რამაზ საყვარელიძე: დღეს პოლიტიკურმა პრაგმატიზმმა პოლიტიკურ ზნეობას გადააბიჯა და როყიოდ აგრძელებს სვლას
ახალი წლიდან დაპირისპირებების, უცნაური ექსცესების, კონფლიქტების ახალი ეტაპი დაიწყო. ამერიკის პრეზიდენტი იტაცებს ვენესუელის პრეზიდენტს, ცოლთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტი ბომბავს ლვოვს და კიევს, ირანში დემონსტრანტების უზარმაზარი ტალღა აგორდა, რასაც უამრავი მსხვერპლი მოჰყვა. რა ელის მსოფლიოს და რა გველის ჩვენ ასეთი პოლიტიკური კატაკლიზმების შედეგად, ამ საკითხებზე საუბრობს „აჭარასთან“ პოლიტანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე, რომელიც ლოგიკურ განმარტებებს ზნეობრივ კრიტერიუმებში სვამს და ახალ ჭრილში გვთავაზობს მიმდინარე პროცესების ანალიზს.
– მსოფლიოს გადანაწილება უკვე აშკარად მიმდინარეობს, აქტორებმა ნიღბები ჩამოიხსნეს და აღარ ერიდებიან ზნეობრივი კრიტერიუმების დარღვევას, მარტო ტრამპის და მადუროს ამბავი რად ღირს…
– საერთაშორისო პოლიტიკაში არის სიტუაციები, რომლებზეც კითხვის ნიშნები გვიგროვდება და პასუხები უნდა ვეძიოთ არა პერსპექტივებსა და აწმყოში, არამედ წარსულში. ეს ფაქტები შესაძლოა უკვე დაკარგულიც ან გაფერმკრთალებულიც იყოს, მაგრამ აუცილებლად აღმოვაჩენთ, თუკი კარგად გავიხსენებთ. ამის ყველაზე ტრივიალური მაგალითია, რაც გერმანიას დაემართა ჰიტლერის ხელში, როდესაც ზედაპირზე ამოვიდა პირველი მსოფლიო ომის შემდგომი წყენა, აგრესია და პროტესტი. სწორედ ამ ფაქტორებმა ჩამოაყალიბა ნაცისტური გერმანია. ახლა, ღმერთმა დაგვიფაროს მსგავსი ანალოგისგან, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ასევე წარსულმა იმოქმედა თანამედროვე მოვლენებზეც. წარსული ანგარიშები გაიხსენა პუტინმა უკრაინასთან დაპირისპირების დროს და ამას გადააბა ნატოს ჯარების საზღვართან განლაგების პერსპექტივა. . . და მოხდა ის, რაც მოხდა უკრაინაში. სხვათა შორის, ნატოს ბაზების განლაგების გეგმა ჩავშალეთო, აცხადებდა მედვედევი, 2008 წელს რომ შემოვიდა საქართველოში. გამოდის, ამ ტიპის ამბები წარსულიდან მომავლისკენ შუა გზაზე ჩნდება და ვლინდება პრობლემის მოგვარების იმპულსი, რასაც იარაღით წყვეტს ესა თუ ის ქვეყანა. ასეთივე იმპულსი იკითხება აშშ-ის პრეზიდენტის საქციელშიც. თქვა კიდეც ტრამპმა, რომ ვენესუელა დღეს ამარაგებს თავის მსხვილ პარტნიორებს – რუსეთს და ჩინეთს. ანალოგიურად, ესენი ფიგურირებენ გრენლანდიაშიც და მისი გაკონტროლების სურვილს გამოთქვამენ. პუტინი უკვე დაიძრა კიდეც გრენლანდიისკენ… ანუ სანამ ამერიკა გულგრილი იყო, ჩინეთი და რუსეთი ცდილობდნენ საკუთარი გავლენის სფეროების გაძლიერებას ვენესუელასა და გრენლანდიაში. ასე თუ გაგრძელდებოდა, ჩაიკეტებოდა აშშ-ისთვის როგორც ერთი, ისე მეორე წერტილი, ეს კი ნეგატიურ გავლენას მოახდენდა ამერიკაზე.
– ნავთობის კუთხით?
– არა, აქ ნავთობს იყიდის თუ ვერ იყიდის ამერიკა, ამაზე არც არის ლაპარაკი. აქ საფრთხის შემცველია ის, რომ აშშ-ის კონკურენტი ჩინეთი შესაძლოა ძალიან ახლო დისტანციაზე აღმოჩნდეს მასთან ვენესუელის დახმარებით. მეორდება დაახლოებით ისეთივე სიუჟეტი, როგორიც იყო კარიბის ზღვის კრიზისის დროს, ხრუშოვმა რაკეტების განლაგება რომ გადაწყვიტა კუბაში და ლამის მესამე მსოფლიო ომი გააჩაღა. რატომ? იმიტომ, რომ ამერიკისთვის დაუშვებელი იყო საბჭოთა იარაღის ასე ახლოს განლაგება. ასევე, ტრამპისთვისაც დაუშვებელია ჩინეთის გავლენა ვენესუელასა და გრენლანდიაში, რომლებიც ასე ახლოსაა ამერიკისთვის მნიშვნელოვან სატრანზიტო ხაზებთან.
– ეს გასაგებია, მაგრამ რამდენად მისაღებია ამერიკის იმიჯისთვის სხვა ქვეყნის პრეზიდენტის და მისი მეუღლის მოტაცება 21-ე საუკუნეში?
– თქვენ ხაზი გაუსვით – „ამერიკის იმიჯისთვის“, ე.ი. რუსეთის იმიჯისთვის ბევრი არაფერი დაშავებულა, უკრაინაში რომ შევიდა (იცინის). . .
– იგივე რომ პუტინს გაეკეთებინა, სანქციების დაწესება და საპროტესტო ტალღები დაიწყებოდა, ტრამპზე კი მხოლოდ აღშფოთდ-შეშფოთდნენ?
– კი, კი, კი… გეთანხმებით აბსოლუტურად… რუსეთს მეტი კი არაფერი უქნია, თუმცა პუტინმა ერთი კვირის ვადა მისცა უკრაინას, ანუ ომის წესები დაიცვა, ხოლო ტრამპმა ხაზი გადაუსვა პოლიტიკურ დეკორაციებს და შემოიტანა ახალი სტილი: „ვიყოთ ისეთები, როგორებიც ვართ“. რაც მთავარია, თავად მოიხსნა ნიღაბი და რას იზამენ სხვები, ეს არ აწუხებს.
– ვინ კურირებს ახლა ვენესუელას და რა მოხდება იქ შემდგომ?
– ახლა, ცხადია, ამერიკა კურირებს, სამომავლოდ ჩასატარებელი ექნება დემოკრატიული პროცედურები, რომ ასეთი ძალისმიერი ჩარევა გადაიფაროს. ეს ყველაფერი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს გასაკეთებელი იქნება, პრინციპში ის კურირებს ვენესუელას. ამ ეტაპზე ყველაზე საინტერესოა გრენლანდიის თემა, თუნდაც იმიტომ, რომ დანიაც და გრენლანდიაც სასტიკად აპროტესტებენ, თუმცა შთაბეჭდილებას ვერ ახდენენ. ფაქტია, რომ ტრამპმა უკვე ყველაფერი სათავისოდ გადაწყვიტა.
– მგონი, ახლა თანხასაც აღარ ჰპირდება?
– არ ვიცი, კულისებიდან ვერ ვიღებთ ინფორმაციას, პოლიტიკურ ავანსცენაზე კი გაიელვებს რაღაც ნათქვამი და უკვალოდ ქრება. ამაზე ამ პროცესებში ჩართული ექსპერტებიც კი ვერაფერს ამბობენ, რადგან არავინ იცის, განაცხადს რა ქმედებას მოაყოლებს ტრამპი. არა მგონია, რომ ტრამპმა თავი შეიწუხოს ომის წამოწყებით, იარაღის მომხრე აშკარად არ არის. ის კი არა, ითქვა, რომ გართულებებისთვის თავის ასარიდებლად, მადუროს დიდი თანხა მისცეს და კი არ მოიტაცეს, უბრალოდ, გააპარეს ცოლთან ერთად საკუთარი სასახლიდან, ანუ თავისი ფეხით გაჰყვა.
– რაც შეეხება ევროპას, რა გზას აირჩევს? როგორც ჩანს, უკვე უკრაინაც აღარ ადარდებს. . .
– ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ცოცხალი არსებები, ადამიანებით დაწყებული, ცხოველებით და მწერებით დასრულებული, გარბიან თუ შეაწუხებ. გეოპოლიტიკას სად უნდა გაექცე, საკუთარ ქვეყანას ხომ ვერ დატოვებ? აქ კი ძალიან საინტერესო სვლები ჩანს: ტრამპი გამწარებით ურტყამს ევროკავშირს – ჯერ ერთი, ჯეიდი ვენსის პირით განუცხადა, თქვენი ბრალია, რაც ხდებაო და მეორეც, არცერთ რთულ ვითარებაში, ევროპის მიმართ ემპათია არ გამოუვლენია. სწორედ მას თვლის დამნაშავედ, მათ შორის უკრაინის თემაშიც. ამ საკითხზე კამათიც არ დაუწყიათ, ანუ ევროპამ უკვე აღიარა, რომ მათი ინტერესი ომის გაგრძელებაა და მაშინ გამოდის, რომ ტრამპი ყველაფერში მართალია. გამოდის, ევროპელები დარწმუნდნენ, რომ ტრამპი აღარ მიხედავთ. ადრე, ვენსის იმ განცხადების შემდეგ, გერმანელმა კაცმა იტირა, ახლა – ბელგიელმა ქალმა გადმოყარა ცრემლები, ამერიკა გვტოვებსო. ასე ატირებულები არიან, მაგრამ ვეღარაფერს ახერხებენ.
– აღმოჩნდნენ პუტინთან პირისპირ. . .
– კი, პუტინთან პირისპირ – ეგ ერთი, ახლა გამწვავდა დაპირისპირება და არის კიდევ უფრო მეტი საფრთხე, რომელზეც ყველაზე გაბედულად ტრამპი საუბრობს. კერძოდ, ჩინეთი თუ ამოძრავდა კონტინენტს აქეთ, იმ ევროკავშირისთვის, რომელმაც ერთი ავტობუსი ნაკრები (ერთი ქვეყნიდან ხომ არ წასულან), უფრო სწორად მიკროავტობუსი ხალხი გააგზავნა გრენლანდიის დასაცავად, ნაკლები საშიშროება არ იქმნება. გამოდის, ევროპელები უსუსურები იქნებიან არა მხოლოდ რუსეთის, ჩინეთის გამოჩენის შემთხვევაშიც… აგერ კანადა ჩაეხუტა სი ძინპინს, უფრო ადრე, საფრანგეთმაც იგივე გააკეთა.
– ანუ თქვენ გამორიცხავთ ევროპის სამხედრო დაპირისპირებას რუსეთთან, არადა, მანამდე იარაღს აჟღარუნებდნენ?
– თავად განსაჯეთ, ევროპამ შეიარაღება თუ დაიწყო, ფული უნდა გამოაკლოს სოციალურ პროგრამებს. ამ შემთხვევაში, ცხადია, დაიკარგება ევროპული ხიბლი, რაზეც დგას ეს ცივილიზაცია. იმიტომ მოგვწონს ევროპა, რომ იქ მაღალია პენსიები, ადამიანი დაცულია ყველანაირად, ვინც ევროპის მოქალაქედ იბადება – უზრუნველყოფილია მთელი ცხოვრების მანძილზე. ყველაფერი ეს ევროპამ იმით შეძლო, რომ შეიარაღებაზე კი არა, საკუთარ თავზე ხარჯავდა ფულს. სწორედ ეს აღნიშნა ტრამპმა – ჩვენ გვამუშავებთ შეიარაღებაზე, თქვენ რომ დაგიცვათ, თავად კი კომფორტის ზონიდან გამოსვლა არ გინდათო… ახლა წარმოიდგინეთ, რა დღეში აღმოჩნდნენ ევროპის მმართველი წრეები: საბიუჯეტო თანხებს თავდაცვაზე თუ გადაისვრიან, მოსახლეობა აუჯანყდება და გადმოყრის სავარძლებიდან. ევროპა კომფორტს არ მიიკლებს, ამიტომ სჭირდებათ ვიღაც, ვინც თავის თავზე აიღებს ევროპის დაცვას. თუკი ამერიკამ მოიშორა ეს უღელი, გამოდის რჩება რუსეთი, სხვა არავინაა უფრო მისაღები.
– გამოდის უკრაინა გაიწირა?
– ჰო, უკრაინა განწირულია, ევროპა რომც შეიარაღდეს, რასაც ცოტა ხნის წინ იმუქრებოდა კიდეც, უკრაინას მაინც ვერაფერს უშველის, რადგან ევროპელები ამას არ დაუშვებენ და უახლოესი არჩევნებით შეცვლიან საკუთარი ქვეყნების მმართველებს. მოკლედ, ევროკავშირი ლოგიკურ ხაფანგშია მოქცეული.
– ირანის არეულობა როგორ დასრულდება?
– ვფიქრობ, ირანში არეულობა უახლოვდება ფინალურ აკორდს, კარგ დასასრულს – არა. იქ საშინელი მდგომარეობაა დღეს. რა როგორ იქნება, არავინ იცის. სასტიკი რეპრესიები შეაჩერა აშშ-ის მკაცრმა გაფრთხილებამ. მომავალში, შესაძლოა, არც ამან უშველოს. თურქეთის მაგალითზე ვნახეთ, რომ ერდოღანი დღემდე აკონტროლებს, ვინმეს ოპოზიციური აზრი არ გაუჩნდეს. იგივეს იზამს აიათოლა ალი ჰამენეიც. ერთი და იგივე ტიპის კულტურის წარმომადგენლებთან გვაქვს საქმე და იმიტომ ვადარებ ამ ორს, თორემ თავისებურია თითოეული, თუმცა ხელისუფლებისთვის ბრძოლაში ორივე დაუნდობელია.
– სამწუხაროდ, აქ სხვა არანაირი გამოსავალი არ ჩანს?
– არ ვიცი, სამწუხაროა თუ არა, რადგან რაც დროს გადის, საჯარო სივრცეში, სააშკარაოზე უფრო ამოდის აღმოსავლეთმცოდნეთა მოსაზრებები, რომლებიც სულ სხვაგვარად წარმოაჩენს ირანში შექმნილ ვითარებას. დამაფიქრებელია ისიც, რომ ისრაელმა მიმართა აშშ-ს, ნუ დაარტყამო ირანს. ეს თხოვნა არ არის შემთხვევითი, რადგან ძალიან დიდი ბრძოლისუნარიანი ქვეყნის წინაშე აღმოვჩნდებით. მისი დაშლა, არევა, უზარმაზარ მიგრაციულ ტალღებს გამოიწვევს, რასაც თავს არიდებენ გარშემო მყოფი ქვეყნები. ადამიანი თუ დგას ძალიან მაღალი კედლის წინ, ამ კედელს არ დაანგრევს, რადგან ვერ გაასწრებს ნგრევის პროცესს და ნატეხები თავში მოხვდება. ირანი სწორედ ის კედელია, რომლის ნანგრევებიც ბევრ ქვეყანას დააზიანებს, დაურღვევს ჩვეულ რიტმს და შეუქმნის რეალურ საფრთხეებს. ამ პროცესის, ყველაზე ნაკლებად ამერიკას ეშინია, მაგრამ ფაქტია, რომ უკონტროლო პროცესები მოიმატებს არა მხოლოდ ჩვენთან, მათ კონტინენტზეც.
– მთელი ამ მოვლენების ფონზე, თითქოს უკანა პლანზე გადავიდა რუსეთის აგრესია, თუ არ ჩავთვლით ორეშნიკებს, ასევე, ლვოვის და კიევის დაბომბვას. რას აპირებს კრემლი, ჯერჯერობით მოლოდინის რეჟიმს ირჩევს?
– რუსეთი არც მალავს საკუთარ გეგმებს, ეგ სტილი ახასიათებს. არც იმას მალავს, რომ დაინტერესებულია მსოფლიო კონტროლით. მას არც ის უთქვამს, საბჭოეთის აღდგენა მინდაო, თუმცა აშკარად აბრალებენ ე.წ. მიკროავტობუსის ქვეყნები. კრემლს მხოლოდ გავლენის აღდგენა სურს პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე, როგორიც ადრე ჰქონდა.
– უკრაინა-რუსეთის პირველ სამშვიდობო გეგმას ევროპამ საკუთარი შეაგება, რომელიც კრემლმა არც კი განიხილა. ახლა პუტინი აღარ დათანხმდება იგივე პირობებს, ზელენსკი რომ დათანხმდეს.
– მაშინვე თქვა მოსკოვმა, ან ახლავე დათანხმდით, ან უარეს პირობებზე მოგიწევთ ზავის დადებაო. ასეც მოხდა, თუმცა აქვე აღვნიშნავ, დროის იმ პერიოდში, სტალინმა ომი რომ მოუგო გერმანიას, რუსეთმა ვერ მოახერხა უკრაინის დამარცხება. გასაგებია, რომ ამჟამინდელ რუსეთს ძველი ძალა აღარ აქვს და თუკი საკუთარი სისუსტეები გაცნობიერებული აქვს, შესაძლოა რაღაც დათმობებზე მაინც წავიდეს. აქ არა მხოლოდ სამხედრო ძალას ვგულისხმობ, შიგა პროცესებიც დაძაბულია რუსეთში. ბოლო ხანებში ბევრი მაღალჩინოსანი ჩამოიშორა პუტინმა, გამოდის, ისეთი რამ ხდება, რაც ფართოდ არ არის ცნობილი, მხოლოდ გარე მინიშნებებით თუ მოვიაზრებთ. აი, ამ შიდა და გარე დაძაბულობების ფონზე, პუტინმა მდორე წინსვლის სტრატეგია აირჩია, ალბათ თვლის, რომ საჩქარო არაფერი აქვს.
– ანუ ჯერ დროა საჭირო, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი დარეგულირდეს?
– ყველაფერი დროზეა დამოკიდებული… ჩვენ ტრამპით დავიწყეთ – გრენლანდია ერთი ციცქნაა, მაგრამ მისი საკითხის მოგვარება აშშ-ისგან დროს მოითხოვს, ვენესუელასაც დრო სჭირდება. ძალიან დიდ დროს მოითხოვს ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობის გარკვევაც, ასევე – ევროპისა და რუსეთის დაპირისპირების დარეგულირება. შემთხვევითი არ არის ფრიდრიხ მერცის ფრაზა, რომ თურმე რუსეთი ევროპაა… ჩვენ ხომ ის თაობა ვართ, რომელიც ყველაფერს უნდა მოესწროს.
– დიახ, მოვესწარით მსოფლიოს კიდევ ერთ გადანაწილებას. . .
– დიახ, აჩქარებული კადრებივით მიმდინარეობს გეოპოლიტიკური პროცესები. ჩემი ამ მოსაზრებებით შევეცადე, რომ მხარეების ლოგიკა დამენახა და გამეზიარებინა, მაგრამ ლოგიკურობა არ ნიშნავს გამართლებას. ადამიანმა შეიძლება გაუგოს მეორე ადამიანს, თუ რატომ მოკლა ესა თუ ის პიროვნება, მაგრამ ეს გაგება თავად მკვლელობის ფაქტს არ ამართლებს. აქ მნიშვნელოვანია კიდევ ზნეობრივი კრიტერიუმები და შეფასებები. დღეს ყველაზე თვალშისაცემია, რომ პოლიტიკური ზნეობა დაიკარგა, რასაც ზოგიერთი საერთაშორისო სამართლს ეძახის. ზნეობა, რომლისთვისაც მიუღებელია ათასობით ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა, გაიბნა ამ პროცესებში და ამ თითქოს ძალიან ლოგიკურ მოქმედებებში. მოკლედ რომ ვთქვათ, რას გამოიწვევს ესა თუ ის ქმედება, რამდენი ადამიანის სისხლი დაიღვრება, რამდენი ოჯახი დაიშლება და რამდენი სახლი დაიწვება, ამის რეალურად აღქმის უნარი, თანაგრძნობა დაკარგეს ქვეყნებმა და მათმა მმართველებმა. თავს იმართლებენ მსოფლიო გადანაწილების პროცესების გარდაუვალობით, გეოპოლიტიკური აუცილებლობებით, ზესახელმწიფოების გაუმაძღრობით, მაგრამ ამას მაინც არაფერი ამართლებს. სწორედ რუსეთი იყო პირველი, რომელმაც არაფრად ჩააგდო ზნეობაც, საერთაშორისო სამართალიც და ხელაღებით დაარღვია ყველა საერთაშორისო ნორმა. პირველი იყო იმ მხრივაც, რომ 2008 წელს ჯერ საქართველოში შესწირა ადამიანების სიცოცხლე პოლიტიკურ მიზნებს, არაფრად მიიჩნია „ერთეულების“ დაღუპვა ,,დიადი” მიზნებისთვის (არც საკუთარი ქვეყნის შვილების და არც – ჩვენის), შემდეგ კი გადავიდა უკრაინაზე. ანალოგიურად მოიქცნენ ევროპის ქვეყნებიც, მშვიდობის ნაცვლად ომს რომ აღვივებდნენ, ჩვენც მოგვიწოდებდნენ ომისკენ და არაფრად მიიჩნევდნენ ადამიანების დაღუპვას, ანუ მსხვერპლშეწირვა გაამართლეს მაშინ, როდესაც მანამდე გააფთრებით იცავდნენ არა მხოლოდ ადამიანის სიცოცხლეს, მისი უფლებების ნებისმიერი დარღვევის ფაქტსაც. რაც შეეხება ტრამპს, მასაც ადევს გარკვეული ცოდვები, მაგრამ ის უფრო ბაქიბუქობს, ვიდრე რეალურად ღვრის სისხლს. აი, ამ პოლიტიკური მორალის, პოლიტიკური ზნეობის დაკარგვის მიჯნას გადავაბიჯეთ და სულ სხვა ეტაპზე გადავედით. წყალში ჩაიყარა ის, რაც აკეთა კაცობრიობამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიოში მშვიდობის დაცვის და ტერორიზმის აღმოფხვრის კუთხით. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს, მობეზრდათ მშვიდობა და ამა თუ იმ მხარემ (რუსეთიდან ევროპა-ამერიკამდე) დაიწყო საერთაშორისო ზენობრივი ნორმების ხელაღებით დარღვევა. ჯერ ჩინეთი ჩუმად არის. ვიცით, რომ მასაც ბევრი ცოდვა აქვს, როგორც პოლიტიკური ოპონენტების განადგურების, ისე უახლოესი მეზობლების მიმართ, მაგრამ მასობრივი სისხლისღვრა არ დაუწყია. ალბათ, უახლოეს პერიოდში გამოვლინდება სი ძინპინის ზნეობრივი კრიტერიუმებიც. არა მგონია, რომ ჩამორჩეს საკუთარ პარტნიორებს და დათმოს თავისი წილი ტერიტორიები. ანუ დღევანდელ დღეს, პოლიტიკურმა პრაგმატიზმმა პოლიტიკურ ზნეობას გადააბიჯა და როყიოდ აგრძელებს სვლას.
ირმა ცეცხლაძე