18 C ბათუმი
Monday 23rd June 2025
„შეცდომას ვაპატიებ ადამიანს, ღალატს – ვერა, პირველ რიგში, ქვეყნის ღალატს“
By

„შეცდომას ვაპატიებ ადამიანს, ღალატს – ვერა, პირველ რიგში, ქვეყნის ღალატს“

10 ივნისს დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა ბსუ-ის ემერიტუს პროფესორ რაჟდენ ფუტკარაძეს. ცხოვრების, შრომითი საქმიანობის საინტერესო გზა განვლო. „საპატიო შუახეველის“, „საპატიო მარეთელის“ წოდებები იმაზე მიანიშნებს, რომ იგი მშობლიურ კუთხესთან კავშირს ერთი დღითაც არ წყვეტს. 17 წლისა ჩაერთო და დღესაც ლექციების კურსს კითხულობს უნივერსიტეტში.

– ჩემს ცხოვრებაში ტკივილი ყოველთვის იცვლებოდა ბედნიერებით, სისუსტე-სიძლიერით, სიძულვილი – სიყვარულით, ეჭვები კი თავდაჯერებულობად იქცეოდა. ეს ყველაფერი, უპირველესად, იმ ადამიანების დამსახურებაა, ვისთანაც მიწევდა ურთიერთობა, მუშაობა. დღეს უკვე თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ უკან მოხედვის ნამდვილად არ მეშინია. ცხოვრება ფუჭად არ გამივლია. ჩემი ფილოსოფია ასეთია: რას ამბობენ ჩემზე, ჩემი საქმე არ არის. მე ვარ ის, ვინც ვარ და ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ… და ეს აადვილებს ცხოვრებას. როგორ ვიცხოვრე? ამაზე პასუხი საზოგადოებამ უნდა გასცეს, თუმცა ჩემზე კარგად ვინ იცის ეს? დავიბადე და აღვიზარდე გლეხის ოჯახში. მშობლები პატარაობიდანვე მაჩვევდნენ შრომას, დამოუკიდებელი ცხოვრების უნარ-ჩვევებს. მატერიალურად გვიჭირდა-მეთქი, ნამდვილად ვერ ვიტყვი, მაგრამ მეც და ჩემს და-ძმებს, ისე აღვიზარდეთ, რომ ზედმეტი არასოდეს არაფერი გაქონია. სწორი აღზრდით მივეჩვიეთ წესრიგსა და დისციპლინას, ვისწავლეთ ზრდილობა, უფროსების დაფასება და რაც მთავარია, წესიერი ადამიანური ცხოვრება.

– საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, რომ ტკივილიც იყო…

– ჩემზე უმცროსი ძმები ამირანი და ბიჭიკო ნაადრევად გამოგვეცალნენ ხელიდან, ამირანი 42 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა ავტოავარიის შედეგად, ხოლო ბიჭიკო 65 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ორივე ძმა საოცრად დიდბუნებოვანი და ალალ-მართალი პიროვნება იყო, მათზე განაწყენებულ ერთ ადამიანსაც ვერ ნახავთ. უფრო მტკივნეული იყო შვილის – ელგუჯას გარდაცვალება…

– სოფლის სკოლის მასწავლებელმა რით მიიქციეთ საზოგადოების ყურადღება?

– სკოლის დამთავრებისთანავე, სტუდენტობასთან ერთად, მუშაობა დავიწყე ბათუმის #5 ტრესტში, მუშად. მეორე კურსის დასრულების შემდეგ, როგორც ფრიადოსანს, რეკომენდაცია მომცეს, გადავსულიყავი დაუსწრებელი სწავლების განყოფილებაზე და მასწავლებლად მემუშავა. მშობლიური ლომანაურის 8-წლიან სკოლაში დავიწყე მუშაობა. ორი თვის შემდეგ განცხადება შევიტანე სამხედრო კომისარიატში და მოვითხოვე ჯარში გაწვევა. არ ვნანობ, რომ ხუთი წელი დავუთმე სამხედრო და 27 წელი მილიციაში (პოლიციაში) სამსახურს. მიმაჩნია, რომ სამხედრო სამსახურში გატარებული წლების განმავლობაში არანაკლები ცოდნა, გამოცდილება და უნარები დავაგროვე, ვიდრე ორი უმაღლესი და აკადემიური განათლების მიღებისას. ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ სამხედრო სამსახური რომ არ გამევლო, კარიერულ საფეხურზე ამის ნახევარი მიღწევაც არ მექნებოდა. ვფიქრობ, ალალად ვიცხოვრე, უშეცდომო არავინაა. რა თქმა უნდა, შეცდომა ბევრი მაქვს ცხოვრებაში დაშვებული, თუმცა საბედისწერო შეცდომის დაშვების უფლება არ უნდა მისცე კაცმა საკუთარ თავს… უნაკლოც არავინაა, ნაკლიც მაქვს, მაგრამ ეს რორომ იცი, უკვე მის აღმოფხვრაშიც დაგეხმარება. გარკვეულ მიღწევად ვთვლი იმასაც, რომ მივიღე პოლკოვნიკის წოდება, სამართლის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი, ვიყავი უმაღლესი სასწავლებლის მოწვეული მასწავლებელი, დოცენტი, ასოცირებული პროფესორი, სრული პროფესორი, 2010 წლიდან კი ვარ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი (საპატიო დოქტორი). დღემდე ვკითხულობ ლექციებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფი უნივერსიტეტსა და საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში. უადგილო არ იქნება თუ ვიტყვი, რასაც მივაღწიე, პირველ რიგში, მივაღწიე საკუთარი შრომითა და გარჯით, უძილო ღამეებით. დღემდე არ ვინდობ თავს და მუხლჩაუხრელად ვშრომობ, შეგნებული მაქვს ის, რომ ტიტანური შრომისა და გარჯის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევ… მეამაყება, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ვაჩუქე თავისუფლება, აღვუდგინე დარღვეული უფლებები, დავუბრუნე ხვალინდელი დღის იმედი და რაც მთავარია, რწმენა. ყოველთვის ვცდილობ, ჩემი განვლილი რთული ცხოვრების მიუხედავად, სასოწარკვეთილებას არ მივეცე, სულ მხნედ და შემართებით ვიყო, არავის ვაგრძნობინო ჩემი დარდი და ტკივილი. როგორ გამომდის ეს, სხვა საკითხია, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ ვინმეს ვუღალატე და გვერდით არ დავუდექი, რა თქმა უნდა, შესაძლებლობის ფარგლებში. ცხოვრებაში არასოდეს მიზრუნია იმისათვის, რომ ვინმეს ვყვარებოდი, იმაზე კი ნამდვილად ვზრუნავ, რომ არავის ვძულდე.

– რას განიცდით ყველაზე მტკივნეულად?

– მტკივნეულად განვიცდი პიროვნული ღირსების შელახვას, როცა ვხვდები, რომ მატყუებენ. მტკივნეულად განვიცდი არაკაცურ ურთიერთდამოკიდებულებას, უსინდისობას. ვფიქრობ, თავად გრძნობების ამყოლი კაცი არ ვარ. გაბრაზებას არასოდეს გამოვხატავ ყვირილით. ექსტრემალურ სიტუაციაში შესაძლოა ავფეთქდე კიდეც, თუმცა ომშიც (ცხინვალში) და ომთან გათანაბრებულ სამხედრო სწავლებებშიც (1967 წლის აგვისტო-სექტემბერი) სიმშვიდე არ დამიკარგავს. Mმოკლედ, თავს ადვილად ვთოკავ, თუმცა მქონია სიტუაციები, როცა ნერვები ვეღარ მიძლებდა. ყოველთვის დიდი სურვილი მქონდა, ვყოფილიყავი უშუალო ურთიერთობებში. მაგრამ ცუდ გუნებაზე თუ ვიყავი, ჩემთან შეხვედრას ერიდებოდნენ შინაურულ წრეში, უცხო პიროვნება კი ჩემს ცუდ განწყობას ვერც კი შეამჩნევდა. შეცდომას ვაპატიებ ადამიანს, მაგრამ ღალატს – ვერა. პირველ რიგში, ქვეყნის ღალატს, შემდეგ ოჯახის, კაცობის ღალატს. ყოველთვის ვცდილობდი ცხოვრების მაღალზნეობრივი კოდექსით მეხელმძღვანელა.

– თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში შუახევის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილებას ხელმძღვანელობდით, ქვეყნისთვის ძნელბედობის წლებში…

– შრომითი საქმიანობისას სასწაულები ნამდვილად არ მომიხდენია, მაგრამ გაბედულად ვიტყვი, რომ ყოველთვის პირნათლად ვასრულებდი ჩემზე დაკისრებულ მოვალეობას. ამ მიმართებით, განსაკუთრებულად რთულია პოლიციაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე სამსახური. აქ თავზე ხელს არავინ გადაგისვამს და არც შენ გაქვს ამის ვალდებულება. დამნაშავეთა სამყაროს არ უნდა ელოლიავო, მას კანონის ენით უნდა ელაპარაკო. Aასევე, მოზომილი უნდა იყოს მოსახლეობასთან ურთიერთობა, მით უმეტეს ახლა, როცა ეკონომიკურად და სულიერად ბევრს უჭირს. ჩვენთან მუშაობას რომ იწყებდა ახალგაზრდა, ყოველთვის ვეუბნებოდი: შენ კაცი იყავი და პროფესიონალს მე გაგხდი-მეთქი. თუ ჩემს თანამშრომელთაგან ვინმე პროფესიონალად ვერ ჩამოყალიბდა, ალბათ, საკუთარ თავს უნდა დააბრალოს. სამწუხაროდ, დღეს პრესტიჟული სამსახური კარგი მანქანა ფასობს და არა საქმის ცოდნა და მორალური სიწმინდე, არადა, წარმატების საწინდარი ეს ორი ფაქტორია, რომელსაც შრომისმოყვარეობა უნდა დავუმატოთ. ყოველთვის ვცდილობდი, მქონოდა საკუთარი სივრცე ჩემი ნიჭის განვითარებისთვის. ზომიერად ვარჩევ ცხოვრების მუქ და ნათელ ფერებს. ვარ ზომიერად კეთილი და მგრძნობიარე, რაც მეხმარება ადამიანებთან ურთიერთობაში.

– მეგობრებსა და მეგობრობაზე რა შეხედულების ხართ?

– მყავს იმდენი მეგობარი, რამდენთანაც შევძლებ მეგობრული მისიის შესრულებას. მიყვარს მათი ცხოვრების გალამაზება. ვფიქრობ, რომ ადამიანები ჩემ გვერდით თავს მშვიდად და დაცულად გრძნობენ. ყოველ ადამიანს აქვს თავისი ცხოვრება და შენ არ უნდა გახდე დაბრკოლება მის ცხოვრებაში. კაცმა ისე უნდა იცხოვროს, დარწმუნებული იყოს, რომ მისი შთამომავლობა ღირსეულად და სამართლიანად ივლის მის ნაკვალევზე.

– კიდევ რა შეგიძლიათ თქვათ საკუთარი თავის შესახებ?

– ამბობენ, ცხოვრება წამიაო, მაგრამ 80 წელიწადი, ჩემი გაგებით, ძალიან დიდი დროა. დავიბადე 1945 წლის 10 ივნისს, ხულოს რაიონის სოფელ ლომანაურში. ვარ აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის გამგეობის წევრი და შუახევის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ფაზისის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება `სამშობლოს~ ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი, „საპატიო შუახეველისა“ და „საპატიო მარეთელის“ წოდებების მფლობელი. 1984 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციით, მიმავლინეს საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პირველ ფაკულტეტზე ქალაქ მოსკოვში, სადაც მისაღები გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ გავაგრძელე სწავლა და წარმატებით დავასრულე 1986 წელს. იმავე წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს რეკომენდაციით, საქმიანობა გავაგრძელე შუახევის რაიონული განყოფილების უფროსად. 1994-1998 წლებში პარალელურად ვსწავლობდი და წარმატებით დავამთავრე ბათუმის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 2004 წლის იანვრიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციით, გადამიყვანეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ბათუმის ფილიალში ზოგად იურიდიული დისციპლინების ციკლის უფროსად. 2005-2006 წლებში პარალელურად ვმუშაობდი შპს „აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის იურიდიული აკადემიის“ იურიდიული მომსახურების ცენტრის „იურვერსის“დირექტორად, ამასთანავე, ვკითხულობდი ლექციებს სისხლის სამართალსა და ადმინისტრაციულ სამართალში. 2006 წლის სექტემბერში ამირჩიეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად. 2009 წლის სექტემბერში – ამავე უნივერსიტეტის სრულ პროფესორად. 2010 წლის ოქტომბერში მომენიჭა ბსუ-ის ემერიტუსის საპატიო წოდება. 2007-2011 წლებში პარალელურად ვმუშაობდი ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის იურიდიულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელად, 2011 წლიდან კი ვარ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი.

– თქვენი ავტორობით გამოცემული წიგნები…

– „ტესტები სახელმწიფოსა და სამართლის საფუძვლებში“; `საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის საფუძვლები“ (დამხმარე სახელმძღვანელო); „ადგილობრივი თვითმმართველობა, მისი ინსტიტუციონალური განვითარების თავისებურებები და პერსპექტივები საქართველოში“; „ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი, მოკლე კურსი“ (სასწრაფო დახმარება სტუდენტს); „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაცია და ადგილობრივი ადმინისტრაციული წარმოება“, მომზადებული მაქვს გამოსაქვეყნებლად შემდეგი სალექციო კურსები: „შესავალი სამართალმცოდნეობაში“; „ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი“; `ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი~; „მუნიციპალური სამართალი“; „ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა“.

– და ამ ყველაფერს ოჯახიც ემატება…

– მართლმადიდებლური ოჯახი გვაქვს. მეუღლე მარიამ წულუკიძე სპეციალობით მათემატიკოსია. სხვადასხვა დროს მუშაობდა ლომანაურის 8-წლიანი სკოლის მათემატიკის მასწავლებლად, შუახევის რაიონის განათლების განყოფილების ფილმოთეკის გამგედ, დაბა შუახევის ბაგა-ბაღის აღმზრდელად. ამჟამად დამსახურებულ პენსიაზეა. გაისად მასაც დაბადებიდან 80 წელი უსრულდება. თქვენი გაზეთის ფურცლებიდან წინასწარ მივულოცავ იუბილეს. გავზარდეთ ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. ელგუჯას ტრაგიკულ სიკვდილზე უკვე გითხარით. ბადრი და ქეთინო დაოჯახებულები არიან. შვილიშვილებსაც მოვესწარი… შვილის დაღუპვის ტრაგედია გვარგუნა ბედმა… თუმცა, მეუღლესთან ერთად, ვცდილობ ჩვენი განვლილი რთული ცხოვრების მიუხედავად, სასოწარკვეთილებას არ მივეცეთ, მხნედ და შემართებით ვიყოთ, არავის ვაგრძნობინთ ჩვენი დარდი და ტკივილი.

  • No Comments
  • ივნისი 11, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *