18 C ბათუმი
Thursday 19th June 2025
სულხან თამაზაშვილი: 2025 წელს, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რეალობაა
By

სულხან თამაზაშვილი: 2025 წელს, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რეალობაა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი მთავრობის 2024-2025 წლების საქმიანობის ანგარიშით წარდგა უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა.

მომხსენებელმა, პირველ რიგში, მთავრობის სტრატეგიულ ამოცანებსა და პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება Dდა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურიზმის მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება და ამ მხრივ, მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა. მისი განცხადებით, რეგიონში ოთხივე სეზონის გააქტიურება მთავრობის გრძელვადიანი სტრატეგია, ტურიზმის მზარდი დინამიკაა, რაც შესაბამისი სტატისტიკით დასტურდება, მზარდი შემოსავლებია რეგიონისა და მისი მოსახლეობისთვის.

მთავრობის თავმჯდომარემ ინფორმაცია წარმოადგინა ტურიზმის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საგანმანათლებლო, სპორტული, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურული და სხვა პროექტების მიმდინარეობაზე. მისი განცხადებით, ძალზე მნიშვნელოვანია `ოცნების ქალაქის~ მშენებლობის მეორე ეტაპი, რომლის დასრულების შემდეგ, 1077 ოჯახი ახალ, კეთილმოწყობილ ბინაში გააგრძელებს ცხოვრებას.

სულხან თამაზაშვილის თქმით, 2025 წელს, აჭარაში დაგეგმილია 98 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია, რომელიც 42 მიმართულებას მოიცავს. წელსვე, აჭარაში აშენდება 30 ახალი საჯარო სკოლა, მოხდება 70 სკოლის სრული რეაბილიტაცია.

თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რეგიონში წელს 350-ზე მეტი კულტურული ღონისძიება ჩატარდება, რომელშიც 4000-ზე მეტი ადამიანი იქნება ჩართული. წელსაც შეუფერხებლად გრძელდება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამები, იზრდება ბენეფიციართა რაოდენობაც. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, 2024-2025 წლებში, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების პროგრამებით გათვალისწინებული სერვისებით 90 946-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. 2025 წლის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 19.2 მილიონი ლარითაა გაზრდილი და 80.5 მილიონი ლარია.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის უმნიშვნელოვანესია სახნავ-სათესი მიწების უსასყიდლოდ დამუშავების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, აჭარაში 2 438 ჰექტარი დამუშავდა. გრძელდება ციტრუსის რეალიზაციისა და ექსპორტის ხელშემწყობი და სხვა მნიშვნელოვანი პროგრამებიც. 2024 წელს ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, 4 მილიონ ლარამდე სუბსიდია გაიცა და ექსპორტზე გავიდა 19 მილიონი დოლარის პროდუქცია. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კურორტ `გოდერძიზე~ მიმდინარე საინვესტიციო პროექტების ფარგლებში, დამატებით 1500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტით კი, ბუნებრივი აირით აჭარის სხვადასხვა სოფელში მცხოვრები 27 100 აბონენტი იქნება უზრუნველყოფილი.

სულხან თამაზაშვილის განცხადებით, მშვიდობისა და სტაბილურობის პირობებში, 2025 წელს, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა რეალობაა და ხელისუფლება ორიენტირებულია მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაზე. პირველი კვარტალის მონაცემებით, აჭარაში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მაჩვენებელმა 2,8 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 21%-ით აღემატება. ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ, მიმდინარე პროგრამებსა და სიახლეებზე საუბრის შემდეგ, მთავრობის თავმჯდომარემ უპასუხა უმაღლესი საბჭოს წევრთა კითხვებს, მოისმინა მათი გამოსვლები და შეფასებები. კანონმდებლებმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღეს.

ირმა ცეცხლაძე

  • No Comments
  • ივნისი 19, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *