გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
By

გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განცხადებით, საქმე ეხება 2019 წლის 20-21 ივნისის და ჩორჩანის ეპიზოდებს: „კერძოდ, პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ორზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებისა და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს“. გვარაკიძის თქმით, ბრალდება, რომელიც გიორგი გახარიას წარედგინება, სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ე.წ. 20 ივნისის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2024 წლის 7 მაისს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში, პარლამენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული დარღვევა და სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ასევე, მიეცა რეკომენდაცია, შეეფასებინა ღონისძიების დაგეგმვასა და შესრულებაზე პასუხისმგებელი პირების ქმედებები. შესაბამისად, ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის საგამოძიებო ექსპერიმენტები დაზარალებულთა მონაწილეობით, დამატებით გამოიკითხა ასეულობით მოწმე, ჩატარდა ასზე მეტი სხვადასხვა სახის ექსპერტიზა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოიკვეთა კონკრეტული პირის – გიორგი გახარიას ბრალეულობა, რაც მდგომარეობს შემდეგში: 2019 წლის 20 ივნისს, საღამოს საათებში თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე, თავდაპირველად მშვიდობიანი დემონსტრაცია ძალადობრივ აქტივობებში გადაიზარდა. მომიტინგეთა ნაწილმა ძალადობის გზით სცადა პარლამენტის შენობაში შეღწევა. მათ დაიწყეს პარლამენტის შენობის წინ განთავსებული სამართალდამცავების მიმართ ძალადობა, სხვადასხვა ნივთების გამოყენებით მათზე თავდასხმა, მათი ნივთების დაზიანება და განადგურება. მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ინსტრუქციისა და კანონმდებლობის უგულებელყოფით დაავალა სპეციალურ საშუალებათა ერთობლივად, პარალელურ რეჟიმში გამოყენება, ყოველგვარი გაფრთხილებისა და აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისათვის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობის მიცემის გარეშე, რითიც ორგანიზება გაუწია მოქალაქეთათვის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას. შედეგად, სპეციალური საშუალებების, მათ შორის რეზინის ტყვიების ერთობლივად გამოყენებით ათეულობით მოქალაქემ მიიღო სხვადასხვა ხარისხის დაზიანება, მათ შორის ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი, ხოლო ხუთმა მოქალაქემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. რაც შეეხება ბრალდების მეორე ეპიზოდს: გამოძიებით დადგენილია, რომ 2019 წლის 24 აგვისტოს იმჟამინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, რომელიც ამავდროულად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და მუდმივი წევრი იყო, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფლებამოსილების იგნორირებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლად, ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირების გარეშე, ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ. აღნიშნული ფაქტი გიორგი გახარიას ინიციატივითა და მონაწილეობით ფართოდ გაშუქდა მედიაშიც. როგორც მოსალოდნელი იყო, აღნიშნული ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების საბაბად გამოიყენეს. კერძოდ, 2019 წლის 5 სექტემბერს ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა სიმაღლეები დაიკავეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი. ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობას, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, რამაც მხარეებს შორის შექმნა შეიარაღებული სამხედრო კონფლიქტის რეალური საფრთხე. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების, ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები. აღნიშნული ქმედებით გიორგი გახარიამ განზრახ გადაამეტა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს, რამაც საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. გიორგი გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.
გიორგი გახარიასთან დაკავშირებით პროკურატურის ბრიფინგს და გადაწყვეტილებას გამოეხმაურა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი, დეპუტატი გიგა ფარულავა: „საზოგადოებას ახსოვს ივანიშვილის მიერ საპარლამენტო არჩევნების წინ რამდენიმე დღით ადრე გაკეთებული პირადი განცხადება, როდესაც პირდაპირ დაემუქრა გიორგი გახარიას, ასევე დაემუქრა ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს. დღეს ეს პროცესი არის ამის გაგრძელება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ ხაზგასმით, რომ ეს პროცესი, პროკურატურის განცხადება არის ივანიშვილის პირადი შურისძიება, იმ აბსურდული ბრალდებით, რაც შეეხება როგორც ჩორჩანის ნაწილს, ისე 20 ივნისის ნაწილს“, – განაცხადა მან.
რატომ წავიდა გიორგი გახარია ქვეყნიდან და აპირებს თუ არა დაბრუნებას, რადგან მართველი გუნდი მის გაქცევაზე საუბრობს? ამ კითხვას გიგა ფარულავამ ასე უპასუხა: „გახარია დაბრუნდება მაშინ, როდესაც ჩათვლის საჭიროდ. არამარტო ამ შემთხვევაში, „ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივი ემთხვევა ერთმანეთს, თუნდაც გაქცევასთან დაკავშირებით. გახარია როდესაც ჩათვლის საჭიროდ, დამერწმუნეთ, აუცილებლად იქნება საქართველოში და ამის შესახებ საზოგადოება მისგან ამას ნამდვილად გაიგებს“.
შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ გიორგი გახარია მოკლევადიან პერიოდში ჩამოსვლას არ აპირებს, გიგა ფარულავამ განაცხადა, რომ ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება და, შესაბამისად, როდესაც ის გადაწყვეტს საქართველოში ჩამოსვლას, ამის შესახებ აუცილებლად აცნობებს საზოგადოებას: „დღეს იქნება, ხვალ იქნება, ამაზე, ბუნებრივია, ჯერ არ გვაქვს საუბარი“, – თქვა მან.
ასეთივე შეფასება აქვს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრ ტატა ხვედელიანს. ის ამბობს, რომ პროკურატურის განცხადება სიურპრიზი არ ყოფილა.
„ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის პროკურატურის განცხადება სიურპრიზი არ ყოფილა. „ოცნება“ მზადაა, ეროვნული ინტერესების დაზიანებითაც კი, დევნოს თავისი გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ოპონენტი გიორგი გახარია. ეს პერსონალური ვენდეტის გაგრძელებაა, რომელიც 2024 წლის არჩევნებამდე დაანონსდა. კიდევ ბევრ აბსურდულ ბრალდებას ვნახავთ გიორგი გახარიას მიმართ. ეს არის რეალობა, რომელსაც „ოცნება“ ქმნის. ის პოლიტიკურად დევნის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ოპონენტს. ბევრჯერ ვნახეთ, როგორ იცავდნენ და როგორ ამაყობდნენ გიორგი გახარიას მიერ გადადგმული ნაბიჯებით სხვადასხვა პროექტთან დაკავშირებით. შემდეგ აღარ დასჭირდათ, რადგან გახარიასგან დისკომფორტი შეექმნათ. დღეს ვინც „ოცნებას“ ებრძვის, გიორგი გახარია და მისი გუნდია, მაშინ როდესაც „ოცნება“ „ნაცებს“ ქვეყნის საწინააღმდეგოდ იყენებს“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გიორგი გახარიას მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიტიკური პროცესი არ არის. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით, გიორგი გახარია „ქართულ ოცნებას“ საეჭვო გარემოებებში ჩამოსცილდა. „დიდი ხანი გავიდა, რაც ჩვენ პოზიციებით ერთმანეთს მნიშვნელოვნად დავცილდით და ეს არ არის „ქართული ოცნების“ გუნდის ბრალი. გიორგი გახარია „ქართულ ოცნებას“ საეჭვო გარემოებებში ჩამოსცილდა და ისეთი ნაბიჯები გადადგა, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებული იყო ეროვნული უსაფრთხოებისათვის გარკვეული პრობლემების შექმნასთან. სიტუაცია სიღრმისეულად რომ გავაანალიზეთ, საკმაოდ ვრცელი პერიოდი იყო, რასაკვირველია, ჩვენთვის ბევრი რამ სიახლე იყო. სიტუაციას ახლებურად შევხედეთ, გავაანალიზეთ. არ ვიცი, პროკურატურამ და გამოძიებამ რა დასკვნა შეიძლება გააკეთონ, მაგრამ ვფიქრობ, ეს იყო სერიოზული პოლიტიკური დემარში, რომელიც პირდაპირ იყო მიმართული ეროვნული ინტერსების დასაზიანებლად“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

  • No Comments
  • ნოემბერი 13, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *