
მარკო რუბიო ისრაელ-ირანის კონფლიქტის შესახებ კაია კალასს ესაუბრა
მარკო რუბიო ისრაელ-ირანის კონფლიქტის შესახებ კაია კალასს ესაუბრა, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„სატელეფონო საუბრისას სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნებისთვის თავიანთი მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურეს“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ამასთან, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სატელეფონო საუბარი საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან – ჟან-ნოელ ბაროსთან და დევიდ ლემისთან გამართა.
„მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებენ და ხელს შეუწყობენ დიპლომატიას, რათა ირანმა ბირთვული იარაღი არასდროს შექმნას“, – აღნიშნულია განცხადებაში.