
ბათუმში საქართველოს საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენცია იმართება
12-13 ივნისს, ბათუმში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და მედია სააგენტო XPRIMM-ის ორგანიზებით, „საქართველოს საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენცია“ იმართება.
კონფერენციაში 19 ქვეყნის 100-ზე მეტი სტუმარი მონაწილეობს (მათ შორის, დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციიდან). ეს ქვეყნებია: აზერბაიჯანი, ბელგია, ბულგარეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, თურქეთი, მალაიზია, მონტენეგრო, რუმინეთი, სლოვაკეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, შვეიცარია, ჩრდილოეთ მაკედონია, ჩეხეთი; მათ შორისაა 7 ქვეყნის აზერბაიჯანის, ესპანეთის, თურქეთის, მონტენეგროს, სლოვაკეთის, ყაზახეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის.- საზედამხედველო ორგანოს მაღალი რანგის წარმომადგენელი.
„საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენცია 2025“-ის მთავარი მიზანია, სადაზღვევო სისტემის სხვადასხვა მონაწილის გაერთიანება საერთო მიდგომების ირგვლივ, რაც ხელს შეუწყობს ძლიერი და მდგრადი სადაზღვევო ბაზრის ჩამოყალიბებას.
„XPRIMM სპეციალიზებულია დაზღვევის, გადაზღვევის, დაზღვევის საშუამავლო საქმიანობის და კერძო საპენსიო დაზღვევის საკითხებზე და ამდენად, ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი პლატფორმაა ბაზრის მოთამაშეებისა და სადაზღვევო ზედამხედველებისთვის, სადაც განიხილება სექტორის წინაშე მდგარი გამოწვევები, სტრატეგიები და განვითარების შესაძლებლობები.
ღონისძიებას ესწრებიან სადაზღვევო და გადაზღვევის კომპანიების ბროკერები, ფინანსური ინსტიტუტების, ასევე საერთაშორისო ასოციაციებისა და მარეგულირებელი უწყებების წარმომადგენლები, ბროკერები.
ღონისძიების მასშტაბურობა, მნიშვნელოვანწილად განაპირობა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის დავით ონოფრიშვილის აქტიურმა ჩართულობამ დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის საქმიანობაში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ იგი არის იმპლემენტაციის და შეფასების კომიტეტისა და აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. სწორედ ამ კონტექსტში, კონფერენციაზე ერთ-ერთი მომხსენებელია ასოციაციის მაღალი რანგის წარმომადგენელი – მანუელა ცვაიმიულერი, IAIS-ის გენერალური მდივნის სპეციალური მრჩეველი (IAIS-ის იმპლემენტაციის მიმართულების ყოფილი ხელმძღვანელი).
კონფერენციას უძღვება პროფესორი კარელ ვან ჰულე, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტისა და ბელგიის ლიუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი. პროფესორი ჰულე, ზედამხედველობის სამსახურის მოწვევით, პერიოდულად კონსულტაციებს უწევს სამსახურს გადახდისუნარიანობა 2-ის სისტემასთან დაკავშირებით, რომლის შემუშავებაში უშუალო წვლილი მიუძღვის.
კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ონოფრიშვილმა. მან ყურადღება გაამახვილა ღონისძიების ძირითად თემებზე, მათ შორის ქართული სადაზღვევო ბაზრის მდგომარეობასა და განვითარების სტრატეგიაზე; მარეგულირებელი გარემოს ცვლილებებსა და საერთაშორისო პრაქტიკის ჰარმონიზაციაზე; ციფრულ ტრანსფორმაციასა და ხელოვნურ ინტელექტზე, მომხმარებელთა დაცვის გაძლიერებასა და ფინანსური განათლების ხელშეწყობაზე, ასევე, სადაზღვევო სექტორში მდგრადობისა და ESG სტანდარტების გათვალისწინებაზე.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე.
კონფერენციის ფარგლებში, გაიმართება ჟურნალის XPRIMM Insurance Profile Georgia FY2024-ის პრეზენტაცია – ანგარიში, რომელიც მოიცავს საქართველოს სადაზღვევო ბაზრის ანალიზსა და ღირებულ ინფორმაციას საერთაშორისო პარტნიორებისთვის.
კონფერენცია მიზნად ისახავს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მონაწილეებთან ცოდნის გაზიარებას, სექტორში ნდობის გაძლიერებასა და საქართველოში სადაზღვევო სექტორის გრძელვადიანი განვითარებისთვის აუცილებელი ქმედითი დიალოგის გაღრმავებას.
წლევანდელი ღონისძიების თანადამფინანსებლები არიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიები: „ალდაგი“, „არდი“, „იმედი L“, „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“, თურქეთის სადაზღვევო ჯგუფი „IUC“. აღნიშნული მხარდაჭერა კიდევ უფრო უსვამს ხაზს კონფერენციის მნიშვნელობასა და სექტორში მაღალი დაინტერესების არსებობას“, – ნათქვამია საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.