18 C ბათუმი
Saturday 14th June 2025
ქობულეთში ლაბორატორიული კვლევით ჯილეხი დადასტურდა
By

ქობულეთში ლაბორატორიული კვლევით ჯილეხი დადასტურდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ვეტერინარებმა, შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში ორი სული მსხვილფეხა საქონლის პათოლოგიური მასალა აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს. ლაბორატორიული კვლევით ჯილეხი დადასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ სეს-ი ავრცელებს.
უწყების ცნობით, შედეგების მიღებისთანავე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ეპიზოოტიურ კერაში მყისიერად დაიწყო ყველა შესაბამისი სამუშაოს განხორციელება, მათ შორის, დადგენილი რადიუსის ფარგლებში დაავადების ამთვისებელი ცხოველების სავალდებულო ვაქცინაციაც.
„ამ დროისთვის 700-ზე მეტი პირუტყვია ვაქცინირებული. საკარანტინო ზონაში დაუშვებელია ცხოველების და ტრანსპორტის გადაადგილება, ცხოველის დაკვლა და ხორცის გამოყენება, მეცხოველეობის პროდუქტების დამზადება, გამოტანა, რეალიზაცია. 2025 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჯილეხის პროფილაქტიკური ვაქცინაციის ფარგლებში, უკვე აცრილია 305 844 სული დაავადების ამთვისებელი ცხოველი. სააგენტოს მიერ ჩატარებული ყოველწლიური ვაქცინაციის და ერთიანი ჯანმრთელობის ფარგლებში განხორციელებული საინფორმაციო კამპანიების შედეგად, ცხოველის ჯილეხით დაავადების შემთხვევები, 2013 წელთან შედარებით, 94%-მდეა შემცირებული. ჯილეხი (ციმბირული წყლული) ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდებიან შინაური და გარეული ცხოველები. ჯილეხით ავადდება ადამიანიც. ადამიანის ინფიცირება, ძირითადად, დაავადებული ცხოველის დაკვლის ან მისი ხორცის გამოყენების შედეგად, ანდა დაბინძურებული ნიადაგიდან ხდება“, – ნათქვამია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

  • No Comments
  • ივნისი 9, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *