18 C ბათუმი
Monday 23rd June 2025
ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი – აჭარიდან
By

ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი – აჭარიდან

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიური დოქტორი როინ მალაყმაძე, აჭარის ისტორიაში პირველიდ, საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. იგი ჩვენი სტუმარია.

– ბატონო როინ, რამდენად ელოდით ასეთ აღიარებას?

– თითოეული ჩვენგანი ცდილობს, პირადი საქმიანობით კეთილი კვალი დატოვოს. რა თქმა უნდა, ეს იყო მოულოდნელი, ამავდროულად, განსაკუთრებულად დიდი პატივი. ასეთი ნდობა არის სტიმული, რომ უფრო მეტი ვიმუშაო. ვიცე-პრეზიდენტის რანგშიც გავაგრძელებ საქართველოს ისტორიისა და ეროვნული ღირებულებების დაცვა, მის მსახურებას.

– რა მემკვიდრეობა გერგოთ, როგორც ინსტიტუტის დირექტორს?

– ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ქართველოლოგიური კვლევის ერთ-ერთი უძველესი კერაა ქვეყანაში. იგი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, 1958 წელს დაფუძნდა და დღემდე წარმატებით აგრძელებს თავის ისტორიულ მისიას. ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ძირითად საფუძვლად უდევს ეთნოგრაფიული, არქეოლოგიური, ფოლკლორულ-დიალექტოლოგიური, სოციოლოგიური და სხვა საექსპედიციო-საგამომცემლო მუშაობა აჭარაში, საქართველოს სხვა კუთხეებში (სამცხე- ჯავახეთი, გურია, სამეგრელო, სვანეთი, იმერეთი, ქართლი, კახეთი, ფშავ-ხევსურეთი, თუშეთი), თურქეთის რესპუბლიკის საზღვრებში (ართვინის ვილაიეთი) მოქცეულ ძირძველი მუჰაჯირი ქართველებით დასახლებულ რაიონებში. დღემდე 130 ექსპედიცია გაიმართა. მოძიებული მასალების საფუძველზე შეიქმნა უნიკალური სამეცნიერო ფონდი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძვირფასი მეცნიერული შენაძენია. უკვე წლებია ვხელმძღვანელობ ამ დაწესებულებას. მარტივი არაა ასეთი დიდი სამეცნიერო მემკვიდრეობისა და ისტორიის მქონე დაწესებულების მართვა. ყველანაირად ვცდილობ, ინსტიტუტის სამეცნიერო გუნდთან ერთად, წარმატებით გავაგრძელო სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა.
– საკმაოდ გრძელია იმ მეცნიერული კვლევების სია, რომლებიც ბოლო წლებში ინსტიტუტის მეცნიერების აქტიურობით გამოქვეყნდა. მათ შორის რომელია უმთავრესი?

– ინსტიტუტის ეგიდით გამოცემული ყველა სამეცნიერო კვლევა, სიახლის შემცველი და მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ყურადსაღებია გამოცემები: „სამხრეთ დასავლეთ საქართველოს ისტორიის ნარკვევები“ (ოთხტომეული), „აჭარული საუნჯე“ (6 ტომი), „წერილები სტამბოლის ქართული სავანიდან“ (სამტომეული), „ბათუმი – წარსული და თანამედროვეობა“ (12 ტომი); „ჩვენი სულიერების ბალავარი“ (12 ტომი), ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის მუზეუმში დაცული მონეტების კატალოგი, „აჭარის ისტორია უძველესი დროიდან თანამედროვეობამდე, „წიგნი-ალბომი „აჭარა“ და „ეთნოგრაფიული აჭარა“. ასევე აღსანიშნავია ცალკეულ ავტორთა ნაშრომებიც, ამასთანავე, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალათა კრებული „შავი ზღვისპირეთის ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე“. უკვე გამოვიდა ნაშრომთა ორი ტომი. სწორედ, ჩვენმა მომზადებულმა სამეცნიერო ჟურნალმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა. იგი უკვე ინდექსირებულია Erihplus-ის სამეცნიერო ბაზაში. ეს არის პირველი შემთხვევა აჭარაში, როცა სამეცნიერო კონფერენციის მასალათა კრებული ევროპულ სამეცნიერო ბაზაშია რეგისტრირებული.

– იმ მეცნიერთა და მკვლევართა რიგებში ხართ, რომლებიც სარფს იქითა საქართველოს ისტორიას, იქ მცხოვრები ჩვენებურების ეთნოსსა და წეს-ჩვეულებებს იკვლევენ. ამ ეტაპზე რა თემაზე მუშაობთ?

– ჩემი კვლევის ინტერესების სფეროა სამხრეთ-დასავლეთ საქართველო, განსაკუთრებით, თურქეთის ფარგლებში დარჩენილ ქართველთა ისტორია, ეთნოლოგია და თანამედროვეობა. პირველად ამ მიზნით, 1996 წელს ვიმყოფებოდი თურქეთის საქართველოში. მალე 30 წელი შესრულდება, რაც ამ თემით ვარ დაინტერესებული

– საინტერესო მონოგრაფიაა „ზედა მაჭახელი“.

– ეს ისტორიულ-ეთნოლოგიური და დიალექტოლოგიური გამოკვლევაა. მასზე ჩემს მეგობრებთან ერთად ვიმუშავე. წიგნის ავტორები არინ ასევე აღიარებული მკვლევრები: ნაილა ჩელებაძე, ელზა ფუტკარაძე, იაშა თანდილავა. ნაშრომი დაეფუძნა საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტის მიერ 2015 წლის აგვისტოში ზედა მაჭახელში განხორციელებული კომპლექსური ექსპედიციისა და ჩემს მიერ ინდივიდუალურ ექსპედიციებში მოპოვებულ მასალებს. იგი დააფინანსა სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა მეუფე სპირიდონმა, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო.

– რამდენად არიან ჩართულები ახალგაზრდა მკვლევრები იმერხევში დარჩენილი ისტორიული ძეგლებისა და სხვა საკითხების კვლევაში?

– ჩვენი ინსტიტუტი მაქსიმალურად ცდილობს ახალგაზრდა მეცნიერები სამეცნიერო საქმიანობით დააინტერესონ. ამას კიდეც ვახერხებთ, რისი ნათელი მაგალითიცაა ჩვენი (ნოდარ კახიძე, სულხან მამულაძე, როინ მალაყმაძე) ახალი მონოგრაფია „ისტორიისა და კულტურის ძეგლები მაჭახლის ხეობაში“, რომლის ერთ-ერთი თანაავტორია ახალგაზრდა მკვლევარი სულხან მამულაძე. ამ წიგნში შესულია მრავალი დღემდე უცნობი ისტორიული და კულტურული ძეგლი, რომელიც სწორედ თურქეთის მაჭახელში მდებარეობს. ახალგაზრდა მკვლევრები დაუზარებლად, ენთუზიაზმით არიან ჩართული ჩვენს ყველა ძირითად სამეცნიერო ექსპედიციასა და კვლევაში.

– ამაგს ვერ დავუკარგავთ ემერიტუს პროფესორ შუშანა ფუტკარაძეს. მის საქმიანობას როგორ შეაფასებთ?

– ქალბატონი შუშანა ჩვენი დიდი მასწავლებელი და გზამკვლევია. იგი აღიარებულია როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. მის კვლევებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული ენისა და კულტურის შესწავლაში, ასევე, მისივე საქმიანობა ხელს უწყობს ქართული დიალექტების, ფოლკლორის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას. მისი ხელმძღვანელობით წლებია ვიკვლევთ სტამბოლის ქართული სავანის ბიბლიოთეკასა და არქივს. გამოიცა მასალათა კრებულები. გასულ წელს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტმა დაბეჭდა ქალბატონ შუშანა ფუტკარაძის „ჩვენებურების ქრთულის“ მესამე ტომი.

– საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიას ფრიად საპატიო პიროვნება უდგას სათავეში. მის დამსახურებაზე რას გვეტყვით?

– ბატონი როინ მეტრეველი ერთ-ერთი წამყვანი ქართველი ისტორიკოსია. მისი მოღვაწეობა აღიარებულია როგორც სამეცნიერო, ისე საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ სფეროებში. ბატონი როინის ღვაწლმა დიდად შეუწყო ხელი საქართველოს ისტორიის სიღრმისეულ კვლევას, განათლების სისტემის განვითარებას და მეცნიერების პოპულარიზაციას. მთელი მისი მოღვაწეობა პროფესიონალიზმის, ერთგულებისა და ქვეყნის მსახურების საუკეთესო მაგალითია. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს მინდა საჯაროდ გადავუხადო მადლობა. ბატონ როინს დიდად უყვარს აჭარა, მისი მცხოვრებლები, ჩვენი მხარის საფუძვლიანი კვლევა, მნიშვნელოვანი სამეცნიერო პროექტების განხორციელება და პოპულარიზაცია. ეს არის ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგი.

– მეცნიერულ კვლევებს აქტიურად უთავსებთ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობას. მაჭახლის ხეობის მკვიდრს, მის მომავალ სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაზე რა მოსაზრება გაქვთ?

– ჩემი საზოგადოებრივი და პოლიტიკური აქტიურობა წლების წინ იღებს სათავეს. მთავარი მიზანია, ხეობაში წამოჭრილი და განხორციელებული ყველა საქმე საზოგადოებას, ხალხს და ჩვენი სამშობლოს მომავალს უკავშირდებოდეს, ყველაფერი გაკეთდეს ისე, რომ ხეობის ღირსეულად წარმოჩენასა და პოპულარიზაციას, მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყოს ხელი. ჩემი და ჩემი მეგობრების ინტერესებშია, დამოუკიდებელი საქართველოს როლისა და ავტორიტეტის გაძლიერებაში მაჭახელის ხეობამაც თავისი სიტყვა თქვას.

– რაა მთავარი, რომ თქვენს მიერ წამოწყებულმა სახალხო დღესასწაულმა „მაჭახლობამ“ თავისი დანიშნულება შეასრულოს?

ნებისმიერი სახალხო დღესასწაული არ უნდა კარგავდეს საზოგადოებრივ ხასიათს, მოსახლეობა აქტიურად უნდა იყოს ჩართული მასში. ეს უნდა იყოს საყოველთაო ზეიმი. უკეთესი იქნება, მის მომზადებასა და განხორციელებაში საზოგადოებრივად აქტიური პირები თუ ჩაერთვებიან.

– საიუბილეო თარიღი გაქვთ, 50 წლის მეცნიერის უახლოესი გეგმები როგორია?

– ასაკთან ერთად საქმეც მატულობს. სამომავლოდ გვსურს ყველა დაწყებული საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტის დასრულება. განსაკუთრებით საინტერესოა ჩემთვის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო პროექტის – „ოფიციალური ისტორიიდან გარიყული მეხსიერება: 1951-1952 წლების რეპრესიები აჭარაში“ წარმატებით დასრულება, რადგან ჩემი ოჯახის წევრებიც ამ უსაფუძვლო რეპრესიების მსხვერპლნი არიან.

– დაბოლოს, ვისგან მიიღეთ პირველი მოლოცვა, როცა ვიცე-პრეზიდენტად აგირჩიეს?

– პირველი, ისევ ბატონმა როინ მეტრეველმა მომილოცა, შემდეგ საქართველოს თითქმის ყველა გამორჩეული და წარმატებული მეცნიერისგან, ისტორიკოსისგან ვიღებდი გულთბილ მოლოცვებს და კვლავ ვიღებ.
მინაწერი: ბატონი როინი იმ პიროვნებების რიგებშია, რომლებიც გაზეთ„აჭარასთან“ თანამშრომლობენ. რედაქციის ჟურნალისტები ვულოცავთ მას დაბადებიდან 50 წლისთავს და მორიგ აღიარებას, ახალი სიმაღლეების დაპყრობას ვუსურვებთ საქართველოს ისტორიის კვლევას.

  • No Comments
  • ივნისი 19, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *