
რამაზ ჯინჭარაძე: იმედი მაქვს, გონიო-კვარიათის მოსახლეობა მხარს დამიჭერს შუალედურ არჩევნებში
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
ოპოზიციაში შუალედური არჩევნებისთვის სამზადისი დაწყებულია. ცალკეულ პარტიაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატზე შესაჯერებლად ჯერ კონსულტაციების ეტაპზე არიან. ,,სტრატეგია აღმაშენებელში“ უკვე დაგეგმილი აქვთ შეხვედრები პარტიის რეგიონალურ წარმომადგენლებთან.
,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ არ გამორიცხავენ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობას და საერთო კანდიდატზე შეჯერებასაც. ხელისუფლების ოპონენტებს პროგნოზების გაკეთება უჭირთ.
პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები 2 აპრილს გაიმართება. ქალაქში 14 საარჩევნო უბანი გაიხსნება.
შეგახსენებთ: ბათუმის #4 საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში, თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში ოპოზიციონერმა კანდიდატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნუგზარ ფუტკარაძემ გაიმარჯვა. ის არჩევნებიდან 2 კვირაში გარდაიცვალა. ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოში ახლა ასეთი მოცემულობაა: არცერთ პარტიას არ აქვს უმრავლესობისთვის საჭირო 18 ხმა. 2 აპრილის შუალედური არჩევნები ყველა პარტიისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რადგანაც კენჭისყრის ამ შედეგებით გაირკვევა, რომელ პოლიტიკურ ძალას ექნება უმრავლესობა ბათუმის საკრებულოში.
“ქართულმა ოცნებამ” ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად რამაზ ჯინჭარაძე დაასახელა. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მის წარდგინებაზე განაცხადა, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია არჩევნების მოგება, რადგან ბათუმის საკრებულოში მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება აუცილებელია ქალაქის შეუფერხებელი განვითარებისათვის.
რამაზ ჯინჭარაძეს აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის მდიდარი, მრავალწლიანი გამოცდილება. ამჟამად აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილეა, ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
პარლამენტარი ზაალ მიქელაძე გამოეხმაურა რამაზ ჯინჭარაძის კანდიდატურის წარდგენას: „ძალიან გამიხარდა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება – ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში რამაზ ჯინჭარაძის კანდიდატურის დასახელება. მართალია, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მინისტრის უაღრესად მცოდნე და გამოცდილი პირველი მოადგილე დააკლდება, მაგრამ მისი არჩევის შემთხვევაში, ბათუმის საკრებულოს ეყოლება სოციალური, ეკომიგრანტების, დევნილების პრობლემების მოგვარებისთვის საჭირო კადრი, შეიძლება ითქვას, თავისი საქმის ექსპერტი, მით უმეტეს, რომ ამ კუთხით ქალაქს მართლაც, დიდი გამოწვევები აქვს“.
გთავაზობთ ინტერვიუს რამაზ ჯინჭარაძესთან.
– ბატონო რამაზ, როგორ შეხვდით ამ სიახლეს?
-სიმართლე გითხრათ, გამიხარდა ის ნდობა, რომელიც გამომიცხადა მმართველმა პარტიამ. მინდა, მადლობა ვუთხრა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს ამისთვის. აქვე მივმართავ ბათუმელებს, რომ ჩემი მხარდაჭერის შემთხვევაში, ბათუმის საკრებულოს ეყოლება ადამიანი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მათზე იზრუნებს. ყოველდღიური ურთიერთობები მაქვს ჩვენს თანაქალაქელებთან, როგორც სამსახურებრივი, ისე ყოფითი. კარგად ვიცი ის გამოწვევები თუ პრობლემები, რომლის წინაშე დგას ქალაქი და ისიც, რა არის საჭირო მოსახლეობის ცხოვრების დონის ასამაღლებლად. იმედი მაქვს, გონიო-კვარიათის მოსახლეობა მხარს დამიჭერს შუალედურ არჩევნებში და შევძლებ, რეალურად განვახორციელო ის სოციალური პროექტები, რომლებიც შემუშავებულია და გათვალისწინებულია ბათუმის ბიუჯეტში.
-თქვენ იცით, რომ ამ ოლქმა თავის დროზე მხარი დაუჭირა ოპოზიციის კანდიდატს.
-მე კარგად ვიცნობ ჩემს ქალაქს. ამ ეტაპზე საკრებულოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, უმრავლესობა ჰქონდეს მმართველ გუნდს და დარწმუნებული ვარ, ეს ბათუმელებმაც კარგად იციან. ამიტომ მჯერა, რომ სწორ არჩევანს გააკეთებენ და შევძლებთ ქალაქის სასიცოცხლო მაჯისცემის აღდგენას საკრებულოს ამუშავებით. „ქართულ ოცნებას“ ბევრი კარგი პროექტი აქვს განსახორციელებელი სოციალური და ჯანდაცვის კუთხით, რომელიც ითხოვს მისივე დეპუტატების მხარდაჭერას.
-აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ხართ. ქალაქის საკრებულოში რიგითი დეპუტატის ადგილი რამდენად მისაღებია თქვენთვის?
