
ოთხი თვე არჩევნებამდე – ბოიკოტი თუ მონაწილეობა?
ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთში გაუგებრობიდან დაპირისპირებაზე გადაინაცვლეს. ახლა უკვე ბრძოლა ფეისბუქპოსტებით მიმდინარეობს. ახლო წარსულში ერთი მაგიდის ირგვლივ გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ერთმანეთს მედიითა და სოციალური ქსელებით ესაუბრებიან. ასეთ ვითარებაში, ცხადია, მოლაპარაკების შანსი არ აქვთ, ვინაიდან პოზიციას არ იცვლის არც ერთი მხარე.
შეტევის ძირითადი ობიექტი „ლელო – ძლიერი საქართველოა“, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა – ძლიერი საქართველოს“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები სოციალური ქსელების თუ სხვადასხვა პლატფორმის მეშვეობით ღიად უპირისპირდებიან.
ოპონენტების კრიტიკა მიუღებელია `ლელოს~ ლიდერისთვის.
,,სანამ საქართველოში არ იქნება პოლიტიკური კულტურა, რომ სერიოზული, არგუმენტირებული მსჯელობა გაიმართოს და არა იარლიყების მიკერება და ფეისბუქშეურაცხყოფების მიყენება, არაფერი შეიცვლება, იმიტომ ვართ ამ დღეში. რაღაც ჯგუფს უნდა, თავს მოგვახვიოს, შესაძლოა მართალი, შესაძლოა არამართალი პოზიცია, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, შეცდომა არ დაუშვათ, რომელიც ძალიან ბევრჯერ დაუშვა ოპოზიციამ წარსულში~, -განაცხადა მამუკა ხაზარაძემ მედიასთან საუბარში.
„ლელოსთან“ დაპირისპირებული ოპოზიციის ნაწილი კიდევ უფრო გააღიზიანა ამ პარტიის წევრ ნიკა ჩერქეზიშვილის განცხადებამ ერთ-ერთი ტელეარხის ეთერში.
„გარანტია არ არსებობს, რომ არჩევნები არ გაყალბდება, ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ ეს გაყალბება კიდევ ერთხელ თვალსაჩინო გახდეს ხალხისთვის“, – განაცხადა ჩერქეზიშვილმა, რომელსაც არ ჩამორჩა თანაგუნდელი ლევან სამუშია.
„არავინ ამბობს, რომ ესენი გაყალბებას გადაეჩვევიან, მაშინ არასდროს არ უნდა მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა?“, – იკითხა სამუშიამ და თავის პარტიასთან დაპირისპირებული ოპოზიციის ნაწილი კიდევ უფრო გააბრაზა, რაზეც ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და მათი მხარდამჭერების ფეისბუქპოსტებიც მოწმობს.
ამ განცხადებების ფონზე რა გამოდის? ე.ი. „ლელომ“ წინასწარ იცის, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებს გააყალბებს და მაინც ცდილობს, მიიღოს მასში მონაწილეობა იმის დასამტკიცებლად, რომ „ოცნება“ არჩევნებს აყალბებს? ამ შეკითხვებზე პასუხს მაშინ გავიგებთ, როდესაც „ლელოს“ წევრები ღია საუბარს დაიწყებენ.
პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრებს კი გული სწყდებათ „ლელოს“ ამომრჩევლებზე, რომლებმაც მამუკა ხაზარაძის გამო პოზიცია შეიცვალეს.
– ამ მომენტში ყველაზე საცოდაობა ისაა, თუ როგორ დაალაგა ხაზარაძემ პარტიის „ბაბლი“ და როგორ იმეორებს ეს ხალხი მათი ლიდერის სიტყვას. ეს ადამიანები ადრე ჩემთან ერთად ბათუმში აქციაზე იდგნენ და სრულიად განსხვავებულ რამეს ამბობდნენ, ახლა კი აზრი შეიცვალეს. ისეთი ადამიანები, რომლებსაც საკუთარი აზრი არ გააჩნიათ და ზემოდან ჩაძახილით მოქმედებენ, ჩემთვის მენტალურად „ქოცები“ არიან. თავად ხაზარაძეც ამბობდა, რომ არჩევნებში მონაწილეობა ღალატი იქნებოდა და რომ ეს ივანიშვილის „შემოგდებული“ საქმე იყო. მას, ამასთანავე, ხელი აქვს მოწერილი არჩევნებში არმონაწილეობასთან დაკავშირებით და დღეს მის ყველა სიტყვას ჭოკით გადაახტა, 180 გრადუსით შემოატრიალა თავისი აზრები. მე ხაზარაძეზე დიდი წარმოდგენა ადრეც არ მქონია, მაგრამ ვწუხვარ იმ ხალხზე, რომლებიც მისი ერთი ჩაძახილით აზრს იცვლიან. სამწუხაროდ, არ მჯერა ასეთი ხალხის, ამას მათ პირშიც ვეუბნები და თქვენი გაზეთის მეშვეობითაც ვეტყვი, – გვითხრა პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თემურ გორგაძემ.
ოპოზიციის ლიდერები „ლელოს“ ერთიანი პოზიციის დარღვევას ედავებიან, ხოლო თავად „ლელო“ ოპოზიციის ნაწილის კრიტიკას არაფრად აგდებს და საკუთარ პოზიციაზე რჩება, მოკლედ – „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“.
„ჩვენ გადაწყვეტილება არ გვაქვს მიღებული და ვერავინ ვერაფერს შეგვაცვლევინებს. სამწუხაროდ, ადამიანებს მსჯელობის, პრობლემა აქვთ რაც ცუდად აისახება საერთო ვითარებაზე. ასევე, ეს კარგად არ მეტყველებს იმ ადამიანებზე, რომლებიც ამბობენ, რომ მსჯელობა არის ცუდი. ჩვენ არავითარ ნებართვას არ ვითხოვთ, არავის ლოცვა-კურთხევა არ გვჭირდება იმისთვის, რომ გავიდეთ ან არ გავიდეთ.
ჩვენ, როგორც თანასწორ პარტნიორებს, შევთავაზეთ მსჯელობა. მორალის კითხვის, თითის ქნევის გარეშე ყველა კოლეგამ ინებოს და ცივილიზებულ გარემოში მივიდეს სამსჯელოდ~, – განაცხადა „ლელოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ.
აღსანიშნავია ისიც, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ „ლელოს“ ლიდერებს სასაუბროდ ეპატიჟება.
„რადგან დისკუსია გახსნილია, დიდი პატივისცემით და პარტნიორული სულისკვეთებით გთავაზობთ, მამუკა ხაზარაძე, დავსხდეთ, ვიმსჯელოთ პირდაპირ ეთერში, რომელშიც გინდათ, როცა გინდათ“, – წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.
ხოშტარიას შეთავაზება მიიღო „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, თუმცა აღნიშნა, რომ საუბარი უნდა შედგეს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პლატფორმაზე და ოთხივე ბარიერგადალახული კოალიციის მონაწილეობით.
არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხზე მსჯელობის ეტაპი გავლილი აქვს პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ და ახლა ნაბიჯ-ნაბიჯ შლის კარტს. გახარიას პარტიაში უკვე დაიწყეს საუბარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატის შერჩევაზე და ხაზგასმით ამბობენ, რომ აღნიშნული კანდიდატი აუცილებლად ნეიტრალური უნდა იყოს, ასევე, დანარჩენ ოპოზიციას ამ პროცესში ჩართვას სთავაზობენ.
„ჩვენ არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობაზე მსჯელობის ეტაპი უკვე გავლილი გვაქვს. მონაწილეობასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია პირველივე დღიდან ცნობილია. თუ პარტიები შეძლებენ შეთანხმებას არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ჩვენ გაგვიხარდება, ეს იქნება სწორი, პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილება. ჩვენ აუცილებლად შევუერთდებით მერობის ნეიტრალური კანდიდატების შესახებ განხილვას. დღეს ჩვენი შემდეგი მიზანი ნეიტრალური კანდიდატების შერჩევაა“, – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა ლილუაშვილმა.
ოქტომბრის არჩევნებისთვის ემზადება პარტია „გირჩიც“.
„პარტია, რომელიც, ზოგადად, არჩევნებში არ მონაწილეობს, პოლიტიკურ პარტიად ვერ გამოდგება, თუ, რა თქმა უნდა, რევოლუციას არ ამზადებს. ჩვენ რევოლუციისთვის არ ვემზადებით და ბუნებრივია, არჩევნებში მონაწილეობას ვგეგმავთ“, – განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
მმართველი გუნდი წინასწარ დაწერილ სცენარზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებები გარედან მიღებული დავალებების შესაბამისი იქნება.
„ამ გადაწყვეტილების საფუძველი არის ერთადერთი რამ, ერთი სიტყვაა პასუხი – დავალება. რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებენ. გარედან ეტყვიან, რომ მიიღეთ მონაწილეობა, მიიღებენ მონაწილეობას, ეტყვიან, რომ არ მიიღონ მონაწილეობა, არ მიიღებენ მონაწილეობას“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
ოპოზიციურ სპექტრში მიმდინარე სიტუაციას აფასებს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე.
„იმ მცდელობებმა, ბოიკოტმა, რომელიც არის რევოლუციური სცენარის ნაწილი, რომელიც წარუმატებლად მიმდინარეობს ამ ხნის განმავლობაში, ბუნებრივია, გარკვეული დილემების წინაშე აღმოაჩინა ოპოზიციური სპექტრი. სხვაგვარად თუ შევხედავთ, ეს პროცესი ძალიან კარგია. საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს კიდევ ერთხელ არის დაფიქრების შესაძლებლობა, თუ რა ხდება რეალურად ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე. ეს ის პროცესია, რისი დამალვაც უკვე შეუძლებელი გახდა. ეს არის რადიკალიზმის პოლიტიკა, რომელიც იმ შედეგებს იძლევა, რაც ახლა ოპოზიციაშია~, – აღნიშნა ცოტნე ანანიძემ გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ სტუმრობისას.
თამარ ლამპარაძე
გალერეა
