
ეუბნებოდნენ, რომ ვერაფერს გააკეთებდა, მან კი ბრენდი შექმნა
თანამედროვე ინტერიერის დიზაინში რბილი ავეჯი არ არის მხოლოდ კომფორტი. იგი სტილის, ხარისხისა და უნიკალურობის გამომხატველი ელემენტია. სწორედ ამ კონცეფციაზე ააგო თავისი საქმიანობა რბილი ავეჯის საწარმო „ბრენდ ლუქსის“ დამფუძნებელმა მანუჩარ ზოიძემ. მან ადგილობრივი წარმოება მაღალი ხარისხის, ესთეტიკურად გამორჩეულ და ფუნქციურ ავეჯზე დააფუძნა. მისი მთავარი მიზანი კომფორტის, სტილისა და ინოვაციის გაერთიანებაა, რათა საწარმოს თითოეულ სივრცეს განსაკუთრებული ხასიათი შესძინოს.
მანუჩარ ზოიძე გვიზიარებს, როგორ დაიწყო თავისი გზა ნულიდან იდეით, ენთუზიაზმითა და შრომის სურვილით, როგორ განვითარდა საწარმო პატარა სახელოსნოდან თანამედროვე საწარმოო სივრცემდე, როგორ ჩამოაყალიბა გუნდი და რა სირთულეებს შეეჭიდა, რომ საკუთარი ბრენდი ქართულ ბაზარზე წარმატებით დაემკვიდრებინა. ასეთი ადამიანები ახალ სიცოცხლეს სძენენ ქართულ ბიზნესგარემოს, რადგან მისი ნაწარმი სიყვარულითა და პროფესიონალიზმით არის შექმნილი.
– ბატონო მანუჩარ, საიდან გაჩნდა იდეა და როგორ დაიწყეთ ავეჯის წარმოება?
– თავდაპირველად, მეორადი რბილი ავეჯის პატარა მაღაზია მქონდა. პარალელურად მუშად ვმუშაობდი, რადგან ოჯახში რთული პერიოდი გვქონდა. ეს არასდროს მითაკილია, პატიოსნად ვშრომობდი და ოჯახს ვარჩენდი. მოგეხსენებათ, ვაჭრობას თავისი ხრიკები აქვს, რაღაც პერიოდის შემდეგ მინუსებში წავედით და მივხვდი, რომ ეს საქმე არ გამომდიოდა. ძალიან ცუდი მდგომარეობა მქონდა, ბანკიდან სესხი გამოვიტანე, რომ მეარსება. სახლიდანაც გვაგდებდნენ, რადგან ქირას ვეღარ ვიხდიდით. ჩემს ადგილას ბევრი ქვეყნიდან გაიქცეოდა, თუმცა, მიუხედავად რთული მატერიალური მდგომარეობისა, არ დავნებდი, პასუხისმგებლობას არ გავექეცი და ერთ დღესაც საკუთარი საწარმოს გახსნის იდეა დამებადა. მაშინ თითქმის ყველა ავეჯის სახლის მფლობელს ვიცნობდი. მათ ჩემი მიზანი რომ გავანდე, ირონიულად მითხრეს: რბილ ავეჯს ქუთაისი და თურქეთი ვერ უშვებს, შენ რა უნდა გააკეთო, არც ნიჭი გაქვს და არც ხელობა იციო… კარგად მახსოვს, ამ სიტყვებმა ჯერ ცოტათი უკან დამხია, მაგრამ შემდეგ ორმაგად მოტივირებული გამხადა. ერთ დღესაც, მეორადი დივანი დავშალე და ამ საქმის დეტალურად შესწავლა გადავწყვიტე. დაშლისას იმდენი რამ აღმოვაჩინე, ცოტათი შევშინდი, თუმცა ფარ-ხმალი არ დამიყრია. დავიწყე ყველანაირი ინფორმაციის მოძიება, ვისაც კი ჩემი დახმარება შეეძლო, ყველას რჩევას ვეკითხებოდი. დაკვირვებული ვარ, რთულ მომენტში ღმერთი ყოველთვის ისეთ ადამიანს მიგზავნის და სიტუაცია ისე იცვლება, არაფრისგან ყველაფერი გამოდის. მეც შეძლებისდაგვარად ყოველთვის გვერდით ვუდგავარ ადამიანებს და ალბათ ამიტომ. შევხვდი ისეთ პიროვნებას, რომელსაც თავის დროზე ავეჯის წარმოება უნდოდა, თუმცა სურვილი ვერ განახორციელა. ჰქონდა გამოცდილება და საკმაოდ ძვირი ინსტრუმენტები. ამ ადამიანმა დაინახა, როგორ ვშრომობდი, როგორ მივდიოდი მიზნამდე და ინსტრუმენტები გადმომცა (ნაწილ-ნაწილ უნდა გადამეხადა). შემდეგ დივნის აწყობა მასწავლა და როცა პირველი დივანი გავაკეთე, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. გარკვეული პერიოდი პატარა საწარმოში ერთ ადამიანთან ერთად ვიმუშავე, ისიც ძალიან დამეხმარა, ხელობაც კარგად შევისწავლე და შემდეგ ორივე ჩვენ-ჩვენი გზით წავედით. საკუთარი საწარმო რომ გავხსენი, თავიდან ძალიან ბევრი პრობლემა მქონდა, ჯერ მეუღლე ჩავრთე საქმეში, შემდეგ – მისი ძმა, ჩემი ოჯახის წევრები… 7-8 წელი გადის, რაც ეს საწარმო გვაქვს და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ყველა ჩემი გამოზრდილია. ყველაფერი ისე დალაგდა, რომ დღეს მოსულ ადამიანს უკვე სისტემა ზრდის, მე აღარ ვერევი. მიხარია, რომ ის ადამიანები, რომლებიც თავიდან ჩემი საქმის მიმართ ირონიულად იყვნენ განწყობილი, ახლა თავიანთი მაღაზიებისთვის ავეჯს ჩემთან უკვეთავენ. ერთი წამითაც არ გამივლია გულში წყენა, პირიქით, საკმაოდ კარგი მეგობრებიც ვართ. ყველას და, პირველ რიგში, საკუთარ თავს დავუმტკიცე, რომ შეუძლებელი არაფერია. ასე ჩამოყალიბდა ჩვენი ოჯახური ბიზნესი.
– რა სირთულეები შეგხვდათ და როგორ დაძლიეთ ისინი?
– ძალიან ბევრი სირთულე გამოვიარე. იყო მომენტები, როცა ადამიანები ყველანაირ მოტივაციას მიკარგავდნენ და ლამის ხელი ჩამაქნევინეს ამ საქმეზეც, მაგრამ არც მაშინ დავნებდი. თავიდან ისედაც მინიმალურ მოგებაზე ვმუშაობდით და ოღონდ ფასი დაეგდოთ, ვითომ ხარისხს გვიწუნებდნენ. არადა, დარწმუნებული ვარ, შემდეგ სამმაგ ფასად გაყიდდნენ. მე ხომ ვიცოდი, რა შრომაც მქონდა ჩადებული და როგორი ხარისხიანი იყო ჩემი ავეჯი? როცა ნივთს გიუფასურებენ, ამ დროს ადამიანი არ აფასებს შენს შრომას, ვერ ხედავს, როგორ მუშაობ, როგორ იხარჯები, ღამეებს ათენებ… ძალიან გულდასაწყვეტია ასეთი დამოკიდებულება. იყო შემთხვევები, საკმაოდ სოლიდური თანხის ვალი ჰქონიათ, მაგრამ საქონელს მაინც ვაწვდიდი, იმიტომ, რომ ჩემთვის ფული არასდროს ყოფილა მნიშვნელოვანი, სახელი და ადამიანობა იყო მთავარი. ჩემი ბიზნესის განვითარებისთვის ყველაფერს ვიტანდი, პირადი შეურაცხყოფის გარდა ყველაფერი ავიტანე საერთოდ. იყო მომენტები, როცა აღარ შემეძლო, ძალიან ვიღლებოდი, თუმცა ჩემ უკან მდგომ იმ ადამიანებს ვერ ვუმტყუნებდი, რომლებიც ჩემთან ერთად გადიოდნენ ამ ყველაფერს, ჩემთან ერთად შრომობდნენ და მათ თვალებში სიყვარულს ვკითხულობდი. ჩიხშიც შევსულვარ, მაგრამ თუ გზაზე რაღაც წინაღობა მხვდება, მირჩევნია, თვალებში ჩავხედო და დავამარცხო, ვიდრე ზურგი ვაქციო.
– როგორ მოახერხეთ საწარმოს გაფართოება და პოპულარობის მოპოვება?
– ჩემი მეუღლის შემდეგ თანდათან მენეჯერები მოვიყვანე, შემდეგ – ბუღალტერი, გაყიდვების, შესყიდვების და სოცმედიამენეჯერები, კატალოგიც გავაკეთეთ. იურიდიული საკითხებიც მოვაგვარეთ, ყველაფერი სუფთა და გამჭვირვალე რომ ყოფილიყო… რაც შეეხება პოპულარობის მოპოვებას, ეს არ არის მარტივი. ვფიქრობ, პირველ რიგში, უმნიშვნელოვანესი პატიოსნებაა. ადამიანები ყველაფერს ხედავენ. მნიშვნელოვანია – თუ რაღაცის გწამს, იმას ბოლომდე მიჰყვე, და, რა თქმა უნდა, შრომა, შრომის შედეგად მოდის დაფასება. ასევე, მიზანს რომ დაისახავ, ოცნებას არ უნდა უღალატო და სახელსაც ადვილად მოიხვეჭ.
– რა მასალებს იყენებთ და როგორ არჩევთ მომწოდებლებს?
– როგორც ყველა მწარმოებელი და დამფუძნებელი, ვცდილობ, მაქსიმალურად ხარისხიანი ნედლეული ავარჩიო. მაქსიმალურად იყოს მორგებული ჩვენს მომხმარებლებზე და სტილზე. გვაქვს გამოხარშული წიფელა, ნაძვი, DშP, DVP, ლითონის კონსტრუქცია, უმაღლესი ხარისხის ღრუბელი და პრემიუმ ხარისხის ნაჭრები. ვაწარმოებთ: დივნებს, სავარძლებს, საწოლებს, პუფებს და ა.შ. სამწუხაროდ, დღესდღეობით ქართულ ნაწარმს სახელი აქვს გატეხილი და გული მტკივა ამაზე. როგორც კი მომხმარებელს ეუბნები, რომ ქართულია და აჭარაშია დამზადებული, ეგრევე ეჭვის თვალით იწყებს ყურებას, სვამს კითხვებს: ნამდვილად კარგი ღრუბელია გამოყენებული? უხარისხო ხომ არ არის? ვერც გაამტყუნებ, რადგან ამ მხრივ საქართველოში სამწუხარო რეალობაა დღეს, თუმცა თანდათან ამ სტერეოტიპსაც ვამსხვრევთ. დარწმუნებული ვარ, მოვა დრო და ყველას დავუმტკიცებთ, რომ ქართულიც შეიძლება იყოს საუკეთესო! ცხადია, გაგვიჭირდება, მაგრამ საწყის ეტაპზე ერთ ადამიანსაც რომ შევუცვალოთ ასეთი წარმოდგენა, ესეც ერთი დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
– რატომ – `ბრენდ ლუქსი~?
– გვინდოდა, შეგვექმნა ჩვენი, ქართული წარმოების ბრენდი, რომელსაც საზღვრებს გარეთ გავიტანდით და ვიტყოდით, რომ ეს ქართული ბრენდია. საქართველოში ქმნიდე კარგ, ხარისხიან ავეჯს და ვერ ამბობდე, რომ ქართულია, ცოტა გულდასაწყვეტია. ვიცი, საკმაოდ რთული გზა გვაქვს გასავლელი ამის დასამტკიცებლად და იმედი გვაქვს, გამოგვივა. ვფიქრობ, ჩემი ოჯახი, შვილები და მათ გვერდით მდგომი ადამიანები შთაგონების წყარო გახდებიან სხვა მეწარმეებისთვის.
– ამ ეტაპზე, რამდენი თანამშრომელი გყავთ დასაქმებული?
– საწარმოში, დაახლოებით, 25 ადამიანი მყავს დასაქმებული. პარალელურად, რამდენიმე სტაჟირებას გადის, დამხმარეა, ხელობა რომ შეისწავლოს. ეს ისეთი სპეციფიკური საქმეა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, არ ისწავლება. აღსანიშნავია, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენმა საწარმომ საკმაოდ ბევრი ხელოსანი გამოზარდა. ზოგი ისე განვითარდა, თავისი ავეჯის სარესტავრაციო სახელოსნო გახსნა, ზოგიერთი სამუშაოდ ევროპაში წავიდა ამ პროფილით. მიხარია, რომ ჩვენთან გამოცდილება მიიღეს, განვითარდნენ და დღეს დასაქმებულნი არიან. მინდა აღვნიშნო, რომ საწარმოში დასაქმებული გვყავს აგვისტოს ომის ვეტერანებიც… მეც ვეტერანი გახლავართ და ჩემი ძალიან დიდი სურვილია, სამომავლოდ კიდევ უფრო ბევრი ვეტერანი დავასაქმო. საქართველოს ბევრი ღირსეული ახალგაზრდა ჰყავს მათი სახით, ბევრი, სამწუხაროდ, უმუშევარია და მოხარული ვიქნები, თუ რამით დავეხმარები და გვერდით დავუდგები. ყველაფერს ვაკეთებ, რომ ხმა მივაწვდინო ყველას და იმედი მაქვს, სახელმწიფო პროგრამების დახმარებით, ამ მიზანსაც მალე რეალობად ვაქცევ.
– რამდენად ითვალისწინებთ მომხმარებლების ინდივიდუალურ მოთხოვნებს დიზაინში?
– ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ვცდილობთ მომხმარებლის ნებისმიერ სურვილს მოვერგოთ. თითქმის ყველა მოთხოვნას ვაკმაყოფილებთ. ჩვენი პირველი მთავარი პრინციპი განვითარებაა. ამიტომ შევქმენით ისეთი პროგრამა, რომელიც საათის მექანიზმივით გამართულია ამ პროგრამის დამსახურებით მთელი საწარმო ძალიან კომფორტულად მუშაობს. მომხმარებელი რომ მოდის, სანამ ყავას მიირთმევს, ჩვენი ავეჯის მოდელებიდან ირჩევს რომელიც სურს და ის მოდელი შეგვიძლია ნებისმიერ ფერში დავუმზადოთ, ასევე, ერთი თითის დაჭერით, სურვილისამებრ შევუცვალოთ ესა თუ ის ნაწილი და ვაჩვენოთ, როგორი იქნება საბოლოო ვარიანტი. აღსანიშნავია ისიც, რომ შეგვიძლია ის კონკრეტული მოდელი (გარკვეული მოდელების გარდა) ერთ, ან ორ საათში დავუმზადოთ, ასევე, საწარმოში შექმნის პროცესსაც დავასწროთ და ვაყურებინოთ. არა მგონია, საქართველოში მსგავსი მომსახურება ბევრს ჰქონდეს.
– როგორც ვიცით, თქვენი საწარმო რამდენიმე სივრცეს აერთიანებს…
– დიახ, ჩვენს დიდ საწარმოში რამდენიმე პატარა საამქროს გაერთიანება მოგვიწია. გვაქვს ოთახი, სადაც ორი შემდუღებელი გვყავს, ისინი მე გამოვზარდე. ისევე როგორც სხვაგან, აქაც თითოეული დეტალი ჩემი ხელითაა შექმნილი. ამ ოთახში შესაძლებელია ბევრი რამის წარმოება. არის სადურგლო ოთახი, სადაც ხე მუშავდება. აქაც, ყველაფერი – მანქანის კარკასების ფორმებით დაწყებული, ფეხის დიზაინით დამთავრებული, ჩემი გამოყვანილია. გვაქვს ოთახი, სადაც ხე ილაქება, იღებება და ცალკე სივრცე, სადაც შრება და იკვრება. შემდეგ გადააქვთ იქ, სადაც აწყობილ ავეჯს კონსტრუქციის დეტალები უმაგრდება. ლითონის და ხის კონსტრუქციები ერთად იკვრება და მაგრდება. გვაქვს დიდი სამკერვალო, სადაც დაახლოებით შვიდი ქალბატონი მუშაობს და ცალკე სამზარეულო.
– აპირებთ თუ არა პროდუქციის ექსპორტს ან უცხოურ ბაზრებზე გასვლას?
– აუცილებლად ვგეგმავთ. სამომავლოდ ერევანსა და ბაქოში მაქვს დაგეგმილი ჩასვლა. ახლო ქვეყნებზე შედარებით მარტივია გასვლა, თუმცა, ამ ეტაპზე, ჯერ არ ვართ მზად ამისთვის. მოგეხსენებათ, თუ სახლს ფუნდამენტი არ აქვს, შემდეგ ეტაპებზე ვერ გადახვალ. ჩვენი ამჟამინდელი მყარი საფუძველი ძლიერი გუნდია, რაც ძალიან მახარებს. ჩემი მიზანია, ჩვენი წარმოება (ავეჯის სფეროში) საზღვრებს გარეთ გავიდეს.
– რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა აპირებენ ბიზნესის დაწყებას?
– არასოდეს დანებდნენ, ყველაფერი გააკეთონ თავიანთი მიზნების მისაღწევად. რა დაბრკოლებაც უნდა შეხვდეთ გზაზე, არ მოუსმინონ სხვების განსჯას, ფუჭ სიტყვებს, მხოლოდ გულის კარნახს უსმინონ და უკან არაფერზე დაიხიონ. თუ ადამიანი ამ ყოველივეს გააკეთებს, მერწმუნეთ, აუცილებლად მივა მიზნამდე.
– რა გეგმები გაქვთ?
– ბოლო ერთი წელია, ამ სფეროში მთავარი ფიგურა აღარ ვარ, ჯანმრთელობიდან გამომდინარე, მცირე პრობლემები შემექმნა, მკურნალობა მომიწია და ეს საქმე მთლიანად მეუღლეს გადავულოცე (იცინის). იგი წლებია ამ საწარმოს დირექტორია და შესანიშნავად ართმევს თავს. მართლა უზომოდ დიდი ენერგია ჩავდე ამ საქმეში, ახლა მხოლოდ ჩემი გამოცდილებით და რჩევით თუ დავეხმარები ოჯახს. უკვე შვილებიც ჩართული არიან ამ საქმეში, რაც ძალიან მახარებს. უფროსი გოგონა 16 წლისაა და იმედი მაქვს, სამომავლოდ ღირსეულად გადაიბარებენ და წარმართავენ ჩვენს საოჯახო ბიზნესს.
მარიამ ხითარიშვილი