-ვთვლი, რომ იქ უნდა ვიდგე, სადაც ვჭირდები ჩემს პარტიას, ხელისუფლებას და ხალხს. ამ ეტაპზე საჭირო აღმოვჩნდი სწორედ ამ ადგილას. იმედი მაქვს, რომ ის, ვინც მიცნობს, მიხვდება, ეს არ არის ყალბი სიტყვები. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მართავს პროფესიონალთა გუნდი და დარწმუნებული ვარ, ჩემს გარეშეც კარგად გაართმევენ თავს რეგიონში არსებულ გამოწვევებს. მეც ბათუმიდან არსად მივდივარ, უბრალოდ, იქ გადავალ, სადაც აუცილებელია ჩემი ყოფნა. თუ ადამიანს მუშაობა გინდა, ყველგან იმუშავებ, მით უმეტეს, რომ ბათუმის საკრებულოს სწორედ ამ ეტაპზე დაუგროვდა ბევრი ისეთი ტიპის პრობლემა, რომლის გადაწყვეტაშიც დიდი გამოცდილება მაქვს. ვიმედოვნებ, ჩემს წვლილს შევიტან ქალაქის განვითარებაში.
-სხვა პროექტებთან ერთად, თქვენ დიდი პოპულარობა მოგიტანათ ე.წ. მუყაოს ქალაქმა. თუ შეიძლება, გაიხსენეთ, რა და როგორ იყო? რა იქნება მომავალში?
-აქ, მართლაც, უპრეცედენტო პროექტი განხორციელდა. აჭარაში ერთ-ერთ უდიდეს, წლების განმავლობაში მოუგვარებელ პრობლემად რჩებოდა „მუყაოს“ იგივე „ოცნების ქალაქად“ წოდებული დასახლება, სადაც ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე თავი შეაფარეს სხვადასხვა მიზეზით ქალაქად ჩამოსახლებულმა ადამიანებმა. მათ ყოველგვარი იურიდიული ნებართვის გარეშე დაკავებულ ტერიტორიაზე (53-ე და 25-ე სამხედრო ბატალიონების ყოფილი ტერიტორია) მოიწყვეს ჯერ დროებითი საცხოვრისი, შემდეგ კი ფიცრულებისგან მთელი „ქალაქი“ ააშენეს, რადგან იმ პერიოდში არავის აუკრძალავს და არც გაუპროტესტებია მათი უკანონო ჩასახლება. ფიცრულებს თანდათან ქვის სახლები ჩაენაცვლა, რომელთა რაოდენობაც წლების განმავლობაში იზრდებოდა. საბოლოოდ, ბათუმის შემოგარენში ჩამოყალიბდა საკმაოდ დიდი დასახლება ყოველგვარი წყალკანალიზაციის სისტემისა და სანიაღვრე არხების გარეშე. არსებული ანტისანიტარია, ცხადია, ათასგვარი ინფექციური დაავადების წარმოქმნის მიზეზი გახდა. მართალია, დროდადრო აგვარებდნენ რიგ პრობლემებს, თუმცა საუბარიც არ იყო ამ ხალხისთვის სათანადო პირობების შექმნაზე. მთელი 7 წლის განმავლობაში პერმანენტულად ეწყობოდა საპროტესტო აქციები, საინფორმაციო საშუალებებით განიხილავდნენ აქ ჩასახლებულთა პრობლემებს, რომელებიც თანდათან მატულობდა და არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ყურადღება მიიპყრო. გამძაფრებული პრობლემა გადაჭრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ. სწორედ მისი ინიციატივით და ცენტრალური მთავრობის ძალისხმევით, უდიდესი საქმე გაკეთდა. ბატონი თორნიკე როგორც კი გაეცნო „მუყაოს ქალაქში“ არსებულ რეალურ ვითარებას, მაშინვე გამოსცა განკარგულება, რომლის საფუძველზეც დაიწყო ამ ადამიანებისთვის ახალი კორპუსების მშენებლობისათვის მზადება. ამას მოჰყვა საკმაოდ შრომატევადი პროცესები – დაიწყო აქ ჩასახლებულთა ინდივიდუალური აღწერა, რაც გულისხმობდა სპეციალურად შექმნილი მუშა ჯგუფის მიერ თითოეული ოჯახის ჩამოსვლის რეალური მიზეზების დადგენას, იმის გადამოწმებას, მიღებული ჰქონდათ თუ არა მთავრობისგან რაიმე სახის დაფინანსება. რა თქმა უნდა, ასეთებიც აღმოჩნდნენ და ისეთებიც, საერთოდ, რომ არ უცხოვრიათ ამ ფიცრულებში. უბრალოდ, აჰყვნენ საერთო ფეხის ხმას და დააპირეს ასეთი ხერხით ბათუმში ბინის უფასოდ მიღება. ყოველ შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფმა (რომელშიც სამთავრობო სტრუქტურების ჩვენი წარმომადგენლობის გარდა, ადგილობრივ ბაზაზე შექმნილი არასამთავრობოების წევრებიც შედიოდნენ) წარმატებით დავასრულეთ აღწერა. „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო, გადაელახა ამ კუთხით შექმნილი სხვადასხვა ტიპის ბარიერი და ამჟამად უკვე მიმდინარეობს კორპუსის მშენებლობა იმ ადგილას, რომელიც ერთ დროს ბათუმის ტკივილი იყო.
-თუკი საკრებულოს დეპუტატად აგირჩევენ, ისევ ჩაერთვებით შემდეგი კორპუსების მშენებლობის პროცესში თუ მეტი აღარ აშენდება?
-აუცილებლად ჩავერთვები. თამამად შეიძლება ითქვას, რომ პირადად ვიცნობ ყველა იქ მცხოვრებს, ვიცი, ვინ რა პრობლემის გამო მოხვდა „მუყაოს ქალაქში“. ისიც ვიცი, განსაკუთრებულად ვინ საჭიროებს ბინის მიღებას. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, არ დაირღვევა არცერთი აქ მცხოვრები მოსახლის სამართლებრივი უფლებები და შესაბამისად, ყველა ოჯახი მიიღებს საცხოვრისს. პირველ ეტაპზე შენდება 582 ბინა, რაც არ ნიშნავს, რომ დანარჩენები დარჩებიან ბინების გარეშე. სანამ ბოლო მოსახლე არ დაკმაყოფილდება, მანამდე გაგრძელდება ამ ტერიტორიაზე მათთვის განკუთვნილი კორპუსების მშენებლობა. უკვე გამოცხადდა ტენდერი და დაიწყება პროექტის მეორე ფაზა. ასე რომ, ყველა მიიღებს ბინას.
-ბათუმის საკრებულოს 2022 წლის ბიუჯეტში განსაზღვრულია თანხა ავარიული სახლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის. თქვენი სამუშაო გამოცდილება ამ მიმართულებით ნამდვილად გამოადგებათ ბათუმელებს.
– ამ პროგრამის განხორციელება აუცილებელია ქალაქის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, რათა კიდევ არ განმეორდეს ის უზარმაზარი ტრაგედია, რომელმაც შეგვძრა ბათუმელები და სრულიად საქართველო. ეს ოთხწლიანი პროგრამაა და დაზიანების რიგითობის მიხედვით, შევძლებთ ერთხელ და სამუდამოდ განვტვირთოთ ქალაქი ამ პრობლემისგან.
-ქალაქში არსებულ რომელ სოციალურ პრობლემას წამოწევდით წინა პლანზე?
-ქალაქის მერიას აქვს ძალიან კარგი სოციალური პროგრამები, რომლებიც წარმატებით მუშაობს და მნიშვნელოვანია ბათუმელებისთვის. ჩემი არჩევის შემთხვევაში, უფრო დეტალურად შევძლებ ამ თემაზე საუბარს. სწორად გამიგეთ, ვერიდები წინასწარ ლაპარაკს.
-„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამაში ცვლილებებზე რას გვეტყვით?
– ამ პროგრამის ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, 2022 წლიდან ფინანსური მხარდაჭერა ხანძრით დაზარალებული ოჯახების სახლების რეაბილიტაცია/მშენებლობისთვის 15 000 ლარიდან გაიზარდა 20 000 ლარამდე, ხოლო ეკომიგრანტი ოჯახების ადგილმონაცვლეობისათვის 25 000 ლარის ნაცვლად გაიცემა 30 000 ლარი. ჩემი მუშაობის პერიოდში ყველა მუნიციპალიტეტში აშენდა ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებელი სახლი. ეს პროცესი გრძელდება. ახლაც ხელვაჩაურში ვაშენებთ სოციალურ სახლს ეკომიგრანტებისთვის, ასევე, უახლოეს პერიოდში ქედაში 20 დაზარალებულ ოჯახს გადაეცემა ბინები.
-ამ პროგრამით სულ რამდენმა ოჯახმა მიიღო ბინა?
-დაახლოებით, 600 ოჯახი დაკმაყოფილდა ჩვენი პროგრამის ფარგლებში თანხის გადარიცხვით, ხოლო 700-მდე ოჯახმა მიიღო ბინა. აღნიშნული პროგრამით საცხოვრებლის პრობლემა ათეული წლის წინ სტიქიის შედეგად დაზარალებულ არაერთ ოჯახს მოეხსნა. პროგრამა ვრცელდება აჭარაში მცხოვრებ ყველა ეკომიგრანტ და ხანძრით დაზარალებულ ოჯახზე.
-რას ეტყვით თქვენს ამომრჩევლებს?
-სიმართლე გითხრათ, რთულია წინასაარჩევნო მარათონში მონაწილეობა, მით უმეტეს, როდესაც მხოლოდ ერთ ადგილზეა საუბარი და შუალედური არჩევნებია. ყველამ იცის, რა მიკეთებია და რისი გაკეთება შემიძლია. ჩემს ბათუმს, ბათუმელებს არასოდეს ვაკლებდი სითბოს და ყურადღებას და არც ახლა მოვაკლებ. მაქსიმალურს გავაკეთებ, რათა ჩვენი თანაქალაქელებისთვის უსაფრთხო გახდეს საკუთარი ქალაქი და იამაყონ ბათუმელობით.