,,ნებისმიერი გზავნილი სულიდან და სულისკენ უნდა იყოს მიმართული”
ირინე გოჩაშვილი იმ სანაქებო მთარგმნელების რიცხვშია, თავიანთი პროფესიონალიზმით რომ გამოირჩევიან. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მან სიყვარულითა და ოსტატობით თარგმნა უცხოელ პოეტთა ის ლექსები, რომლებშიც ისინი საქართველოსადმი სიყვარულს გამოხატავდნენ ქალბატონი ირინე მრავალმხრივი ინტერესებით გამორჩეული პიროვნებაა, წერს ლექსებს, უკრავს ვიოლინოზე, ეწევა ჟურნალისტურ საქმიანობას, არაერთი წიგნის რედაქტორია, მონაწილეობს ლიტერატურულ ღონისძიებებსა და ფესტივალებში, ამასთან, თავგამოდებული საზოგადოებრივი საქმიანობითაც იპყრობს ყურადღებას. სამაჩაბლოს საზღვრისპირა სოფლებს ხშირად სტუმრობს და ხელოვნების წარმომადგენლებთან ერთად ატარებს სხვადასხვა ღონისძიებას. სწამს, რომ ასეთი საქმიანობა კეთილი ნების ადამიანების გზავნილია ქვეყნის გამთლიანებისათვის, ეს ინტერვიუც სწორედ ამ განწყობის გამოძახილია.
– მრავალმხრივი ინტერესებით გამორჩეული პიროვნება – ასე გახასიათებენ. ირინე გოჩაშვილი – პოეტი, მთარგმნელი. . . გააგრძელეთ. . .
– უბრალოდ – ადამიანი.
– მოსკოვის ლიტერატურის ინსტიტუტში სწავლობდით, ცნობილი მოაზროვნეების ლექციებმა და პოეტებთან ურთიერთობამ, ცხადია, მენტალურად გაგამდიდრათ. მაინც, რა იყო არსებითი?
– ის, რომ საბჭოურ მენტალიტეტთან შედარებით, რამდენიმე ნაბიჯით წინსვლა გველოდა მოაზროვნე ლექტორებისა და საზოგადოების წყალობით. ასე, მაგალითად, საბჭოთა ცენზურის მიერ აკრძალული ნაბოკოვის შემოქმედება და, განსაკუთრებით, `ლოლიტა~ ძნელად მოვიძიეთ სტუდენტებმა და წავიკითხეთ, რამაც გვაზიარა ნამდვილი მწერლობის დანიშნულებას. იმდენად ამაღლდა ჩვენი ცნობიერება, რომ ლამის აჯანყება მოვაწყვეთ საბჭოური აგიტაცია-პროპაგანდის გამწევი საგნების სწავლების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ნებისმიერი საგანი (თუნდაც საბჭოური) უნდა ისწავლო, რათა განსხვავება აღმოაჩინო აგიტაცია-პროპაგანდასა და ჭეშმარიტებას შორის, მაგრამ ჩვენ გვსურდა მეტი დრო დაგვრჩენოდა ღირებული საკითხების შესასწავლად და გასაანალიზებლად. სათქმელი ბევრია, ბევრსაც გავიხსენებდი, მაგრამ ეს უკვე ჩემი შთაბეჭდილებების ცალკე წიგნად გამოცემის თემაა.
– წარმატებული მთარგმნელი ხართ, არაერთი ცნობილი პოეტი გადმოაქართულეთ. სად დაიბეჭდება ეს თარგმანები, რა პრინციპით არჩევთ ავტორებს? ,,საოცარი შეგრძნებაა, როდესაც ლექსის ავტორს ვუკითხავ ჩემეულ თარგმანს” – მაინც, ვინ გვყავთ მხედველობაში?
– თარგმანი ბევრი მაქვს, მაგრამ უმრავლესობა იმ პოეტების ლექსებისაა, რომლებიც საქართველოს უძღვნიდნენ შესანიშნავ სტრიქონებს. გამოცემული მაქვს ერთადერთი წიგნი `გაჩერებული დრო~, სადაც ჩემი ლექსები ნაკლებია, თარგმანები კი მეტი. ვფიქრობ, ურიგო თარგმანები არ გამოვიდა, მაგრამ მათ შორის დიდ მიღწევად მიმაჩნია ანდრეი ბიტოვის რომანიდან `ქართული ალბომის~ პირველი ნაწილის თარგმანი. აქვე მსურს აღვნიშნო, რომ თავად ანდრეი ბიტოვი და სხვა რუსი პოეტები (ბელა ახმადულინა, ევგენი ევტუშენკო, ლევ ოზეროვი, ლიდია გრიგორიევა და ნატალია სოკოლოვსკაია) მადლიერებას გამოთქვამდნენ, რამეთუ ქართველი პოეტებისგან ქებული იყო ეს თარგმანები. დიდი პატივისცემით მსურს მოვიხსენიო მ. გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის პროფესორი, მთარგმნელი, ქალბატონი ანაიდა ბესტავაშვილი, რომელმაც უდიდესი დახმარება გამიწია, რომ მთარგმნელად ჩამოვყალიბებულიყავი.
– თქვენი რედაქტირებული წიგნით ,,შეწყვეტილი ცეკვა” ბევრი დაინტერესდა.
– ,,შეწყვეტილი ცეკვა” მთლიანად ჩემი სახელოვანი პაპის – ვლადიმერ ხეთაგუროვის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება. იგი ლეგენდარულ ანსამბლ სუხიშვილების გამორჩეული მოცეკვავე, საზოგადო მოღვაწე იყო. ამ წიგნის რედაქტორობა ვითავე, რაც ისე აღიქვეს, თითქოს ვთარგმნე. წიგნი ორენოვანია, ქართულ-რუსული.
– კარგი დედის გაზრდილი შვილი ცუდი ვერ იქნება – თქვენს შემთხვევაში ეს შეხედულება სავსებით მართალია. ისეთი დედა რომ გყავთ, როგორიც მზია ხეთაგურია, სათქმელიც ბევრი გაქვთ, ხომ მართალია?
– სათქმელი იმდენი მაქვს, რომ ამას ფურცლები არ ეყოფა. მოკლედ გეტყვით მხოლოდ იმას და ეს არ არის გადაჭარბება, რომ მისი მსგავსი მრავალმხრივ ნიჭიერი, მსოფლიოსადმი კეთილგანწყობილი, საინტერესო აზროვნების და ამასთან, მძიმე ბედის ადამიანი იშვიათად მინახავს. მისმა უშურველმა ბუნებამ არაერთი ადამიანი დააყენა წარმატების გზაზე და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ იგი საქართველოს უერთგულესი შვილია! დანარჩენს მისი წიგნები ამბობენ. . .
– თქვენს სიტყვებში – აგრესია მომძლავრდა ახალგაზრდებშიო, გულისტკივილი ჩანს. ამას ყველა ვხედავთ, გამოსავალს კი ვერ ვხედავთ. ჩვენში აგრესიული ფონი მართლაც გაზრდილია. ყველაზე მოუთმენელ ძალადობად რას მიიჩნევთ?
– მოძალადეთა შორის ყველაზე ცუდი მგონია ის, ვინც ცდილობს, მართლა ღირსეული და ნიჭიერი ნებისმიერი საშუალებით ჩაძიროს საკუთარი თავის წარმოსაჩენად, საზოგადოებაზე (მანიპულაციის საშუალებით) გავლენა მოახდინოს და მენტალურად იძალადოს მასზე. ეს პოლიტიკურ ძალადობაზე ნაკლები დანაშაული არ მგონია!
– ფესვებს ვართ მოწყვეტილნი, წინაპრების სადღეგრძელოს ვსვამთ, თუმცა რა ვიცით მათ შესახებ? – ეს თქვენი კითხვაა, რომელსაც ახლა პასუხისთვის გთავაზობთ.
– მე ამ სიტყვებით გამოვხატავ იმ გულისტკივილს, რომელიც ეხება ყველას, ვისაც არ აინტერესებს თავისი სამშობლოს წარსული და რაც შეუსწავლია ამ წარსულიდან, არ გაუთვალისწინებია და არ გამოუყენებია ქვეყნის სასიკეთოდ.
– როგორ ფიქრობთ, როგორები იქნებიან მომავლის ადამიანები, თუნდაც 100 წლის შემდეგ? ციფრული ეპოქა რა გამოწვევების წინაშე აყენებს ადამიანს?
– მე არც გრძნეული ვარ და არც იმდენად შორსმჭვრეტელი, რომ დავასურათხატო მომავალი. შესაძლებელია პირიქით, მსოფლიო წინ წავიდეს სწორედ უკუსვლით, ანუ დაუბრუნდეს ღირებულებების გადაფასებას, ე. წ. სიცოცხლეს დედამიწაზე პლასტმასისგან შექმნილი ,,ადამიანები” გააგრძელებენ.
– რა არის ის მთავარი გზავნილი, თქვენი ლექსებიდან რომ ხმიანდება და გსურთ, ადამიანებმა გააცნობიერონ?
– ნებისმიერი გზავნილი სულიდან და სულისკენ უნდა იყოს მიმართული. წერის პროცესში უეცრად ისეთი რამ შეიძლება აღმოგხდეს, რომელიც შენთვისვე მოულოდნელი და საინტერესო იქნება.
– ტრადიციები და ჩვენ – რა შევინარჩუნოთ და რა უკუვაგდოთ, რა აფერხებს ჩვენს ზნეობრივ განვითარებას?
– რთულია, მაგრამ უნდა შევინარჩუნოთ სიყვარული და უკუვაგდოთ სიძულვილი.
– თქვენთვის საუკეთესო წიგნი, რომელსაც უბრუნდებით და სხვასაც ურჩევთ. . .
– ასეთი წიგნი არცთუ ცოტაა მსოფლიო ლიტერატურაში, მაგრამ თუ ქართულს ვიქონიებთ მხედველობაში, ვფიქრობ, ყველამ დიდი ყურადღებით უნდა წაიკითხოს ილია ჭავჭავაძის ,,მგზავრის წერილები”.
– მუსიკა სამყაროს უნივერსალური ენაა და თქვენ მას ფლობთ – ვიოლინოზე დაკვრას სწავლობდით. ახლა რა მელოდიას გააჟღერებდით?
– ვსწავლობდი ზაქარია ფალიაშვილის მუსიკალურ (ნიჭიერთა) ათწლედში, კონსერვატორიის პროფესორ სერგო შანიძის კლასში. შესრულებული მაქვს პაგანინის, ჩაიკოვსკის, ერიოს, ბახის, მოცარტის, ვივალდის, ბეთჰოვენის, ჰენდელის, მენდელსონის ნაწარმოებები. მართალია, წლებია, არ ვმეცადინეობ ისე, მუსიკოსს რომ სჭირდება, მაგრამ ჩემთვის ჩაპლინის მუსიკა (ისე, როგორც მთელი მისი შემოქმედება) მნიშვნელოვანია და ამ ადამიანის გარეშე, ვფიქრობ, ერთი სხივი მოაკლდებოდა მსოფლიოს მზეს.
– ,,შეჩერდი, წამო” – ასეთი განწყობა სანატრელია ბევრისთვის. თქვენთვის როდის შეჩერდა წამი?
– ჩემს გულში არსებობს ,,შეჩერებული წამი”, რომელიც დაკავშირებულია ძალიან უმწიკვლო, პირველ სასიყვარულო გრძნობასთან და, ალბათ, ამ სიყვარულს გაგრძელება იმიტომაც არ ეწერა, მშვენიერ წამად რომ დარჩენილიყო.
– ჩემი სარკმლიდან მოჩანს. . . თუ ამ წინადადებას სიმბოლურად გავიაზრებთ, რას იტყოდით, ანუ რას ხედავთ თქვენი სარკმლიდან?
– ჩემი სარკმლიდან მოჩანს ყველაფერი და არაფერი; ჩემი სარკმლიდან მოჩანს ცოდვა და მადლი; ჩემი სარკმლიდან მოჩანს სიკვდილი და სიცოცხლე; ჩემი სარკმლიდან მოჩანს ბევრი სხვა სარკმელი და იმ სარკმლებში ჩანს ჩემი სარკმელი.