19 C ბათუმი
Thursday 3rd July 2025
აზერბაიჯანმა ყარაბაღში ანტიტერორისტული ოპერაცია შეაჩერა
By

აზერბაიჯანმა ყარაბაღში ანტიტერორისტული ოპერაცია შეაჩერა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წარმომადგენლების მიმართვის გათვალისწინებით, მიღწეულია შეთანხმება ანტიტერორისტული ზომების შეჩერების შესახებ.

უწყების ცნობით, შეთანხმება ითვალისწინებს ანტიტერორისტული ზომების შეჩერებას 20 სექტემბრის 13:00 საათიდან შემდეგი პირობებით: „აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყარაბაღის რეგიონში დისლოცირებული სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებები და უკანონო შეიარაღებული ჯგუფები ყრიან იარაღს, ტოვებენ საბრძოლო პოზიციებს და სამხედრო პუნქტებს და ექვემდებარებიან სრულ განიარაღებას; ამასთან, ხორციელდება მთელი საბრძოლო მასალისა და მძიმე სამხედრო ტექნიკის გაყვანა; ზემოაღნიშნული პროცესი ხორციელდება რუსულ სამშვიდობო კონტიგენტთან კოორდინაციით”, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ყარაბაღში ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებების დაწყების შესახებ გუშინ განაცხადეს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით,

სომხეთი არ მონაწილეობდა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ტექსტის შემუშავებაში.

„მთიანი ყარაბაღის ოფიციალური საინფორმაციო გვერდებიდან შევიტყვეთ, რომ მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებამ მიიღო რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობის წინადადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ჩვენ გავეცანით ტექსტს. სომხეთის რესპუბლიკა

ამ ტექსტის შემუშავებაში არანაირად არ მონაწილეობდა და დისკუსიის მხარე არ ყოფილა”, – აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, ყარაბაღში საომარი მოქმედებების ინტენსივობა მკვეთრად შემცირდა. „უახლესი ინფორმაცია, რაც ჩვენ მივიღეთ მთიანი ყარაბაღიდან არის შემდეგი, რომ სამხედრო მოქმედებების ინტენსივობა მკვეთრად შემცირდა. ვერ ვიტყვი, რომ ნულამდეა დასული, მაგრამ მკვეთრად შემცირდა“, – განაცხადა ფაშინიანმა და იმედი გამოთქვა, რომ სამხედრო ესკალაცია არ გაგრძელდება.

„ყარაბაღის სომხების უსაფრთხოების საკითხს რაც შეეხება, თუ სამშვიდობოებმა გააკეთეს ასეთი წინადადება, მაშინ ეს თავისთავად ნიშნავს, რომ მათ სრულად და ამიერიდან დათქმის გარეშე აიღეს სრული ვალდებულება, უზრუნველყონ სომხების უსაფრთხოება ყარაბაღში, თუ როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი სრულფასოვანი პირობები, რათა შენარჩუნდეს ყარაბაღის სომხების უფლება, იცხოვრონ საკუთარ სახლებში, მიწაზე და იცხოვრონ ღირსეულად და უსაფრთხოდ“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

  • No Comments
  • სექტემბერი 20, 2023

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *