18 C ბათუმი
Saturday 14th June 2025
კალიფორნიის შტატი ტრამპს უჩივის
By

კალიფორნიის შტატი ტრამპს უჩივის

კალიფორნიის შტატმა ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა შეერთებული შტატების ეროვნული გვარდიის სამხედროების უკანონო განლაგების გამო. კალიფორნიის ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის, დემოკრატმა გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა, ორშაბათს ოფიციალურად დაიწყეს სამართლებრივი დავა, რათა აიძულონ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, გადაწყვეტილება გააუქმოს.
ცნობილია, რომ დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესში საიმიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებული არეულობის შესაჩერებლად ეროვნული გვარდიის 2000-ზე მეტი სამხედროს განლაგება დაამტკიცა. როგორც წესი, ამერიკის პრეზიდენტები ეროვნულ გვარდიას მხოლოდ შტატის გუბერნატორის მოთხოვნით აგზავნიან, თუმცა ტრამპმა ამჯერად გამოიყენა სპეციალური პუნქტი, რომელიც გუბერნატორს გვერდს უვლის. თავად გუბერნატორს არ მოუთხოვია ეროვნული გვარდიის დახმარება და არც ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას.
აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის თქმით, გუბერნატორი კორუმპირებულია. ის ანადგურებს ერთ-ერთ დიდ შტატს. თავად რომ არ ჩარეულიყო და გვარდია არ ჩაეყვანა, ამ შტატში საშინელება ხდებოდა. ტრამპი დასძენს, რომ თუ საჭირო იქნება, უფრო მეტ ჯარისკაცს გააგზავნიან კანონის აღსასრულებლად და წესრიგის დასამყარებლად.
დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის დასახმარებლად და ვითარების დასტაბილურების მიზნით, დამატებით 700 საზღვაო ქვეითი განალაგა. ნიუსომმა გააკრიტიკა ტრამპი და განაცხადა, რომ მისი ქმედებები შტატის ხელში ჩაგდებისა და სუვერენიტეტის დარღვევის მცდელობაა, რაც სახიფათო პრეცედენტია.
ტრამპმა ორშაბათს ისიც აღნიშნა, რომ მისი მთავრობა ნიუსომის დაპატიმრებასაც განიხილავს ფედერალური მთავრობის ძალისხმევისთვის ხელის შეშლის გამო.

 

  • No Comments
  • ივნისი 10, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *