
„ქი ქონსალთინგმა“ და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მემორანდუმი გააფორმეს
საკონსულტაციო ორგანიზაცია „ქი ქონსალთინგსა“ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ორგანიზაცია ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს პედაგოგებისთვის, მოსწავლეებისთვის, კერძო და საჯარო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს „ქი ქონსალთინგის“ დირექტორმა ლიკა ოხანაშვილმა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ტიტე აროშიძემ. მემორანდუმის გაფორმების პროცესს ესწრებოდნენ „ქი ქონსალთინგის“ პროექტების კოორდინატორი დიმიტრი ოხანაშვილი და ბსუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები ერთობლივად განახორციელებენ კვლევით პროექტებს, კონფერენციებსა და სამუშაო შეხვედრებს საგანმანათლებლო მიმართულებით.
ასევე, „ქი ქონსალთინგის“ ორგანიზებით ბსუ-ში 14 ივნისს განათლების საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართველი და უცხოელი მომხსენებლები, საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები, ექსპერტები, მეცნიერები, ლექტორები და პედაგოგები.
უფრო დაწვრილებით მემორანდუმსა და სიმპოზიუმთან დაკავშირებით „ქი ქონსალთინგის“ დამფუძნებელი ლიკა ოხანაშვილი გვესაუბრა.
– „ქი ქონსალთინგის“ 7 წლის იუბილეზე ჩვენ გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ბსუ-სთან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივად განვახორციელებთ კვლევით პროექტებს, საგანმანათლებლო ღონისძიებებს, ეს იქნება კონფერენციები, ფორუმები, ტრენინგები თუ სხვადასხვა ტიპის შემეცნებითი და საგანმანათლებლო შეხვედრები, რაც
განკუთვნილია როგორც სტუდენტებისთვის, ასევე აკადემიური პერსონალისთვის, მათ შორის პედაგოგებისთვის და მოსწავლეებისთვის. ჩვენ გვაქვს ლიდერთა სკოლაც და სწორედ მის ფარგლებში ხშირად ვახორციელებთ პროექტებს და, მათ შორის, აჭარის რეგიონიდან ამ სკოლაში ათასობით მოსწავლეა ჩართული.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, ბსუ-ში ჩავატარეთ განათლების საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომლის მიზანიც იყო, განათლების სფეროს ლიდერებს, ექსპერტებს, საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, მეცნიერებს, ლექტორებსა და პედაგოგებს ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ ხედვები და რეკომენდაციები თანამედროვე სასწავლო პროცესებთან დაკავშირებით და ამავდროულად, ეს ყველაფერი დაკავშირებული იყო ჩვენს ტრადიციულ სასწავლო მიმართულებებთან. სიმპოზიუმზე ძალიან საინტერესო დასკვნები გაკეთდა, საინტერესო ხედვები და ინიციატივები გაჟღერდა და ამ ყველაფრის შედეგად, სექტემბრიდან ახალ მიმართულებებს დავგეგმავთ.
პარალელურად, განხორციელდა ინტელექტუალური პროექტი მოსწავლეებისთვის, რომელშიც მონაწილეობდა, აჭარის მასშტაბით, 150-მდე საუკეთესო მოსწავლე. ასევე, პროექტში ჩაერთნენ სვანეთიდან და სამეგრელოდან ჩამოსული მოსწავლეები, რომლებიც სპეციალურად ჩამოვიდნენ ბათუმში. ამ მოსწავლეებისთვის გაიმართა ინტელექტუალური შეჯიბრი და მათ შეძლეს, საკუთარი სკოლები საკმაოდ ღირსეულად წარმოეჩინათ. ამგვარად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მემორანდუმის ფარგლებში უმასპინძლა პირველ ღონისძიებას და ჩვენ გადავდგით პირველი საინტერესო ნაბიჯი. ეს თანამშრომლობა სექტემბრიდან უფრო გაღრმავდება და უფრო საინტერესო მიმართულებებზე გადავალთ.
თამარ ლამპარაძე
გალერეა
