
„უკან მოხედვის არ მეშინია“
ასე გაბედულად აცხადებს ჩვენი თანაქალაქელი იურისტი და მწერალი სოფიო კობალაძე, რომელიც მკითხველს წარუდგება ლიტერატურული ფსევდონიმით – საფო კობალაძე. მას ამის თქმის უფლებას თავისი განვლილი და ახლანდელი ცხოვრების გზა აძლევს. ეს მშვენიერი ქალბატონი თავისი საქმიანობით გამორჩეულია, სადაც კი უმუშავია (სახელმწიფო სამსახურები, სასწავლებლები), ყველგან კეთილი კვალი აღბეჭდა. არაერთი ასოციაციისა და ჯგუფის წევრი, საზოგადოებრივი აქტიურობითაც იპყრობდა ყურადღებას. ამჟამად საფო ბათუმის მერიის მონიტორინგის სამსახურში მუშაობს და თავის ძალისხმევას არ იშურებს დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად.
იგი დღეს გაზეთ „აჭარის“ სტუმარია და თავად მოგვითხრობს საკუთარ „მე“-სა და განცდებზე.
არჩეული გზა, რომელსაც მივუყვები
გზა, რომელსაც ახლა მივუყვები, რთულია, მაგრამ საინტერესო. ესაუბრო მკითხველს საკუთარი ნაწარმოებებით, დიდ პასუხისმგებლობას, შრომას მოითხოვს. დიახ, ოდენ ნიჭით და სურვილით ფონს ვერ გახვალ. გულწრფელად ვიტყვი, ადრე მეგონა, რომ მთებს შევაზანზარებდი, ახლა ეს გრძნობა მიყუჩებულია, აღარ ვბორგავ, საკმაოდ თანმიმდევრული და დინამიკური გავხდი.
ჯერ კიდევ მოსწავლე ვიყავი, როცა პირველად წარვუდექი მკითხველს თქვენი გაზეთით. შემდეგ ჟურნალ `ჭოროხში~ დაიბეჭდა მოთხრობა, მაშინ მეათე კლასის მოსწავლე ვიყავი და ეს განსაკუთრებულ ემოციებს აღმიძრავდა, მახარებდა. დღესდღეობით ოთხი წიგნის ავტორი ვარ, რომელს გამოვყოფ? ოთხივე მიყვარს შვილებივით. ასევე, მკითხველს არაერთ კრებულსა და ლიტერატურულ პერიოდიკაში შეუძლია გაეცნოს ჩემს ნაწარმოებებს.
ემპათიური ვარ, აბა რა. . . მე ხომ დედა ვარ!
რაც ასაკში შევედი, უფრო ემპათიური გავხდი. რეალობამ ბევრი რამ ახალი თვალით დამანახა და გავაცნობიერე, რომ ერთურთის თანადგომა, ჭირისა და ლხინის გაზიარებაა ჩვენი ადამიანობის განმსაზღვრელი და სიძლიერის წყარო. მე ხომ დედა ვარ, შვილებს კარგად როგორ აღვზრდი, თუ სხვათა მიმართ სიკეთით არ ვიქნები განწყობილი, მათ როგორ მაგალითს მივცემ? დედობა საოცარი გრძნობაა, ეს მაბედნიერებს… როცა ჩემს შვილებს შევცქერი, ყოველი გათენებული დღე მახარებს და ზენაარს მადლობას ვწირავ. მინდა მათ, ყველა ახალგაზრდამ, ჩვენმა მომავალმა თაობამ, ისეთ საქართველოში იცხოვრონ, გულით რომ გვინატრია.
ოჯახი სიყვარულის კერაა
ადამიანი ოჯახში ყალიბდება ფიზიკურად და სულიერად. დედ-მამის როლზე ბევრი თქმულა და ითქმება კიდევ. ვინაა მთავარი აღზრდის პროცესში? დედას რომ დიდი როლი აკისრია, ეს ცხადია… უწინ ჩვენი წინაპრები, ოჯახის შექმნას რომ დააპირებდნენ, ოჯახის დედის რაგვარობას არკვევდნენ და ეს შემთხვევით როდი ხდებოდა, რადგან იცოდნენ, კარგი დედის გაზრდილი შვილი თავს არ შეირცხვენდა, კარგად წარმართავდა ოჯახს. `ლამაზად შვილის აღმზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა~ – ვაჟას ამ შეფასებას მე რაღა დავამატო? იმას კი ვიტყოდი, ოჯახი, სადაც დედა და მამა თანაბარი ზრუნვითა და პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, შვილებისათვის უკეთესი მომავლის საწინდარია.
წიგნი სულის საზრდოა
ასე, მგონი, მხოლოდ მე არ ვფიქრობ. პირადად ჩემთვის წიგნი ყველაზე საიმედო ახლობელი და ადამიანივით დასაყრდენია. ბიბლიოთერაპიის სიკეთე მაქვს მხედველობაში. როგორი წიგნი მირჩევნია, ბეჭდური თუ ელექტრონული? ბეჭდური, რა თქმა უნდა. სულ სხვაა, წიგნს რომ გადაფურცლავ…
დაკვირებიხართ ალბათ, ისეთ წიგნს უფრო ინტერესით ეწაფები, უჩვეულო, უცხო ამბებს რომ მოგვითხრობს, მათი მეოხებით ხომ ვმაღლდებით ცნობიერების საფეხურზე. მიყვარს ჰერმან ჰესეს „ტრამალის მგელი“, კონსტანტინეს `მთვარის მოტაცება~, დოსტოევსკის `დანაშაული და სასჯელი~ და მრავალი სხვა, ყველას აღარ ჩამოვთვლი. მრავალი პერსონაჟი მიტაცებს, ძალიან მინდა თუთაშხიას ვგავდე, მაგრამ მამა გორიოს (ბალზაკი) პერსონაჟი უფრო ჩემი მგონია, კარგია თუ ცუდი, ეს სხვა საკითხია.
ხელოვნება – სულის გასაღები
მიყვარს და ვაფასებ ხელოვნებას. მხატვრობა, მუსიკა, ხუროთმოძღვრება, არქიტექტურა… ნებისმიერი ნაშრომი, რომელიც ადამიანის ქვეცნობიერიდან მოდის, სულს ზრდის, ამდიდრებს.
კლასიკური მუსიკა მომწონს, ზღვა ემოცია მეუფლება მოსმენისას. რა თქმა უნდა, განწყობასაც გააჩნია. მხატვრობაში ლეონარდო და ვინჩი შეუცვლელია ჩემთვის. სხვა დანარჩენი დროის, ხასიათისა თუ განწყობის სიმფონიაა. ჭეშმარიტ ხელოვნებას დრო ვერას აკლებს, პირიქით, უფრო თვალსაჩინო ხდება და კომფორტის ზონად გადაიქცევა გონიერი ადამიანისათვის. სული ზეობს, როცა ლეონარდო და ვინჩის ანატომიურ ნახატებს ვათვალიერებ, ეს ნახატები განსაკუთრებული ფენომენია. ასევე, მიტაცებს აივაზოვსკის პეიზაჟები… ასე ზღვას, მის ძალას ვინ გააცოცხლებს… მომწონს ვან გოგის სოფლის პეიზაჟები.
წუთისოფლის სტუმრები ვართ
ამ წუთისოფელში ყველაზე მეტად კეთილ ადამიანს ვაფასებ და საკუთარი ცხოვრების წესადაც სიკეთის კეთებას მივიჩნევ და არა მხოლოდ სიტყვით, საქმით, უპირველეს ყოვლისა. ამიტომაც არ მრცხვენია, როცა სარკეში საკუთარ თავს ვხედავ, არ მეშინია საკუთარი აჩრდილის და როცა იმიერ სამყაროში წავალ, მწამს, ბევრი სიყვარულით მომიგონებს, ვისაც ვუყვარვარ, აუცილებლად დამიდგამს ძეგლს საკუთარ გულში.
მივუტევოთ და მოგვეტევება
ეს სახარებისეული სიბრძნე მრავალთა დევიზი და ცხოვრების წესია, მათ შორის – ჩემიც. ადამიანის პატივისცემა მისი ღირსების დაფასებითა და დაცვით იწყება. მე პირადად, მშვენივრად მესახება ადამიანი, რომელიც ასე ფიქრობს და შესაბამისად იქცევა. ეს მშვენიერება უფრო სრულყოფილი ხდება, თუ თავისი ქვეყნის, ბუნების, ენის, სარწმუნოების, ისტორიის, საუკეთესო ტრადიციების დამცველი და ერთგულია. ასეთი ადამიანები არიან ქვეყნის პროგრესისა და სიძლიერის მესაძირკვლენი.
აქ სიოც სხვაგვარად მესალბუნება…
ბათუმში დავიბადე და გავიზარდე. აქ ამეხილა თვალი, აქ შევიგრძენი და დავინახე ის სილამაზე, ბათუმს რომ ახლავს. ყოველთვის, როცა მოგზაურობის შემდეგ ბათუმში ვბრუნდები, სიცოცხლის მშვენიერებას მთელი არსებით შევიგრძნობ, აქ სიოც კი სხვაგვარად მესალბუნება, მზეც საამო და უცხოდ კაშკაშაა… თვით წვიმაც კი ჯადოსნურ ხმებს გამოსცემს. ეს ერთი დიდი სიმფონიაა, მხოლოდ ბათუმში რომ მოისმენ. მიყვარს ბათუმის თითოეული ქუჩა, ზღვა და ბულვარი, პარკები… მიყვარს ჩემი ძვირფასი თანაქალაქელები, ახალგაზრდები, მოხუცები, კოლეგები, მეზობლები… დაე, ამ ულამაზეს ქალაქში მშვიდობითა და სიყვარულით ეცხოვროთ მრავალჟამიერ!
ლაშა ხომერიკი