18 C ბათუმი
Monday 23rd June 2025
მამუკა არეშიძე: რადიაციის ფონის ზრდასთან ერთად, ლტოლვილების უზარმაზარი ნაკადის შემოსვლაა მოსალოდნელი
By

მამუკა არეშიძე: რადიაციის ფონის ზრდასთან ერთად, ლტოლვილების უზარმაზარი ნაკადის შემოსვლაა მოსალოდნელი

ქართული პოლიტიკური სპექტრი ისევ ფორიაქობს. ამჯერად საქმე ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. „ქართული ოცნება“ უკვე ემზადება წინასაარჩევნო კამპანიისთვის, ოპოზიცია კი დაბნეულია – გრძელდება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობისთვის გირაოშეფარდებული ლიდერების დაპატიმრების პროცესი თანხის გადაუხდელობის გამო. პრინციპში, ზოგიერთი მათგანი სულაც თავისი ფეხით მიდის საპატიმროში, რითაც რეიტინგის ამაღლებას ცდილობს. ევროპარლამენტიც, ადრე რომ არალეგიტიმურს უწოდებდა საქართველოს მთავრობას, ახლა ოპოზიციას მოუწოდებს, არ გამოტოვოს კენჭისყრა…

ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობასა და ისრაელ-ირანის კონფლიქტზე საუბრობს `აჭარასთან~ ექსკლუზიურ ინტერვიუში ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე, რომელიც თვლის, რომ შესაძლოა, სულ მალე ირანელ ლტოლვილთა უზარმაზარი ნაკადი მოადგეს საქართველოს.

– ბატონო მამუკა, როგორ ფიქრობთ, ევროპარლამენტის მოწოდების შემდეგ, ოპოზიცია მიიღებს თუ არა მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში?

– ნაწილი ალბათ მიიღებს, ნაწილი – არა. ეს პროცესი უკვე ზედაპირზე დევს და კარგად ჩანს. ორმა პარტიამ გამოაცხადა მზაობა, სწორედ იმათ, საპარლამენტო არჩევნებში რომ მოიპოვეს რამდენიმე ადგილი. ასევე, არ არის გამორიცხული, ამ მარათონში ჩაერთონ წვრილ-წვრილი პარტიებიც, რომელთაც შედარებით დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ. მაგალითად, იგივე `გირჩი~ და სხვ.

– „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ როგორც აცხადებს, არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას…

– პრინციპში „ნაციონალური მოძრაობა“ ორიენტირებულია მხოლოდ გამარჯვებაზე, ანუ აუცილებლად თავად უნდა გავიდეს პირველ ადგილზე. მეორე-მესამე „საპრიზო“ ადგილები მათთვის მიუღებელია, აღარც განიხილება. პირდაპირ მართვის სადავეებთან აპირებენ მისვლას, რაც ჩადებული აქვთ პარტიის იდეოლოგიაში.

– თუკი გამარჯვების შანსი აღარ მიეცემათ?

– მაშინ ალბათ მუდმივი საბოტაჟის რეჟიმში ყოფნას გააგრძელებენ. როგორც ჩანს, ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, თან მიზნად აქვთ, რაც შეიძლება მეტი სხვა ოპოზიციური პარტია ჩაითრიონ.

– ის „სხვები“ განსხვავებულად ფიქრობენ?

– კი, სხვები ფიქრობენ, რომ ამ არჩევნებში რაღაც შედეგის დადებით, დღეს თუ არა, ხვალ ან ზეგ დაამარცხებენ „ქართულ ოცნებას“ ანუ არჩევნებში მონაწილეობით ბევრად მეტ რეიტინგს მოიპოვებენ და უკეთესი პერსპექტივა ექნებათ, ვიდრე მუდმივად ბოიკოტში ყოფნით.

– ევროპარლამენტი, რომელიც არალეგიტიმურად მიიჩნევს ახლანდელ მთავრობას, რატომ მოუწოდებს ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობისკენ, რატომ არის დარწმუნებული, რომ არ გაყალბდება ეს არჩევნები, როგორც საპარლამენტოს შემთხვევაში ამტკიცებს?

– დავიწყოთ იმით, რომ დასავლური დემოკრატიისთვის მიუღებელია არჩევნების ბოიკოტირება, ამიტომაც მოუწოდეს საქართველოს ოპოზიციას, მიიღონ მასში მონაწილეობა. რაც შეეხება ლეგიტიმაციას, ეს უფრო ტრიბუნის თემაა, ვიდრე იურიდიული გადაწყვეტილება, ანუ დღევანდელი მთავრობის არალეგიტიმურობა უფრო ტრიბუნიდან ჟღერს, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით კი არალეგიტიმურობას ვერ ამტკიცებენ. აქედან გამომდინარე, დღეს ევროპულ სტრუქტურებსა და საქართველოს მთავრობას შორის ჩვეულებრივი ურთიერთობებია და არანაირად არ იზღუდება სხვადასხვა სავაჭრო, ეკონომიკური თუ კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირები. ყველაფერი ისევე მუშაობს, როგორც მანამდე. თუ ატყობთ, ევროპელი პარლამენტარები და პოლიტიკოსები ლაპარაკობენ სხვადასხვა არხებით, ოფიციოზი არც ახსენებს საქართველოს მთავრობის არალეგიტიმურობას, ანუ არ არის საუბარი არჩევნების გაყალბების შესახებ, ლაპარაკია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალა ქვეყნის პოლიტიკური ორიენტაცია, აღებული კურსი. ეს ძალიან კარგად ჩანს ევროპის საკვანძო ფიგურების გამოსვლებში.

– ზურა ჯაფარიძე, ნიკა მელია და ნიკა გვარამია დაპატიმრებული არიან. გვარამია საკუთარი ფეხით მივიდა საპატიმროში, არადა, გირაოს გადახდით შეეძლო გამოთავისუფლება. რა კომენტარს გააკეთებთ ამ სიტუაციაზე?

– პოლიტიკური ფიგურისთვის, თუ სურს მზარდი პოპულარობა, აუცილებელია კატეგორიული ნაბიჯების გადადგმა. ეს აპრობირებული მეთოდია მსოფლიო პოლიტიკაში – გარკვეული „მსხვერპლშეწირვა“ საკუთარი იმიჯის გასამყარებლად. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის მონათესავე პარტიებში შესანიშნავად იციან, რომ დაკარგეს მხარდამჭერები, დაეცა რეიტინგიც. მათ მოსაბრუნებლად საჭიროა რაღაც ხელჩასაჭიდი ფაქტი. გვარამიას შემთხვევაში, ეს აბსოლუტურად გასაგები ნაბიჯი იყო, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან – არა. მაგალითად, მე არ მივცემდი გვარამიას წამებულის როლის გათამაშების საშუალებას, მით უმეტეს, რომ არავითარ წამებაზე აქ საუბარი არ არის. ყველამ იცის, რა განსხვავებაა დღევანდელ პენიტენციურ სისტემასა და სააკაშვილისეულს შორის. მეეჭვება მაშინ გადაედგათ ანალოგიური ნაბიჯი. სამივე – გვარამია, ჯაფარიძე და მელია სააკაშვილის გუნდის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდნენ, განსაკუთრებით – გვარამია, რომელიც ცენტრალური ფიგურა და წამყვანი ნარატივის შემქმნელი იყო. ამიტომ ჩვენ, ვინც კარგად ვიცნობდით მაშინდელ ციხეებს, დიდად არ შევწუხებულვართ ამათი ამჟამინდელ ციხეში ყოფნით, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც ემოციურ დონეზე აღარ ახსოვთ მაშინდელი ამბები, გადაფარა დრომ და განწყობებმა. მათთვის, რასაკვირველია, გვარამიას ე.წ. თავგანწირვა ჩაითვალა რეალურ მსხვერპლშეწირვად.

– ზოგიერთი ექსპერტი აცხადებს, რომ ხელისუფლებას ყველაზე მეტად ეშინია ოპოზიციის კონსოლიდირებისა თბილისის მოსაგებად…

– იცით, რაშია საქმე? თბილისის მერობაზე კენჭისყრის დროს უმთავრესი პირობაა, თუ ვინ იქნება კანდიდატი. რაც უნდა კონსოლიდირებული იყოს, გინდა ოპოზიცია და გინდა – პოზიცია, თუკი სათანადო პიროვნება ვერ შეირჩევა მერობის კანდიდატად, ძალიან გაუჭირდება გამარჯვება.

– თბილისს არაერთი მერი ახსოვს, რომელიც არაფერს წარმოადგენდა…

– იმ პერიოდებში მმართველი პარტიების მდგომარეობა იყო ხელშეუხებელი, ხოლო ავტორიტეტი – შეურყეველი. დღეს სულ სხვა მდგომარეობაა. ახლა აუცილებელია ქარიზმატული კანდიდატის შერჩევა. მსგავსს ოპოზიციაში ვერ ვხედავ და აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ არაფერი გამოუვათ იმის მიუხედავად, გაერთიანდებიან თუ არა… პრინციპში, არც მათი შეთანხმების მჯერა…

– ახლა პრესაში წერენ, რომ გახარიას დაჭერას აპირებს `ქართული ოცნება~. კერძოდ, რომ `მისი ეშინიათ… ოპოზიციის უკვე მეოთხე ლიდერი წავა ციხეში, რაც მკვეთრად დაასუსტებს პოზიციებს~…

– არა მგონია „ოცნებას“ ასე ეშინოდეს თავისი ყოფილი პრემიერის. კარგად ვიცნობ როგორც ოპოზიციის, ისე პოზიციის შიდა სამზარეულოებს და მსგავსი შიში ვერსად ვიგრძენი… მაგრამ ყველაზე გონივრულ, უფრო გააზრებულ ნაბიჯებს რომ დგამს გახარია, ამის დადასტურება შემიძლია. რაც შეეხება მის დაჭერას, არ ვიცი, რატომ უნდა იყოს ეს ასე აუცილებელი „ქართული ოცნებისთვის“, ძირეულ მიზეზს ჯერჯერობით ვერ ვხედავ მიუხედავად იმისა, რომ გახარიას სერიოზული შეცდომები აქვს… და ვის არა აქვს შეცდომები დაშვებული ჩვენს პოლიტიკაში?!

– ტრამპის და მილიარდერი ბიზნესმენის მასკის დაპირისპირებამ აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის თემა წამოჭრა. თუკი ტრამპი ჩამოცილდება პოლიტიკას, რა ზეგავლენას იქონიებს ეს ფაქტი „ქართულ ოცნებაზე“, რომელიც წელში გაიმართა სუპერლიდერის მოლოცვის შემდეგ?

– ტრამპის და მასკის დაპირისპირება ჩემთვის არის ახლობელი ადამიანების, ოჯახის წევრების ჩხუბის, კამათის მსგავსი პროცესი. არ ვთვლი, რომ ეს ორი ფიგურა ერთმანეთის იდეოლოგიური მტერი გახდება. მასკმა სერიოზული შეცდომები დაუშვა, რადგან ქვეყნის მართვა ერთია, ხოლო ბიზნესსტრუქტურების – აბსოლუტურად სხვა. მასკის დაუფიქრებელი ნაბიჯების გამო თეთრი სახლი არაერთხელ აღმოჩნდა პრობლემების წინაშე. ამიტომაც დაუპირისპირდა ტრამპი საკუთარ პროტეჟეს. ვფიქრობ, მალე გაირკვევა ეს უთანხმოება და უნისონში გააგრძელებენ ამერიკის მართვას, რადგან იდეოლოგიურად ბევრი რამ აკავშირებთ. რაც შეეხება საქართველოს, ტრამპის იმპიჩმენტი არ არის ასე იოლი და თავისთავად, არც ჩვენი ქვეყნის მიმართ შეიცვლება ვაშინგტონის დამოკიდებულება. მით უმეტეს, რომ იგი გამომდინარეობს ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობის მიზანშეწონილობიდან. აქ ვითარება შემდეგია: შავი ზღვისა და კასპიის ზღვის აუზების, სამხრეთ კავკასიის კონტროლისთვის იბრძვის რამდენიმე მსხვილი მოთამაშე – ჩინეთი, რუსეთი, აშშ, ევროკავშირი, ასევე, რეგიონალური მოთამაშე – თურქეთი. მათ შორის გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს. არც ერთი მათგანი არაფრის დამთმობი არ არის, ყველას უნდა თავისი წილი. აქედან გამომდინარე, შემდეგი ვარიანტებია: ერთმა გადადგას რადიკალური ნაბიჯები ყველაფრის მისაკუთრებისთვის ან, არ არის გამორიცხული, მოილაპარაკონ ერთობლივი კონტროლის გადანაწილებაზე. სხვათა შორის, ამერიკელებს, ბრიტანელებისგან განსხვავებით, ახასიათებთ მიდგომა – „აკონტროლეთ და მეც იქ ვიქნები“…

– სი ძინპინი და ტრამპი მორიგდნენ…

– აი, სწორედ ეს შუა დრეფნის თემა იმ შემთხვევაში გაამართლებს, თუ ერთმანეთში მოილაპარაკებს ყველა მონაწილე. რუსეთი ვერ ეწინააღმდეგება ამ ამბავს იმიტომ, რომ ჩინეთია დაინტერესებული. თუ ვინმეს ხელს არ აძლევს აქ ჩინეთი იყოს დომინანტი, ეს, პირველ რიგში, რუსეთია, მაგრამ ვინაიდან სჭირდება პეკინი საკუთარი გეოპოლიტიკური დიდი მიზნებისთვის – ვერ ეწინააღმდეგება. იმედია, მოილაპარაკებენ და სავაჭრო-ეკონომიკური ტრასების ერთობლივ კონტროლს განახორციელებენ, რაც ყველასთვის მომგებიანი იქნება, მათ შორის, საქართველოსთვისაც.

– ირანში რადიაციის გაჟონვა დადასტურდა… რა საფრთხე ელის საქართველოს და როგორ დაახასიათებდით ისრაელ-ირანის კონფლიქტის ამ ეტაპს?

– ამ კონფილქტს შეიძლება მოჰყვეს ძალიან მძიმე შედეგები რეგიონისთვის. რადიაციის ფონის ზრდასთან ერთად, ლტოლვილების უზარმაზარი ნაკადის შემოსვლაა მოსალოდნელი. 2017 წელს იქ ვიყავი და ჩემი თვალით ვნახე ევროპისკენ გადინებული სირიელების ნაკადი. მაშინ ჩართული ვიყავი ამ პროცესში. კინაღამ წალეკა ევროპა ამ ტალღამ… თავად შევესწარი, როგორ ვაჭრობდა ერდოღანი ამ ხალხის გატარება-არ გატარების თემით. მაშინ თურქეთი აღმოჩნდა მათი შემაკავებელი ბარიერის როლში. ახლა ასეთიც არ გვეყოლება არავინ. თუ ისრაელ-ირანის კონფლიქტი გაგრძელდა, დარწმუნებული იყავით, რომ ჩრდილოეთ ირანის მოსახლეობის დიდი ნაწილი დაიძრება სამხრეთ კავკასიისკენ… მათ შორის, მოგვადგებიან ჩვენც. ერთში დარწმუნებული ვარ: მასშტაბური სახმელეთო-სამხედრო ოპერაცია არ დაიწყება და გაგრძელდება ასეთი წერტილოვანი დარტყმები, მიზერული მსხვერპლით. საქმე ისაა, რომ ისრაელის დაზვერვამ იუველირულად იმუშავა საჰაერო თავდასხმის დაწყებამდე და პრაქტიკულად, მიაღწია დიდ შედეგს – სამხედრო პოტენციალის დიდი ნაწილის განეიტრალებით დაასუსტა ირანი და მიანიშნა ირანელებს, რომ მათ ეძლევათ სახელმწიფოში რეჟიმის შეცვლის კარგი შანსი. ბოლო ორი-სამი დღეა, მაქვს პირისპირ საუბრები იმ ირანელებთან, ვისზეც მიმიწვდება ხელი და ვიცი, მომენტს ელოდებიან ანტისახელისუფლებო გამოსვლების დასაწყებად. ირანში, საპროტესტო ტალღა ბოლოს 2022 წელს აგორდა, რომელიც ძალიან დიდი მსხვერპლით დასრულდა. 1500 კაცი დაიღუპა მარტო თეირანში. ახლა ის ძალა აღარ აქვს ისლამის რევოლუციის მუშაკთა კორპუსს. ირანის თავდაცვის სამინისტრო გაემიჯნა მმართველ ძალას. თან, კარგად ესმით თეირანში, რომ ისრაელის აქტივობამ გამოიწვია რყევები ირანის პერიფერიაში, სადაც ცხოვრობს არაირანელი ხალხი, რომლებიც თეირანის დასაყრდენი ვერ იქნებიან. ამიტომ, თუ ირანში შეიცვლება ხელისუფლება (შანსი 50/50-ზეა), არა მგონია, დიდი საფრთხე შეექმნას რეგიონს ლტოლვილების კუთხით. განსაკუთრებით დიდი როლი ითამაშა ირანის მოსახლეობის განწყობაზე ყოფილი შაჰის მემკვიდრის გამოჩენამ, ანუ გაჩნდა ლიდერის ხატება, რომელიც მანამდე არ ჰყავდა წინააღმდეგობის მოძრაობას. შეგახსენებთ, რომ ირანის შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი 1979 წლის ისლამური რევოლუციის შედეგად დაამხეს და ოჯახთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. მისი უფროსი ვაჟი რეზა, რომელიც ადრე მემკვიდრე პრინცის ტიტულს ატარებდა, ახლა ცხოვრობს აშშ-ში და ღიად აკრიტიკებს ისლამური რესპუბლიკის მთავრობას, თავის თავს კი დემოკრატიული და სეკულარული ირანის მომხრეს უწოდებს. სამხედრო კონფლიქტის ფონზე, ირანის უკანასკნელი შაჰის, მოჰამედ რეზა ფეჰლევის შვილიშვილის, იმან ფეჰლევის ქორწინებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ის ბრედლი შერმანზე – ებრაული წარმოშობის ამერიკელ ბიზნესმენზე დაქორწინდა, რომელიც Matternet კომპანიის, დრონების კომერციული მწარმოებლის პარტნიორობის ხელმძღვანელია. სწორედ ამ დინასტიის ირანის ტახტზე დაბრუნებაა აშშ-ის და ისრაელის სათადარიგო გეგმა.

ირმა ცეცხლაძე

  • No Comments
  • ივნისი 17, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *