო განწყობაა მსახიობებშიც, რომ ეს მაყურებელზეც გადადის, – გვითხრა „მოხეტიალე მთვარის თეატრის“ დამფუძნებელმა, რეჟისორმა ნიკა ლუარსაბიშვილმა.


– მგონი, მაყურებელს იმედები არ გავუცრუეთ და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ჩვენი სპექტაკლი გასტროლზე პირველადაა და მიხარია, რომ ეს ბათუმში მოხდა, ამ ფესტივალზე, რომელიც ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. სპექტაკლში „ჯაყოს ხიზნები“ საქართველოს თოჯინების თეატრების გაერთიანებიდან თითო წარმომადგენელი გვყავს ყოველი დასიდან შეყვანილი და შეიძლება ითქვას, ეს არის თოჯინების თეატრების ნაკრები. ვცდილობთ, რომ თოჯინების თეატრით მოვიცვათ მთელი საქართველო, ვესტუმროთ იმ რეგიონებს, სადაც არ არსებობს თოჯინების თეატრები და შევხვდეთ მაყურებელს. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ თოჯინების თეატრი არ არის მხოლოდ ბავშვებისთვის. ვცდილობთ, უფროსი თაობაც დავაბრუნოთ ბავშვობაში და შევთავაზოთ სპექტაკლები თოჯინებით, – გვითხრა ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა ნიკოლოზ საბაშვილმა.


გამორჩეულად საინტერესო იყო UNIMA-ს (თოჯინების თეატრის მოღვაწეთა საერთაშორისო კავშირის ვიცე-პრეზიდენტის, მეთოჯინე ტიტო ლორეფიჩეს მასტერკლასი.
– შემიძლია თამამად ვთქვა, რომ შოკირებული ვარ ამ ფესტივალით. ძალიან ბევრს ვმოგზაურობ, არაერთ ფესტივალს ვსტუმრობ, მაგრამ ასეთი ენერგიის ფესტივალი არსად მინახავს – ასეთი თბილი, თოჯინებით დაინტერესებული ხალხით. იცით, ასეთი ტიპის ფესტივალები მისი დასრულების შემდეგ უფროა საინტერესო, ვიდრე პროცესში. კულტურა, ხელოვნება, მეთოჯინეობა და ზოგადად, თოჯინური სამყარო ფესვებს იდგამს და ამ ფესვებზე მომავალი თაობა უკვე რაღაც ახლის შექმნაზე ფიქრობს. ფესტივალის ასეთი ორგანიზება ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქალაქისა და ქვეყნისთვის. პირველად ვარ ამ ფესტივალზე და ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. გავიცანი ძალიან კარგი ხალხი და ვნახე სხვადასხვა თეატრალური დასის არაჩვეულებრივი ნამუშევრები. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ თოჯინური სპექტაკლების თანამედროვე სტილი ჩემთვის არის ზუსტად ისეთი, როგორიც სპექტაკლ „ჯაყოს ხიზნებში“ ვნახე. მსახიობები სცენაზე თოჯინებივით მოძრაობდნენ. მეთოჯინეობა – ეს ხომ კონცეფციაა და არა საგანი. როცა მუსიკა, მხატვრობა, სცენოგრაფია, მსახიობები ერთდროულად და კომპლექსურად მოძრაობენ, თოჯინური სამყარო იქმნება. რაც შეეხება მასტერკლასს, იგი მეთოჯინეობას ეხებოდა. ეს ძალიან ფართო სამყაროა. მონაწილეები პროფესიონალი მეთოჯინეები იყვნენ. კონცეფცია, რომელიც მათ შევთავაზე, არ არის ძალიან ტრადიციული, მაგრამ მიზანი, ის იყო, რომ მეთოჯინეობის არსი გაეგოთ და ვფიქრობ, ყველაფერი კარგად გამოვიდა. მეთოჯინეებიც და დაინტერესებული პირებიც აბსოლუტურად აჰყვნენ იმ ხრიკებს, რომლებიც მათ შევთავაზე. ვისაუბრეთ, როგორ უნდა მოხდეს თოჯინის, მსახიობის და მაყურებლის აღქმა დაბალანსებულად. როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს სცენაზე მეთოჯინე-მსახიობს თოჯინასთან, რომ მაყურებელმა არ დაკარგოს მასთან კომუნიკაცია. პატარ-პატარა ხრიკებიც აუცილებელია იმისთვის, რომ ზოგჯერ მსახიობმა სცენაზე წუთით დაისვენოს. განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს იმ ადამიანებს წვლილი, რომლებიც ჩართულნი არიან ორგანიზების საკითხებში, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელები – ირაკლი კიკვაძე და ნიკოლოზ საბაშვილი, ასევე, ფესტივალის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი – მარეხ ტუღუში. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდხანს იცოცხლებს ეს ფესტივალი, – გვითხრა UNIMA-ს (თოჯინების თეატრის მოღვაწეთა საერთაშორისო კავშირის) ვიცე-პრეზიდენტმა, მეთოჯინე ტიტო ლორეფიჩემ.
ფესტივალი 10 ნოემბერს, 18:00 საათზე დაჯილდოების ცერემონიით დასრულდება.

 

მარიამ ხითარიშვილი

  • No Comments
  • ნოემბერი 10, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *