18 C ბათუმი
Wednesday 18th June 2025
ფრიდრიხ მერცი – ვიმედოვნებ, მომდევნო დღეებში ამერიკა რუსეთს მორიგ სანქციებს დაუწესებს
By

ფრიდრიხ მერცი – ვიმედოვნებ, მომდევნო დღეებში ამერიკა რუსეთს მორიგ სანქციებს დაუწესებს

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცის განცხადებით, დიდი შვიდეულის ლიდერები ყველა შესაძლო ზომას, მათ შორის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გამოიყენებენ. მისივე განმარტებით, აღნიშნულისთვის ევროკავშირს ყოვლისმომცველი პაკეტი უკვე მომზადებული აქვს.
„ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას. ამაზე კონსენსუსი არსებობს არა მხოლოდ ევროკავშირში, არამედ დიდი შვიდეულის ჯგუფშიც. ჩვენ ასევე განვიხილეთ სხვადასხვა ვარიანტი შემდგომი სანქციებისთვის ამერიკულ მხარესთან. გერმანიაში ფრთხილი ოპტიმიზმით ვბრუნდები, რომ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ამერიკაშიც იქნება გადაწყვეტილებები რუსეთის წინააღმდეგ შემდგომი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. ჩვენ ყველა შევთანხმდით, რომ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია ამ ომის რაც შეიძლება სწრაფად დასასრულებლად“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა დიდი შვიდეულის სამიტის დასრულების შემდეგ, რომელიც კანადაში შედგა.
გერმანიის კანცლერმა გამოთქვა იმედი, რომ ლიდერები სამხედრო მხარდაჭერისა და სანქციების მეშვეობით რუსეთს მოლაპარაკების მაგიდასთან მისვლაში დაარწმუნებენ.
საკითხთან დაკავშირებით კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიდი შვიდეულის ლიდერებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ძალისხმევას, რომლის მიზანიც უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევაა.
„დიდი შვიდეულის ლიდერებმა აღიარეს, რომ უკრაინამ ვალდებულება აიღო უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და შეთანხმდნენ, რომ რუსეთმაც უნდა გააკეთოს იგივე. დიდი შვიდეულის ლიდერებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, შეისწავლონ რუსეთზე მაქსიმალური ზეწოლის ყველა ვარიანტი, მათ შორის, ფინანსური სანქციები. ლიდერები შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტეს, რათა განეხილათ მხარდაჭერა ძლიერი და სუვერენული უკრაინისთვის“, – აღნიშნა მარკ კარნიმ.

  • No Comments
  • ივნისი 18, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *